კრივის სისასტიკე - ბენისა და მაკკლელანის ბრუტალური ბრძოლა
Aa Aa

კრივის სისასტიკე - ბენისა და მაკკლელანის ბრუტალური ბრძოლა

1995 წელს კრივის ისტორიაში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ბრუტალური ბრძოლა გაიმართა. ლონდონში ჩატარებული ღონისძიებიდან 25 წელია გასული, მაგრამ იმ ჩხუბის კადრების ხილვა დღესაც ძალიან რთულია.

1995 წლის 25 თებერვალს, საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ჯერალდ მაკკლელანი სუპერსაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ნაიჯელ ბენს დაუპირისპირდა. წარმატების შემთხვევაში, ჯერალდს ლეგენდის სტატუსი და როი ჯონს ჯუნიორთან ჩხუბი ელოდა, მაგრამ მის ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მომხდარა. მაკკლელანისა და ბენის ჯახმა კრივის ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა, ოღონდ, ეს ბრუტალურობისა და სისასტიკის ხარჯზე შეძლო.

მაკკლელანის კარიერა - ორი მარცხი, რომელთა გამოც კარიერის დასრულებას აპირებდა და მწვრთნელი, რომელმაც სატიტულო ბრძოლამდე მიიყვანა

1995 წლის 25 თებერვალს, საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ჯერალდ მაკკლელანი სუპერსაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ნაიჯელ ბენს დაუპირისპირდა. წარმატების შემთხვევაში, ჯერალდს ლეგენდის სტატუსი და როი ჯონს ჯუნიორთან ჩხუბი ელოდა, მაგრამ მის ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მომხდარა. მაკკლელანისა და ბენის ჯახმა კრივის ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა, ოღონდ, ეს ბრუტალურობისა და სისასტიკის ხარჯზე შეძლო.

მაკკლელანი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სამოყვარულო დონეზე როი ჯონს ჯუნიორი დაამარცხა. წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, იგი 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოხვდა და პროფესიონალურ დონეზე გადასვლა სწორედ ამან გადააწყვეტინა.

მაკკლელანის მეტსახელი „მინი-ტაისონი“ გახლდათ. მისი სტილი „რკინის მაიკისას“ წააგავდა და უმეტესწილად ჯერალდს მეტოქეების დასანოკაუტებლად 1 რაუნდზე მეტი არ სჭირდებოდა. „მინი-ტაისონი“ მას სწორედ ამის გამო შეარქვეს. თავად მოკრივეს კი ეს მეტსახელი დიდად არ მოსწონდა და ამბობდა: „მე ძალიან აგრესიულ ძაღლს ვგავარ“.

პროფესიონალურ დონეზე მას შესანიშნავი სტარტი ჰქონდა და საწყისი 10 ბრძოლიდან ყველა პირველ ან მეორე რაუნდში დაასრულა. მაკკლელანი სატიტულო ბრძოლას უახლოვდებოდა, მაგრამ 1989 წელს პირველად დამარცხდა. მას ქულებით დენის მილტონმა სძლია. სამი თვის შემდეგ კი მასთან გამარჯვების მოპოვება რალფ უორდმაც შეძლო, რამაც ჯერალდი მოკრივის კარიერის გაგრძელებაზე სერიოზულად დააფიქრა. მისი დახმარება საკუთარ თავზე ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ემანუელ სტიუარდმა აიღო, რომელსაც 41 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს გამოზრდილი. სტიუარდი პრობლემურ შეგირდს სწორად მიუდგა და ორი წლის შემდეგ ჯერალდმა სატიტულო ბრძოლის გამართვის უფლება მიიღო.

1991 წელს, მაკკლელანი უგანდელ მონსტრს, ჯონ მუგაბის დაუპირისპირდა, რომელსაც იმ დროისთვის 38 ბრძოლიდან 38-ვე ნოკაუტით ჰქონდა მოგებული. ჯერალდმა მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და WBO-ს საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

ძაღლების ჩხუბი - ჯერალდის მთავარი გატაცება

ამერიკელ მებრძოლს უცნაური ჰობი ჰქონდა. მას ძაღლების ჩხუბით გართობა უყვარდა და ამით 11 წლის ასაკში დაინტერესდა. ვარსკვლავური სტატუსის მიღების შემდეგ, მეგობრებმა მას შავი პიტბული მეტსახელად Deuce აჩუქეს, რომელიც მის იარაღად იქცა.

„მახსოვს, ერთხელ, მასთან სტუმრად მივედი. მან დაიტრაბახა, რომ ლაბრადორი შეიძინა და სახლის სარდაფში ჩამიყვანა. იქ ლაბრადორი დამხვდა, რომელსაც პირი წებოვანი ლენტით ჰქონდა შეკრული. ჯერალდმა მას თავისი პიტბული მიუქსია. მისმა საყვარელმა ძაღლმა ლაბრადორი რამდენიმე წუთში გაანადგურა, შემდეგ კი მე მომმართა: „ეს ძაღლი გამარჯვებულია, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ყოველდღე სისხლის სუნი და გემო იგრძნოს. ეს ყველაფერი სპარინგისავითაა და ეს ჩემთვისაც საჭიროა“, - იხსენებს მაკკლელანის მწვრთნელი, სტენ ჯონსონი.

ძაღლების ჩხუბი ჯერალდისთვის მხოლოდ ჰობი არ ყოფილა. ბრძოლებისას ის ფსონის სახით დიდ თანხებს, დაახლოებით 50-100 ათას დოლარს დებდა. ნაიჯელ ბენთან გამართულ შერკინებამდე ერთი თვით ადრე, დეტროიტის ერთ-ერთ გარეუბანში მაკკლელანის შავმა პიტბულმა მორიგ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მოულოდნელად დამარცხდა. წაგების შემდეგ, მოკრივემ ძაღლი თავის მანქანასთან წაიყვანა და ფრაზის - „წაგებულებს ცოცხლებს არ ვტოვებ“ შემდეგ მას ტყვია დაახალა.

ან ბრძოლაში გამარჯვება, ან მასში სიკვდილი

1992 წელს, ჯერალდმა კონტრაქტი დონ კინგთან გააფორმა და პირველი, რაც პრომოუტერმა გააკეთა, მოკრივის ცხოვრებიდან ემანუელ სტიუარდის მოშორება იყო. ადამიანის, რომელსაც ჯერალდზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. სტიუარდის ნაცვლად კი მაკკლელანის მწვრთნელი ზემოთ ხსენებული სტენ ჯონსონი გახდა.

1995 წლისთვის ჯერალდი ნამდვილი სუპერვარსკვლავი იყო და საშუალო წონით დივიზიონში WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახლდათ. მაკკლელანს მეტი სურდა და როი ჯონს ჯუნიორთან ჩხუბი უნდოდა, რომელიც მასზე მაღალ წონით დივიზიონში ბრწყინავდა, თუმცა ამისთვის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო.

ეს ნაბიჯი ნაიჯელ ბენთან შერკინება აღმოჩნდა. ბენი ძლიერი მეტოქე იყო, რომელმაც ჯერალდთან ჩხუბამდე ტიტული 6-ჯერ დაიცვა და 2-ჯერ ბრიტანული კრივის ვარსკვლავს, კრის იუბენკს დაუპირისპირდა. მიუხედავად ამისა, მაკკლელანი მეტოქეს სერიოზულად არ აღიქვამდა და სათანადო მომზადება არ გაუვლია. თანაც მასზე ფსიქოლოგიური გავლენა შავ პიტბულთან დაკავშირებით მომხდარმა ინციდენტმაც იქონია.

იმდროინდელი გამოცემების ინფორმაციით, ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, მაკკლელანმა ბრიტანელი მებრძოლის, ბრედლი სტოუნის ძეგლთან გაიარა, რომელიც ერთი წლის წინ, რინგზე მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა და მწვრთნელს უთხრა: „სჯობს, ბრედლი სტოუნივით დავასრულო, ვიდრე ნოკაუტში აღმოვჩნდე“.

ბრძოლის დღეს, ლონდონ არენისკენ გამგზავრებამდე, ჯერალდმა სარკეზე ასეთი სიტყვები დაწერა: „ბრძოლაში გამარჯვება, ან მასში სიკვდილი“.

მსაჯი, რომელმაც ინგლისური არ იცოდა

მაკკლელანისა და ბენის ბრძოლის არბიტრი ალფრედ ასარო იყო, რომელიც სატიტულო ჯახს კარიერაში მეორე სჯიდა და საბაზისო ინგლისურიც კი არ იცოდა. სამწუხაროდ, მსაჯმა კონტროლი პირველივე რაუნდში დაკარგა. ბრძოლა ჯერალდის ინიციატივით დაიწყო და რამდენიმე წამში ნაიჯელი ნოკდაუნში აღმოჩნდა, თუმცა ბრიტანელმა წამოდგომა მოახერხა. ასარო კი ნოკდაუნის შემდეგ ბენის გადასარჩენად მაქსიმუმს აკეთებდა და მას ძალების აღსადგენად დროს აძლევდა. რამდენჯერმე მან მოკრივეები გაუგებარ მიზეზთა გამო გააშველა და ამით ჯერალდის შეტევები შეაჩერა. „ბრძოლა პირველ რაუნდში უნდა შეჩერებულიყო, როცა ბენი ნოკდაუნში აღმოჩნდა“, - ამბობს ჯერალდის და, ლიზა.

მეორე რაუნდი იგივე სცენარით განვითარდა, თუმცა განსხვავება ის იყო, რომ მაკკლელანი უფრო მრისხანედ უტევდა. მესამე რაუნდში ბენი კვლავ დაცვით პოზიციაში იმყოფებოდა და მისი მეტოქის შეტევების მოგერიებაზე გახლდათ ორიენტირებული. ბრძოლის შუაწელს ყველაფერი შეიცვალა. ინიციატივა ხელთ ბენმა იგდო, ჯერალდი კი ასეთი ტემპისთვის მზად არ აღმოჩნდა. ამერიკელს სუნთქვა უჭირდა, რაზეც ისიც მეტყველებდა, რომ მოკრივის კბილებისა და პირის ღრუს დამცავ კაპს პირში ფაქტობრივად არ იჩერებდა. მეექვსე რაუნდის დასრულების შემდეგ, მან სტენ ჯონსონს უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და ბრძოლის შეწყვეტა სურდა. მანამდე კი ბენმა მოწინააღმდეგეს კეფაში 3-ჯერ ძლიერად დაარტყა, მაგრამ მსაჯს მისთვის გაფრთხილებაც არ მიუცია.

ჯონსონმა ჯერალდის თხოვნა უპასუხოდ დატოვა. მერვე რაუნდის დაწყებამდე მაკკლელანს სახეზე ჰემატომები აღენიშნებოდა, თუმცა ექიმი მოკრივემდე არც კი მიუშვეს. მერვე რაუნდის ბოლოს ამერიკელ მებრძოლს გამარჯვების მოპოვების ბოლო შანსი ჰქონდა და ბენი ნოკდაუნში გაგზავნა, მაგრამ ნაიჯელი წამოდგა და ბრძოლა განაგრძო.

მე-9 რაუნდში გადამწყვეტი რამ მოხდა. ბენმა ძლიერად მოქნეული მარჯვენა მიზანს ააცილა, ბალანსი დაკარგა და შემთხვევით მეტოქეს ერთ-ერთ ჰემატომაზე თავი ჩაარტყა. მსაჯმა ესეც უყურადღებოდ დატოვა და რინგზე ექიმის გამოძახებისა და მაკკლელანისთვის მცირე დროის მიცემის ნაცვლად, ბრძოლის გაგრძელება ბრძანა.

მე-10 რაუნდის დაწყებამდე, ჯერალდმა მწვრთნელს ბრძოლის შეწყვეტის თაობაზე კიდევ ერთხელ მიმართა, მაგრამ ჯონსონმა თავისი შეგირდი რინგზე დააბრუნა.

ისე დაასრულე, როგორც იმ ძაღლმა

მე-10 რაუნდის სტარტზე კომენტატორებმა შეამჩნიეს, რომ მაკკლელანი მარცხენა თვალს გამუდმებით ახამხამებდა და ეს კარგის ნიშანი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსაჯს და ამერიკელი მოკრივის მწვრთნელს ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ. მე-10 რაუნდში მაკკლელანი ნოკდაუნში აღმოჩნდა და წამოსადგომად 7 წამი დასჭირდა, თუმცა მალევე ბენმა იგი ნოკდაუნში მეორედ ჩააგდო. ჯერალდი ამჯერად მხოლოდ მას შემდეგ წამოდგა, რაც მსაჯმა გამარჯვებულად ნაიჯელი გამოაცხადა. ამერიკელი საკუთარი კუთხისკენ გაემართა და რამდენიმე წამში გონება დაკარგა.

ჯერალდი რინგიდან საკაცით გაიყვანეს. იგი გონებაზე სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვიდა და სტენ ჯონსონს ჰკითხა: „დამანოკაუტეს ხომ“? „არა, ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვი და შენს კუთხეში დაბრუნდი“ , - უპასუხა ჯონსონმა. იქვე იმყოფებოდა დონ კინგი, რომელმაც მოკრივეს ამ სიტყვებით მიმართ: „შენ ისე დაასრულე, როგორც იმ ძაღლმა“.

მაკკლელანს თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა და კომაში გატარებული 2 კვირისა და საავადმყოფოში ჩატარებული მკურნალობის 6-თვიანი კურსის შემდეგ, იგი გამოჯანმრთელდა, თუმცა ჯერალდი ის ადამიანი აღარ იყო, ვისიც რინგზე ყველას ეშინოდა. ამერიკელი წელსქვემოთ პარალიზებული გახლდათ და მხედველობა სრულად, ხოლო სმენა 80 პროცენტით დაკარგა.

მაკკლელანს გარკვეული დროის განმავლობაში თავისი დიდების შესახებ პრაქტიკულად არაფერი ახსოვდა. როცა ამერიკელ მოკრივეს მის მიერ წარსულში გამართული ბრძოლების შესახებ უყვებოდნენ, ჯერალდი პასუხები ასეთი იყო: „ნუთუ“?! „მართლა ასეთი მაგარი ბიჭი ვიყავი“?!. ამერიკელ ექს-მოკრივეს დები უვლიან. ერთ-ერთმა მათგანმა, ლიზამ თავის პირად ცხოვრებაზე უარი თქვა, რათა ყოველი დღე ძმასთან გაეტარებინა. ჩემპიონის მეუღლე კი მას ბენთან წაგებიდან მალევე გაშორდა.

ლეგენდარული ჯო ფრეიზერი მაკკლელანის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა. ერთხელ ჯერალდისთვის თანხის შესაგროვებლად გამართულ საქველმოქმედო აქციაზე დასასწრებად „სმოუქინგ ჯომ"13 საათი იმგზავრა და მოგვიანებით განაცხადა: „მოკრივეები, გულშემატკივრები და პრომოუტერები ჯერალდს უნდა დაეხმარონ. კრივს შენი ტვინის გადაადგილება, ფულის წართმევა და მესაფლავის სიაში შენი სახელის ჩაწერა შეუძლია. ამიტომ, დროა ხალხი ჯერალდის დასახმარებლად გაერთიანდეს“.

დღესდღობით, მაკკლელანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მასზე საქველმოქმედო ორგანიზაცია ზრუნავს, რომელიც ყოველთვიურად მას საკვებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ამარაგებს და დროგამოშვებით მის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიებებსაც მართავს.

გაზიარება: