Aa
Aa

სეტონ ჰოლის კატასტროფული მარცხი - მამუკელაშვილმა 14 ქულა ჩააგდო

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა. გამთენიისას, „მეკობრეები“ Big East-ის კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს, „კრეიტონს“ დაუპირისპირდნენ და 89-53 განადგურდნენ.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 29 წუთი გაატარა და საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. „მამუმ“ აქტივში 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 5 ბურთი ჩააგდო, 1 სამქულიანი მიითვალა და სამივე საჯარიმო გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ სანდროს გარდა, 10-ქულიანი ნიშნული „სეტონ ჰოლის“ მხოლოდ ერთმა კალათბურთელმა, ჯარედ როდენმა გადალახა, „მეკობრეების“ დანარჩენმა მოთამაშეებმა კი მხოლოდ 29 ქულა დააგროვეს.

„კრეიტონთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ, მამუკელაშვილის გუნდს 8 მოგება და 5 მარცხი აქვს. „სეტონ ჰოლი“ მომდევნო შეხვედრას 9 იანვარს გამართავს და „დეპოლს“ გაეჯიბრება, რომელსაც 3 მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ ერთში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები