Aa
Aa

"პირლოს ჯადოსნური ჯოხი არ აქვს" - ანჩელოტიმ მილანი-იუვეზე ილაპარაკა

„მილანისა“ და „იუვენტუსის“ დღეს გასამართი მატჩი იტალიური სპორტული მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. Gazzetta dello Sport-ი კარლო ანჩელოტის დაუკავშირდა და ყოფილი გუნდების შესახებ აზრი ჰკითხა.

„პიოლი კარგად მუშაობს და „მილანს“ სათამაშოდ ნათელი იდეები აქვს. ზლატანის არყოფნა გუნდისთვის იყო გამოცდა, რომელიც პოზიტიურად ჩააბარეს. რაც შეეხება პირლოს, მას ჯადოსნური ჯოხი არ აქვს, მაგრამ „ბარსელონასთან“ 3:0 მოიგო და ლიგის პლეი-ოფში გავიდა, ამის გაკეთება კი ყველას არ შეუძლია.

„მილანს“ აქვს შანსი, საკუთარი სვლა გააგრძელოს, „იუვეს“ კი შეუძლია, რეაბილიტაცია მოახდინოს და ვითარება შედარებით გამოიკეთოს. მილანელებმა დაამტკიცეს, რომ იბრაჰიმოვიჩზე დამოკიდებულები არ არიან, ხოლო ტურინელებმა აჩვენეს, რომ ერთიანი გუნდი ჰყავთ.

რაც შეეხება „სკუდეტოსთვის“ ბრძოლაში ფავორიტებს, ჩემი აზრით, ეს 3 ცხენის დოღია - „მილანის“, „ინტერისა“ და „იუვენტუსის“. ასევე „ნაპოლის“ აქვს რესურსი, რომ მათ კონკურენციაში ჩაერიოს და „რომაც“ სოლიდურად გამოიყურება“.

სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალური მატჩის მონაწილეებს საკადრო პრობლემები აქვთ. „როსონერის“ იბრაჰიმოვიჩის გარდა, ბენასერი, სელმაიკერსი, გაბია და ტონალი აკლია, „ბიანკონერის“ მხრიდან კი მორატა, ალექს სანდრო და კუადრადო ვერ ითამაშებენ.

„მილანი“ ჩემპიონატს 1-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, „იუვეს“ კი მასზე 1 თამაშითა და 10 ქულით ნაკლები აქვს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები