უცნობი ამბავი - ბრძოლა, რომელიც ბევრის აზრით, ხაბიბმა წააგო
Aa Aa

უცნობი ამბავი - ბრძოლა, რომელიც ბევრის აზრით, ხაბიბმა წააგო

ხაბიბ ნურმაგომედოვმა 24 ოქტომბერს, ჯასტინ გეიჯი იოლად დაამარცხა და კარიერაში 29-ე გამარჯვება გაიფორმა. ბრძოლის შემდეგ მან განაცხადა, რომ UFC-ში ბოლოჯერ იასპარეზა და ოქტაგონს დაუმარცხებლის სტატუსით დაემშვიდობა.

დღეს მოგიყვებით ბრძოლაზე, რომელიც ექსპერტების აზრით ხაბიბმა დათმო და გრაფაში წაგების ადგილას ერთიანი უნდა ეწეროს.

2012 წლის 7 ივლისს, UFC-ში გამართულ მეორე ბრძოლაში ხაბიბი გლეის ტიბაუს დაუპირისპირდა. ნურმაგომედოვმა, მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა, მაგრამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა. გეიჯის, ფერგიუსონსა და ტიბაუს მიაჩნიათ, რომ დაპირისპირება  ბრაზილიელის გამარჯვებით დასრულდა, თანაც იმ მომენტში საკუთარ გამარჯვებაში ეჭვი ხაბიბსაც შეეპარა, რაც რეაქციაზე შეეტყო კიდეც.

ეს ბრძოლა ნამდვილად ძალიან დაძაბული გამოდგა. ჯო როგანმა და მარკ გოლდბერგმა, რომლებიც ამ დაპირისპირებას კომენტარს უკეთებდნენ, ჩხუბის დასრულების შემდეგ გამარჯვება ტიბაუს მიანიჭეს.

„ეს იქნება დიდი გამოცდილება ახალგაზრდა მებრძოლისთვის. გამოხვიდე და იბრძოლო ისეთ სპორტსმენთან, როგორიც ტიბაუა, მარტივი არ არის. არაუშავს, ის ოქტაგონზე უფრო ძლიერი დაბრუნდება“, - როგანმა ეს სიტყვები პირდაპირი ეთერისას თქვა.

ამ ყველაფრის ფონზე, მსაჯების აზრით, გამარჯვება ხაბიბს უნდა დარჩენოდა და მათ ის მას მიაკუთვნეს კიდეც.

„სანამ შედეგებს გამოაცხადებდნენ, 80% დარწმუნებული ვიყავი, რომ მოგებას ტიბაუს მისცემდნენ. ის ვეტერანია და UFC-ში წლებია ასპარეზობს, როდესაც ბრძოლის ჩანაწერს ვუყურე, მივხდი, რომ გამარჯვებული მე ვიყავი იმიტომ, რომ მიმდინარეობა ჩემს ხელში იყო, მაგრამ როდესაც ჩემი ხელი მაღლა აწიეს, ვერ წარმოიდგენთ, თავში და გულში რა ემოცია მქონდა“, -ამბობდა ხაბიბი.

დღეს, ნურმაგომედოვს ყველა აღნიშნულ ბრძოლას უხსენებს. პირველი ამ თემაზე ლაპარაკი ტონი ფერგიუსონმა დაიწყო.

„ხაბიბი აბსოლუტურად დაუცველია. შეხედეთ მის ბრძოლას ტიბაუსთან და შემდეგ გაიხსნეთ, რა ვუქენი მე ბრაზილიელს. ჩემი აზრით, ხაბიბმა ტიბაუსთან წააგო“, - განაცხადა ტონიმ.

ფერგიუსონისა და ტიბაუს ბრძოლა 2015 წელს გაიმართა. ამერიკელმა მებრძოლმა მეტოქე 2,5 წუთში გაგუდა.

„ჩემი წონა 95 კილოგრამი იყო, ბრძოლისთვის 12 კგ. დავიკელი და ოქტაგონზე ყოფნისას დაახლოებით 83-84 კგ.-ს ვიწონიდი“, - იხსენებს ტიბაუ.

„ეს იყო მისი მეორე ბრძოლა. ხაბიბი 77 კგ.-ს იწონიდა. მეტოქესა და მას შორის 8-კილოგრამიანი სხვაობა იყო. ეს ხომ საერთოდ სხვა წონითი კატეგორიები და სხვა შესაძლებლობებია. მას შემდეგ დიდი გამოცდილება შევიძინეთ და ბევრი ვისწავლეთ. მას შემდეგ ყოველთვის დიეტოლოგის რჩევებს ვითვალისწინებთ“, - განახცადა 2019 წელს ხაბიბის მამამ, აბდულმანაპმა.

გამოდის, რომ ახალგაზრდა ხაბიბმა ვერ შეძლო მეტოქის პარტერში გადაყვანა და ასევე ტიბაუს არაფრის შანსი არ მისცა. გამოცდილი ბრაზილიელი თავის 35-ე ბრძოლას მართავდა და ასევე, იმ პერიოდში ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს შავ ქამარს ფლობდა.

„აწონვების დროს გლეისონი ძალინ დიდი მომეჩვენა. ვფიქრობდი, საერთოდ წონა როგორ ჩააბარა-მეთქი. მეორე დღეს ოქტაგონზე ის კიდევ უფრო დიდი მეჩვენა“, - იხსენებს ხაბიბი. 

მეორე მიზეზი, რომელსაც ხაბიბის მარცხის მიზეზად ასახელებენ, დარტყმებია. ბრაზილიელმა სპორტსმენმა ბრძოლის დროს მეტოქეს 110-ჯერ მოუქნია, მათგან ზუსტი 46 გამოვიდა. ხაბიბს კი 112-დან მხოლოდ 33 ზუსტი დარტყმა ჰქონდა. თუმცა, აქ ბევრი მნიშვნელოვანი რამ არსებობს: ბრძოლის კონტროლი, პრესინგი ოქტაგონის ცენტრსა და გისოსებთან.

პირველი რაუნდის სტარტიდანვე ხაბიბი ცდილობდა, მეტოქე პარტერში გადაეყვანა, თუმცა ეს მცდელობები გისოსზე კონტროლის აღებით მთავრდებოდა. მთელი ბრძოლის განმავლობაში იგი ტიბაუს გისოსს 4 წუთითა და 26 წამით აკონტროლებდა, ხოლო ბრაზილეიელის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 17 წამი იყო.

ზუსტად ამ გათვლებითაა, რომ აღნიშნულ ბრძოლაში გამარჯვება ხაბიბ ნურმაგომედოვს ჩაუთვალეს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ კავკასიელმა სპორტსმენმა თანაბარ ბრძოლაში გაიმარჯვა და არა - როგორც მას ჩვევია, მეტოქეზე დომინირებით.

„ყველა ამ ბრძოლას იხსენებს. დღეს ყველაფერი ნათელია - მე იმ ბრძოლაში გავიმარჯვე. ახლა მე და ხაბიბი ვმეგობრობთ. ერთხელ მას ვუთხარი: „ხაბიბ, შენ ის ბრძოლა წააგე“, რაზეც მიპასუხა „ააა, კი, კი, შესაძლებელია“. მართლაც ძალიან დაძაბული დაპირისპირება გამოდგა. მე ერთდერთი ვარ, ვინც მან პარტერში ვერ გადაიყვანა, ამიტომაც გამარჯვებული მე ვარ“, - განაცხადა ტიბაუმ.

მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, ფაქტი სახეზეა - 29:0!!! ლეგენდარულმა „არწივმა“ ოქტაგონი დაუმარცხებელმა დატოვა. ვეტერან ტიბაუს კი ხაბიბმა, შესაძლოა (ან ალბათ), ხასიათი არ გაუფუჭა.

გაზიარება: