მილანი Vs იუვენტუსი - დიდი მატჩი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშე
Aa
Aa

მილანი Vs იუვენტუსი - დიდი მატჩი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშე

ოთხშაბათს 6 იანვარს იტალიის სერია ა-ში მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართება. გათამაშების ლიდერი "მილანი" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს. "როსონერი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია და ჩემპიონატს დამსახურებულად ლიდერობს. "ბებერი ქალბატონი" კი ნელ-ნელა შედის ფორმაში და მათი თამაში სულ უფრო კარგი ხდება.

ორივე გუნდი ამ ძალზედ მნიშვნელოვან მატჩს დანაკლისებით ხვდება. ახალი არ არის, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს და შვედი ტურინელებს ვერ შეუტევს. პიოლის გუნდს სხვა ფეხბურთელებიც არ ეყოლება. საქმე ისმაილ ბენასერს, ალექსის საელმეკერსის, მატეო გაბიას და სანდრო ტონალის ეხებათ. ბენასერმა ყველა ტურნირზე ერთად 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ის "მილანის" შეუცვლელი წევრია. პიოლის მისი ჩანაცვლება ძალიან გაუჭირდება.

ტონალი "ბენევენტოსთან" მატჩში გააძევეს და დისკვალიფიკაცია აქვს. რაც შეეხება საელმეკერსის, ბელგიელს ბარძაყის კუნთის პრობლემები აქვს და გუნდს 22 დეკემბრის შემდეგ ვერ ეხმარება. გაბია კი 13 დეკემბრის შემდეგ მუხლის ტრავმას მკურნალობს.

რაც შეეხება "იუვენტუსს", სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექს სანდროს კორონავირუსი დაუდგინდა და "როსონერის" წინააღმდეგ არ იქნება. ანდრეა პირლოს ძალიან კარგ ფორმაში მყოფი ალვარო მორატაც არ ეყოლება, რადგან ესპანელმა თავდამსხმელმა ვარჯიშზე კუნთის დაზიანება მიიღო. ალვაროს არ ყოფნა დიდი დანაკლისია, რადგან, როგორც უკვე მოგახსენეთ ის შესანიშნავ ფორმაშია და იუვეში დაბრუნების შემდეგ ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა, თუმცა განსხვავებით "მილანისგან" "ბებერ ქალბატონს" მისი შემცვლელის მოძებნა არ გაუჭირდება.

"მილანი" "იუვენტუსთან" მატჩს წაუგებლად ხვდება და ყველანაირად ეცდება, რომ ეს კარგი სერია არ შეწყვიტოს. 15 ტურის შემდეგ "როსონერის" 37 ქულა აქვს და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. 11 მოგება 4 ფრე, 34 გატანილი და 16 გაშვებული გოლი - ასეთია პიოლის გუნდის შედეგი.

"იუვენტუსს" "მილანზე" 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 27 ქულით მე-5 პოზიციაზეა. პირლოს შეგირდებმა 7-ჯერ გაიმარჯვეს, 6 ფრეს დასჯერდნენ და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. 29 გატანილი და 14 გაშვებული გოლი - ასეთია "ბებერი ქალბატონის" შედეგი.

ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება 7 ივლისს "სან სიროზე" გაიმართა. "მილანმა" მეორე ტაიმში 2 გოლი გაუშვა და 0:2-ს აგებდა, თუმცა პიოლის ბიჭებმა საოცარი "ქამ-ბექი" შემოგვთავაზეს და ტურინელებს 4 გოლი გაუტანეს. შეგახსენებთ, რომ მატჩი 6 იანვარს თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები