Aa
Aa

"მილანის გოლის მომენტში ჯარიმა იყო" - რა თქვა პირლომ მატჩის შემდეგ

იტალიის სერა ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. გათამაშების ლიდერმა "მილანმა" მოქმედ ჩემპიონს ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა. "ბიანკონერიმ" "როსონერი" 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

""მილანთან" დაპირისპირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ არ გვაინტერესებს იმ გუნდების შედეგები, რომლეიც სატურნირო ცხრილში ჩვენზე მაღლა არიან. ჩვენ მხოლოდ "იუვენტუსის" პროგრესი გვაღელვებს. რამდენიმე თვეში ყველა ნახავს სადაც ვიქნებით.

მნიშვნელოვანი გუნდის სულისკვეთება იყო. ჩემმა ბიჭებმა შესანიშნავი ხასიათი გამოავლინეს და ლიდერის წინააღმდეგ განსაკუთრებული მონდომებით იასპარეზეს.

ჩვენს ტაქტიკაში მნიშვნელოვანი დეტალი კიეზას როლი იყო. მას დავავალე, რომ ტეო ერნანდესისთვის წინ წამოსვლის საშუალება არ მიეცა. ტეო ამას ხშირად აკეთებს და "მილანს" შეტევაში ძალიან ეხმარება. 

ძალიან გამიმართლა, რომ ღრმა შემადგენლობა მყავს. თავისუფლად შემიძლია როტაციას მივმართო და სხვადასხვა გუნდს სხვადასხვა ტაქტიკით დავუპირისპირდე.

ძალიან გვჭირდება, რომ დიბალამ ფიზიკური კონდიციები 100 პროცენტით აღიდგინოს. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში გარკვეული მიზეზების გამო მოწოდების სიმაღლეზე არ იმყოფება.

ვფიქრობ, მეტოქის გოლის ეპიზოდში ჯარიმა იყო. ჩალჰანოღლუმ თამაშის წესები დაარღვია. დანილო უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო და კალაბრიასთვის სივრცე არ უნდა დაეტოვებინა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ეპიზოდი ჯარიმით დაიწყო და მსაჯმა რეაგირება არ მოახდინა." - განაცხადა პირლომ

წაგების მიუხედავად "მილანი" მაინც პირველ ადგილზე დარჩა, რადგან მისმა უშუალო კონკურენტმა "ინტერმა", საკუთარი მატჩი სამპდორიასთან 1:2 დათმო. ამრიგად, იტალიის სერია ა-ს "როსონერი" 37 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილს "ნერაძური" იკავებს. მესამე პოზიციაზე კარგი თამაშის ფონზე "რომა" აღზევდა, ხოლო მეოთხეზე კი "იუვენტუსია" 30 ქულით, თუმცა "ბებერ ქალბატონს" 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები