საუკეთესოები რაგბის კავშირმაც დაასახელა
Aa
Aa

საუკეთესოები რაგბის კავშირმაც დაასახელა

2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ბორჯღალოსნებში თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო და განვლილ 9 მატჩში გუნდში 10 დებიუტანტი ვიხილეთ, კიდევ ერთ მორაგბეს კი, მანამდე ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნათამაშები.

წლის ბოლოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ხუთი გამორჩეული მორაგბე შეარჩია, რომელთაგან საუკეთესოდ გულშემატკივარმა ბექა გორგაძე დაასახელა. 24 წლის მესამეხაზელი ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს და მის ანგარიშზე 31 კეპი და 8 ლელოა. წელს ის ცხრავე მატჩში მიიღებდა მონაწილეობას, რომ არა ირლანდიასთან მიღებული ტრავმა, რის გამოც ფიჯის წინააღმდეგ ვეღარ ითამაშა.

წელს გორგაძემ თითო ლელო გაუტანა ბელგიასა და პორტუგალიას. ის „შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნების თითქმის ყველა შეტევის სულისჩამდგმელი, დაცვაში კი საიმედო იყო. ბექა გულშემატკივარმა საუკეთესოდ 2019 წელსაც აღიარა და ეს პატივი ზედიზედ მეორედ ერგო.

2020 წლის საუკეთესო ლელო უდაოდ გიორგი კვესელაძის ლელო გახდა, რომელიც მან შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიის წინააღმდეგ გაიტანა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კვესელაძის ლელო ტურისა და მთლიანად ტურნირის საუკეთესო ლელოდ დასახელდა.

წლის მელელოვე აკაკი ტაბუცაძე გახდა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს, ესპანეთის ნაკრებთან ჰქონდა და ეს ფაქტი ლელოთი აღნიშნა, მომდევნო მატჩში კი ბელგიას 4 ლელო გაუტანა. წარმატებული სერია შემოდგომაზეც გაგრძელდა და აკამ ლელო შოტლანდიასაც გაუტანა. სულ ტაბუცაძემ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 ლელო გაიტანა.

წლის მექულე მგეზავი თედო აბჟანდაძეა, რომელმაც წლის განმავლობაში გუნდს 56 ქულა შესძინა (1 ლელო, 18 გარდასახვა და 5 ჯარიმა). მისი საერთო მონაგარი 118 ქულამდე გაიზარდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები