Aa
Aa

"იმ მატჩზე კვირაში 4-ჯერ მაინც ვფიქრობ" - ბუფონმა მანჩესტერთან შეხვედრაზე ისაუბრა

2018/2019 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პსჟ" დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა ფრანგებმა სტუმრად 2:0 მოიგეს და ერთი შეხედვით წყვილში გამარჯვებულის ვინაობა გარკვეული იყო, თუმცა განმეორებითი მატჩი "წითელმა ეშმაკებმა" 3:1 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ განმეორებით თამაშში მიუტევებელი შეცდომა ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა დაუშვა. ამის შესახებ იტალიელმა კიპერმა L'EQUIPE-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ მანჩესტერთან დაპირისპირებას კვირაში 4-ჯერ მაინც იხსენებს.

"რატომღაც ყველას გვჯეროდა, რომ მეორე მატჩი "იუნაიტედთან" მხოლოდ ფორმალური იქნებოდა და შემდეგ ეტაპზე გასულები ვიყავით. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში აუცილებლად გავიდოდით.

ინგლისში კიმპემბეს და მბაპეს გოლებით გავიმარჯვეთ. შემდეგ შეხვედრაში მარცხს ჩემ თავს ვაბრალებ. ჩემნაირი გამოცდილების მქონე მეკარეები ასეთ შეცდომას არ უნდა უშვებდნენ. იმ ღამეს ბუფონი ჩვეულებრივი ბუფონი არ ყოფილა. მე არ მქონდა ძალა და ენერგია. სამწუხაროდ ჩემ გამო დავმარცხდით. დღეს პარიზული კლუბი ძალზედ ძლიერია. მათ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ." - განაცხადა ბუფონმა

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ეს გუნდები ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ. პირველი მატჩი სულშერის შეგირდებმა პარიზში 2:1 მოიგეს, ხოლო მანჩესტერში ჩატარებული შეხვედრა კი უკვე ტუხელის გუნდმა მოიგო 3:1. ცნობისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯგუფიდან ვერ გავიდა. მათ ნაცვლად მერვედფინალში "ლაიპციგი" იასპარეზებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები