გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "არტეტას გაშვება შეცდომა იქნება"

კარაბაოს თასზე ლონდონის "არსენალმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და დიდი სხვაობით 1:4 დამარცხდა. არტეტას გუნდი დიდი ხანია სასურველი ფორმისგან შორს არის და ამას მათი შედეგებიც ასახავს. სპორტულ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მიკელს მალე გაათავისუფლებენ. ამასთან დაკავშირებით პეპ გუარდიოლამ ინგლისურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ხელმძღვანელობა მიკელს ბოლომდე ენდობა და მის გათავისუფლებას არ აპირებს. ისინი დიდ შეცდომას დაუშვებენ, თუ არტეტას დაკავებული თანამდებობიდან გაუშვებენ.

მე მას ძალიან კარგად ვიცნობ. ვიცი მისი საფეხბურთო ხედვა და სამწვრთნელო უნარები. ასევე არტეტა შესანიშნავი ადამიანიც გახლავთ. "არსენალის" წარმატება მხოლოდ დროის საკითხია.

ფეხბურთი კვირიდან კვირამდე იცვლება. ჩემმა გუნდმა პრემიერ ლიგა ტრიუმფალურად მოიგო და ამაში უდიდესი წვლილი მიკელმა შეიტანა.

"მანჩესტერ სიტი" არტეტას გარეშე ისეთი ძლიერი არ იქნებოდა, როგორიც მაშინ იყო და დღეს არის. ესპანელს დრო სჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს პირველ მანჩესტერულ სეზონში ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ მხარი დამიჭირა და დრო მომცა." - განაცხადა გუარდიოლამ

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "არსენალი" მიმდინარე პრემიერ ლიგის სეზონში ცუდად გამოიყურება. 14 ტურის შემდეგ "მეთოფეებს" 14 ქულა აქვთ და მე-15 ადგილზე იმყოფებიან. გასავარდნი ზონიდან კი მათ მხოლოდ 4 ქულა აშორებთ. ცნობისთვის, მიკელ არტეტა რამდენიმე წლის განმავლობაში "მანჩესტერ სიტიში" პეპ გუარდიოლას ასისტენტი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები