მენი პაკიაო - ქველმოქმედი მოკრივე, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტი გახდება
Aa
Aa

მენი პაკიაო - ქველმოქმედი მოკრივე, რომელიც ფილიპინების პრეზიდენტი გახდება

მენი პაკიაო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა. იგი ერთადერთია, ვინც საჩემპიონი ქამარი 8 წონით დივიზიონში მოიპოვა და ტიტულს 42 წლის ასაკშიც ფლობს. „პაკმენის“ სპორტულ მიღწევებზე საუბარი დაუსრულებლად შეგვიძლია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ იგი გამოცდილი პოლიტიკოსიც გახლავთ.

პაკიაოს კრივი პოლიტიკოსობაში ხელს არ უშლის და უკვე 13 წელია ფილიპინების პარლამენტის წევრია. 2022 წლის 9 მაისს კი შანსი ექნება, ქვეყნის პირველი პირი გახდეს. რამდენიმე კვირის წინ, პაკიაო მმართველი პარტიის ლიდერად დაასახელეს, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი, როდრიგო როა დუტერტე მას თავის მემკვიდრედ მიიჩნევს.

მენის უნიკალური შანსი აქვს. მას შეუძლია პირველი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გახდეს, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ჩაიბარებს. მას ამისთვის ყველაფერი აქვს - პოლიტიკური გამოცდილება, ავტორიტეტი, პოპულარულობა და ქარიზმა. 2007 წელს იგი ფილიპინების პარლამენტის ქვედა პალატაში აირჩიეს, 2016-ში კი სენატორი გახდა.

პაკიაოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ქველმოქმედებაა. „პაკმენის“ მფლობელობაში რამდენიმე საქველმოქმედო ფონდია, რომლებიც სხვადასხვა პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარებიან. ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის შემდეგ მიღებული ჰონორარით, რომელმაც 280 მილიონი დოლარი შეადგინა, მენიმ მშობლიურ ქალაქში, კიბავეში გასაჭირში მყოფი ოჯახებისთვის 1000-ზე მეტი სახლი ააშენა და მათ უსასყიდლოდ გადასცა.

„ძალიან ბედნიერი ვარ ფლოიდთან ბრძოლის შემდეგ მიღებული თანხით ამ სახლების აშენება რომ შევძელი. არასდროს დამვიწყებია სად დავიბადე და ღმერთს მადლობას ვუხდი, რათა სხვების დახმარების საშუალება მომცა“, - ამბობს პაკიაო.

მენის ქველმოქმედება კორონავირუსის პანდემიის დროსაც არ შეუწყვიტავს. იგი რთულ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს აქტიურად ეხმარება და Covid-19-სგან თავდასაცავად საჭირო საშუალებებს სისტემატურად იძენს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მისი ინტერვიუ იყო, რომელშიც აღნიშნა, რომ კორონავირუსისგან სიკვდილის არ ეშინია.

„უსახლკარო ადამიანებს თუ არ დავეხმარებით, მაროდიორობის შემთხვევები გაიზრდება. კორონავირუსისგან სიკვდილის არ მეშინია. თუ ლიდერი ხარ, ფრონტის წინა ხაზზე უნდა იდგე, ხალხს გაუძღვე და დაარწმუნო, რომ ბოლომდე მათთან დარჩები. სიღარებიში გავიზარდე და კარგად ვიცი ხალხი ასეთ დროს რას გრძნობს“.

პაკიაოს ამ განცხადებამ მოსახლეობაზე დიდი გავლენა მოახდინა და ბევრის აზრით, ეს იმის ნიშანი იყო, რომ „პაკმენს“ საპრეზიდენტო ამბიციები აქვს. მენის საჯაროდ ამის შესახებ არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ, ამ თემაზე ჟურნალისტებთან მისმა ყოფილმა პრომოუტერმა, ბობ არუმმა ისაუბრა.

„მენის დავუკავშირდი და ასეთი რამ მითხრა: „2022 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებ. როცა გავიმარჯვებ, მინდა, რომ ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო“.

პაკიაომ ეს ყველაფერი უარყო, თუმცა ფილიპინებში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური ხრიკი იყო და „პაკმენი“ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად აპირებს. დეკემბრის დასაწყისში მენი ფილიპინების დემოკრატიულ პარტიას ჩაუდგა სათავეში, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის პირველი პირის პოსტის დასასაკუთრებლად იბრძოლებს, მაგრამ პროგნოზების გაკეთებისას პაკიაო საკმაოდ მოკრძალებულია.

„კონცენტრაცია მშიერი, უსახლკარო და ღარიბი ადამიანების დახმარებაზე უნდა მოვახდინოთ. არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი და ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს“.

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ პაკიაო თავის მემკვიდრედ ჯერ კიდევ 2017 წელს დაასახელა. „ერთხელ, როცა მარტონი ვიყავით, მენის ვუთხარი, რომ მინდა პრეზიდენტი გახდეს. მან ფილიპინების მოსახლეობას თავისი მიღწევებით უდიდესი სიხარული მოუტანა და ის ამას ნამდვილად იმსახურებს“.

პაკიაო არ მალავს, რომ მოქმედ პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობა აქვს და მის მსოფლმხედველობას იზიარებს. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი კი, რომელსაც ევროპასა და აშშ-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, LGBT თემს ეხება.

„ცხოველებმა იციან, დედალი მამლისგან რით განსხვავდება. თუ ჩვენ მამაკაცსა და მამაკაცს შორის და ქალსა და ქალს შორის კავშირს მხარს დავუჭერთ, ადამიანი ცხოველზე უარეს არსებად იქცევა“.

პაკიაოს ეს განცხადება ძვირად დაუჯდა. Nike-მა მასთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი გაწყვიტა, თუმცა მენის ეს დიდად არ ადარდებს და საკუთარ მსოფლმხედველობაზე უარის თქმას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები