მორიგი ცუდი ამბავი - მილანს რებიჩი და კრუნიჩიც გამოაკლდა
Aa
Aa

მორიგი ცუდი ამბავი - მილანს რებიჩი და კრუნიჩიც გამოაკლდა

იტალიის სერია ა-ში დღეს ცენტრალური დაპირისპირებაა. გათამაშების ლიდერი "მილანი" მოქმედ ჩემპიონს ტურინის "იუვენტუსს" მასპინძლობს.

"როსონერის" საკადრო პრობლემები აქვს. გუნდს იბრაჰიმოვიჩი, ბენასერი, გაბია, ტონალი და საელმეკერსი ვერ ეხმარებიან. დღეს კი "მილანის" ოფიციალურმა გვერდმა ახალი ინფორმაცია გაავრცელა. კლუბს ტურინელებთან მატჩამდე რადე კრუნიჩი და ანტე რებიჩიც არ ეყოლება. მიზეზი კოროანვირუსია.

თავისმხრივ, "იუვენტუსსაც" აქვს შემადგენლობასთან დაკავშირებული პრობლემები. ალექს სანდრო და ხუან კვადრადო კოვიდ ინფექციით დაინფიცირდნენ, ხოლო ალვარო მორატამ კი ვარჯიშზე დაზიანება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" "იუვენტუსთან" მატჩს წაუგებლად ხვდება და ყველანაირად ეცდება, რომ ეს კარგი სერია არ შეწყვიტოს. 15 ტურის შემდეგ "როსონერის" 37 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. 11 მოგება 4 ფრე, 34 გატანილი და 16 გაშვებული გოლი - ასეთია პიოლის გუნდის შედეგი.

"ბიანკონერის" "მილანზე" 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 27 ქულით მე-5 პოზიციაზეა. პირლოს შეგირდებმა 7-ჯერ გაიმარჯვეს, 6 ფრეს დასჯერდნენ და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. 29 გატანილი და 14 გაშვებული გოლი - ასეთია "ბებერი ქალბატონის" შედეგი.

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება 7 ივლისს "სან სიროზე" გაიმართა. "მილანმა" მეორე ტაიმში 2 გოლი გაუშვა და 0:2-ს აგებდა, თუმცა პიოლის ბიჭებმა საოცარი "ქამ-ბექი" შემოგვთავაზეს და ტურინელებს 4 გოლი გაუტანეს. შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს 6 იანვარს თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები