Aa
Aa

უკვე 500 - პირველი ლეგიონერი, ვინც ლა ლიგაში ამდენი ითამაშა

„ბარსელონამ“ ლა ლიგის მე-17 ტურში „უესკას“ გასვლაზე 1:0 მოუგო, ლიონელ მესიმ კი კიდევ ერთი გამორჩეული მაჩვენებელი დააფიქსირა.

„ლა პულგამ“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ეგიდით მე-500 შეხვედრა ჩაატარა. ლეგიონერებს შორის ეს საუკეთესო შედეგია, „ბარსას“ ფეხბურთელთაგან კი მხოლოდ 1 მოთამაშის მაჩვენებელს ჩამორჩება.

„ბლაუგრანას“ მაისურით ლა ლიგაში ამაზე მეტი შეხვედრა ითამაშა ჩავი ერნანდესმა, რომელმაც 505 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ზოგადად, ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდი კი ანდონი სუბისარეტას ეკუთვნის - ლეგენდარული მეკარის აქტივში 617 თამაშია. მოქმედ ფეხბურთელთაგან ლა ლიგის მატჩში მესიზე მეტჯერ - ხოაკინ სანჩესმა (565) და სერხიო რამოსმა (550) მიიღეს მონაწილეობა.

„ბარსამ“ გუშინდელი შეხვედრა ფრენკი დე იონგის გოლით მოიგო, საგოლე პასი კი სწორედ მესის აქტივში გახლდათ. არგენტინელ სუპერვარსკვლავს ესპანეთის ჩემპიონატის ამ სეზონში 7 გოლი აქვს გატანილი, ასისტენტობა კი 2-ჯერ გასწია.

კატალონიელებმა 28 ქულა მოაგროვეს და მე-3 ადგილოსან „სოსიედადთან“ სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს. ისინი შემდეგ თამაშს 6 იანვარს, „ბილბაოსთან“ სტუმრად ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები