Aa
Aa

მკაცრი სასჯელი - ტურამს ბუნდესლიგაში თამაში თებერვლამდე აუკრძალეს

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ფრანგი შემტევი, მარკუს ტურამი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციამ 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით დასაჯა.

უქმეებზე გამართულ „გლადბახისა“ და „ჰოფენჰაიმის“ შეხვედრისას ახალგაზრდა ფორვარდმა „ჰოფეს“ მცველ სტეფან პოშს სახეში შეაფურთხა, რისთვისაც მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო.

საკითხზე გერმანული ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმაც იმსჯელა და 6-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან ერთად, ტურამს ფულად ჯარიმად 40 000 ევრო დააკისრა. გარდა ამისა, მარკუსი საკუთარმა კლუბმაც დასაჯა და ერთი თვის ხელფასს ჩამოაჭრის.

აღსანიშნავია, რომ ლილიან ტურამის ვაჟმა ინციდენტიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში მოიბოდიშა:

„ასეთი ქცევა ჩემს ხასიათში არაა და ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. მეტოქეს არასწორი ხერხით ვუპასუხე, თუმცა ეს შემთხვევით მოხდა და არა - განზრახ. ყველას ბოდიშს ვუხდი და, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო სასჯელს მივიღებ და დავეთანხმები“.

6-თამაშიანი დისკვალიფიკაცია ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის მაყურებელი ტურამს მოედანზე, როგორც მინიმუმ, 5 თებერვლამდე ვერ იხილავს.

23 წლის შემტევს გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის 13 მატჩში 2 გოლი და 1 ასისტი აქვს აქტივში. მისი გუნდი კი 18 ქულით ცხრილის მე-8 ადგილზეა და ზედა ოთხეულს 6 ქულით ჩამორჩება. „გლადბახი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „მანჩესტერ სიტის“ მეტოქეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები