დიდი აღიარება - მამუკელაშვილი Big East-ის კვირის საუკეთესო კალათბურთელია
Aa
Aa

დიდი აღიარება - მამუკელაშვილი Big East-ის კვირის საუკეთესო კალათბურთელია

„სეტონ ჰოლის“ ქართველი მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის კვირის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. „მამუმ“ „მეკობრეებს“ 2-დან 2 შეხვედრა მოაგებინა და მიმდინარე სეზონში ეს ჯილდო პირველად დაისაკუთრა.

„კვირის განმავლობაში სეტონ ჰოლმა 2-დან 2 მატჩში იმარჯვა და ქსავიერი და ბატლერი დაამარცხა. მამუკელაშვილი კი საშუალოდ 21 ქულა, 8 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. სეტონ ჰოლის მეოთხეკურსელმა ქსავიერთან 85-68-ით მოგებულ შეხვედრაში თავის გუნდში ყველაზე მეტი, 18 ქულა ჩააგდო და 7 მოხსნა და 3 ჩაჭრაც გაიფორმა.

ბატლერთან დაპირისპირებაში, რომელშიც სეტონ ჰოლმა 68-60 იმარჯვა, მამუკელაშვილი 24 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და აქტივში 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა. მიმდინარე სეზონში მამუ საშუალოდ 18.2 ქულას აგროვებს“, - წერს Big East-ის კონფერენციის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ Big East-ის კონფერენცია სიმბოლურ ხუთეულს ცალკე, ხოლო კვირის საუკეთესო კალათბურთელსა და ახალწვეულს ცალკე ასახელებს. „მამუ“ მიმდინარე სეზონში სიმბოლურ ხუთეულში უკვე 3-ჯერ მოხვდა და სასიხარულოა, რომ საუკეთესოს წოდებაც დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები