Aa
Aa

"ბიჭებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს" - რა თქვა პიოლიმ მატჩის შემდეგ

იტალიის სერა ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. გათამაშების ლიდერმა "მილანმა" მოქმედ ჩემპიონს ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლა. "როსონერი" "ბიანკონერისთან" 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.

"ჩვენ ზუსტად იმას ვაკეთებდით რაც გვჭირდებოდა. შევქმენით არაერთი შანსი, თუმცა მხოლოდ 1 გოლის გატანა მოვახერხეთ. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ყველაფერი გართულდა.

აუცილებლად შევისწავლით დაცვაში არსებულ პრობლემებს და გამოვასწორებთ. მიხარია, რომ გუნდი ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებას გულმოდგინედ და ენთუზიაზმით შეხვდა.

როდესაც ანგარიში 1:1 იყო, შესნიმ დალოს საკმაოდ რთული ბურთი აუღო. იმ მომენტში დაწინაურება შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. ამის შემდეგ მეორე გოლი გავუშვით და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ბევრ გუნდს გაუჭირდებოდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების გარეშე თამაში, თუმცა მატჩის უმეტესი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ჩემი ბიჭები დანაკლისს არ შეუშინდნენ და თავდაუზოგავად იბრძოლეს. ყველამ ნახა, თუ რამდენი ფეხბურთელი გვაკლდა.

იბრაჰიმოვიჩი თავს ბევრად უკეთესად გრძნობს. მე მას ყოველდღე ვაკვირდები და ის სულ მალე დაბრუნდება. ზლატანი "კალიარისთან" მატჩისთვის მზად იქნება. ვიმედოვნებ სხვა ფეხბურთელებიც მალე დაბრუნდებიან." - განაცხადა პიოლმა

წაგების მიუხედავად "მილანი" მაინც პირველ ადგილზე დარჩა, რადგან მისმა უშუალო კონკურენტმა "ინტერმა", საკუთარი მატჩი სამპდორიასთან 1:2 დათმო. ამრიგად, იტალიის სერია ა-ს "როსონერი" 37 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილს "ნერაძური" იკავებს. მესამე პოზიციაზე კარგი თამაშის ფონზე "რომა" აღზევდა, ხოლო მეოთხეზე კი "იუვენტუსია" 30 ქულით, თუმცა "ბებერ ქალბატონს" 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები