Aa
Aa

758-ე გოლი! - კრიშტიანუმ პელეს გადაასწრო!

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში "იუვენტუსმა" "უდინეზეს" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მატჩში დუბლის შესრულება კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხა. მეორე გოლი კი პორტუგალიელისთვის ისტორიული აღმოჩნდა. 

35 წლის თავდამსხმელმა კარიერაში 758-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარული პელეს შედეგი გააუმჯობესა. ბრაზილიელ ყოფილ ფეხბურთელს საკუთარი კარიერის განმავლობაში კლუბში და ნაკრებში ჯამში 757 გოლი ჰქონდა გატანილი, დღეს იუვეს "შვიდიანმა" ახალი ისტორია დაწერა.

ამიერიდან პროფესიონალურ ფეხბურთში გატანილი გოლებით პორტუგალიელზე წინ მხოლოდ ავსტრიელი იოზეფ ბიკანია, რომელსაც 1931-1955 წლებში 805 გოლი აქვს გატანილი. ამ რეკორდამდეც არც ისე შორია...

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 118 გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში გაიტანა, 450 მადრიდის "რეალში", 83 "იუვენტუსში", 5 "სპორტინგში", ხოლო 102 კი ეროვნულ ნაკრებში.

კრიშტიანუმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში დუბლი მეექვსედ შეასრულა. 2020-21 წლების სეზონში ტოპ 5 ჩემპიონატში ასეთი შედეგით მხოლოდ ის და რობერტ ლევანდოვსკი არიან.

პირენეელ ლეგენდას თავისი მონაგარის გაზრდის შანსი ოთხშაბათს ექნება, როცა სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩში „იუვენტუსი“ „მილანს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები