ახალი პრეზიდენტი - ქართულ რაგბის ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს
Aa
Aa

ახალი პრეზიდენტი - ქართულ რაგბის ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს რაგბის კავშირს, ირაკლი აბუსერიძის სახით, ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნებში მან გოჩა სვანიძესა და ბაჩო ხურციძეს აჯობა.

არსებობდა საშიშროება, რომ არჩევნები ისევ არ ჩატარებულიყო, რადგან ბაჩო ხურციძემ და მისმა მომხრეებმა პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა 43 დელეგატი შეიკრიბა და ქვორუმიც შედგა.

43 დელეგატიდან 31-მა მხარი აბუსერიძეს დაუჭირა, 12-მა - სვანიძეს, ხოლო ხურციძეს, რომელმაც, როგორც ვთქვით, საარჩევნო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა, არც ერთი ხმა არ მიუღია.

ვრცელდებოდა ხმები, თითქოს სვანიძე აბუსერიძის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას გეგმავდა, თუმცა ასე არ მოხდა. ჩატარდა არჩევნები, რომლის შედეგებითაც, ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ორჯერ გადაიდო, რის გამოც დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ქართულ რაგბის სრულფასოვანი პრეზიდენტი არ ჰყავდა.

ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს ნაკრების მაისურით 85 შეხვედრა აქვს ჩატარებული. კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლა და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლის რანგში საქართველოს მე-9 მოწვევის (2016-2020 წ.) პარლამენტის წევრი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები