კობიაშვილი: „2021 წელს ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც არ აიღებს
Aa
Aa

კობიაშვილი: „2021 წელს ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც არ აიღებს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველ არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ 2021 წელს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც არ მიიღებს.

„ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის დღიდან ვიძახით, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, სახელმწიფოდან უფრო და უფრო ნაკლები თანხები მივიღოთ. ეს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამით ყველა ფედერაცია ფინანსდება და გარკვეული თანხა წინასწარ დამტკიცებული გვქონდა. ასე იყო, მაგალითად, გასულ წელსაც – მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და 6,7 მილიონიდან 4,2 მილიონი ავითვისეთ. მანამდე იყო წლები, როდესაც ასევე გაცილებით ნაკლები გამოვიყენეთ. ანუ ამ გადაწყვტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით – ფეხბურთის ფედერაციამ და მიმაჩნია, ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოთ დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ. ბოლო წლებში მსგავს პრეცედენტს ვერ გავიხსენებ. ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად იმიტომაც გადავდგით, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სახელმწიფოს ვუხარით, რომ არ გვინდა ის 6,7 მილიონი, რომელიც წინასწარ გვქონდა დამტკიცებული. კონსულტაციები გვქონდა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და გადაწყვეტილება წინასწარ ვაცნობეთ“.

კითხვაზე აისახება თუ არა ეს ნაკრებზე უარყოფითად კობიაშვილმა განაცხადა: „ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ – ეს არ ეხება კლუბების დაფინანსებას. ფეხბურთის ფედერაცია არაა ამაზე პასუხისმგებელი და შესაბამისად, ამაზე უარსაც ვერ იტყვის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების ნაწილზე ვსაუბრობთ. გვაქვს იმის რესურსი, რომ შემოსული თანხებით ფედერაციის საქმიანობა უზრუნველვყოთ. გვყავს სპონსორები და ამისთვის მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. გვგონია, რომ ძალიან სწორი და გამართლებული გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, ეს არაა შემთხვევითი. ამას სულ ვამბობდით და ეს საქმით დავადასტურეთ.

მესმის იმ ადამიანების, ვინც ზოგადად ამ საკითხებში ჩახედული არაა და ჰგონია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ხალხის ფულს ხარჯავდა. რეალურად, თანხები ფეხბურთის ფედერაციის არც ერთ თანამშრომელს არ ხმარდებოდა და მიზნობრივად იხარჯებოდა. თანაც ვიმეორებ, ამ სახსრებს ჩვენ მიზანიმართულად სრულად არ ვითვისებდით და ვცდილობდით, საკუთარი ძალებით სხვა ფინანსური რესურსები მოგვეზიდა და მათ ხარჯზე გვეარსება. ბოლო ათწლეულებში პირველად მოხდება, რომ ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული არ იქნება“.

ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციას 6,7 მლნ ლარი ერიცხებოდა. ეს თანხები სხვადასხვა ასაკის საქართველოს ნაკრებების მომზადებას, მგზავრობას და სხვა საჭიროებას ხმარდებოდა. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება არ შეუწყდება ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლითაც საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება.

მომზადებულია 1tv.ge-ის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები