Aa
Aa

ლამპარდის ნაცვლად შევჩენკო? - ჩელსიში ახალ მწვრთნელზე ფიქრობენ

ევროპული პრესა ლონდონის „ჩელსიში“ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებებზე საუბარს არ წყვეტს და ფრენკ ლამპარდის პოტენციურ შემცვლელად ანდრეი შევჩენკოს ასახელებს.

The Sun-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ლამპარდის ხელმძღვანელობით უახლოეს პერიოდში „ლურჯებმა“ შედეგები არ გააუმჯობესეს, „სუპერ ფრენკის“ მოხსნიან და გუნდის შევჩენკოსთვის ჩაბარებას შეეცდებიან.

მეორე მხრივ, ფრანგული Le10sports-ი გვამცნობს, რომ ლამპარდის შეცვლის ყველაზე სავარაუდო კანდიდატი სწორედ 44 წლის უკრაინელია, რომელსაც ლონდონურ გრანდთან კარგი ურთიერთობა აქვს. „შევას“ 14 წლის შვილი, კრისტიანი, „ჩელსის“ აკადემიაში ირიცხება, კლუბის პრეზიდენტ რომან აბრამოვიჩს კი უკრაინელ ვარსკვლავთან კარგი დამოკიდებულება აქვს.

თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი პრობლემაც, რაც შევჩენკოს ამჟამინდელ სამსახურს უკავშირდება. იგი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, თანაც, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა და ფინალურ ეტაპამდე პოსტის დატოვება პრაქტიკულად გამორიცხული ამბავია.

ასე რომ, ვნახოთ, რამდენად გააუმჯობესებს შედეგებს ლამპარდის ფორმაციის „ჩელსი“ და რამდენად დასჭირდებათ შევჩენკოს კანდიდატურაზე მუშაობა ლონდონელთა ხელმძღვანელებს.

„არისტოკრატები“ პრემიერ ლიგის ოთხეულიდან ამოვარდნენ და მას ახლა 3 ქულით ჩამორჩებიან. ასევე, კონკურენტ „ტოტენჰემზე“ – 1-ით, ხოლო „სიტიზე“ 2-ით მეტი მატჩი აქვთ ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები