ცნობილი მეკარეები, რომლებიც ერთ დროს მინდვრის მოთამაშეები იყვნენ!
Aa
Aa

ცნობილი მეკარეები, რომლებიც ერთ დროს მინდვრის მოთამაშეები იყვნენ!

მსოფლიოში არაერთი გამორჩეული მეკარე არსებობს. თითოეულ მათგანს თავისი მახასიათებელი და ნიშანთვისება აქვს, რითიც სხვა დანარჩენებისგან გამოირჩევს. 

არსებობენ ცნობილი მეკარეები, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა მინდვრის მოთამაშის სტატუსით დაიწყეს და საერთოდ არ ფიქრობდნენ, რომ ოდესმე ტიტულოვანი კიპერები გახდებოდნენ. 

კაომინ კელეჰერი - "ლივერპული"

22 წლის ირლანდიელი "მერსისაიდელების" მესამე კიპერია. კელეჰერმა საფეხბურთო კარიერა თავდამსხმელის პოზიციაზე დაიწყო. 14 წლის ასაკში კაომინს მამამისმა პოზიციის შეცვლა ურჩია და კელეჰერმაც დაუჯერა.

2015 წელს ახალგაზრდა ირლანდიელით "ლივერპულის" სკაუტები დაინტერესდნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ კაომინი "მერსისაიდელთა" აკადემიაში მიიწვიეს. დღეს კი კლოპის განკარგულებაში ბრაზილიელი ალისონი ტრავმის გამო არ არის და გერმანელმა სპეციალისტმა კელეჰერს უდიდესი ნდობა გამოუცხადა და პირველ გუნდში ათამაშა.

ადრიანი - "ლივერპული"

ესპანელი მეკარე 10 წლის ასაკამდე ცენტრალურ ნახევარმცველად, ხოლო შემდეგ თავდამსხმელად თამაშობდა. ამის შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა და მეკარე გახდა. 11 წლის ასაკში ადრიანი "ბეტისის" აკადემიაში ჩაირიცხა.

2016 წელს, "ვესტ ჰემის" ნახევარმცველის მარკ ნოუბლის საპატივცემულოდ გამართულ ამხანაგურ მატჩში ადრიანმა საკუთარი საჯარიმოდან წამოიღო ბურთი, რამდენიმე მეტოქეს გვერდი აუარა და გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, ოფიციალურ მატჩში ადრიანს ამის უფლებას არავინ მიცემდა და არც საჯარიმომდე მიუშვებდნენ, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრაში ესპანელმა "გაილაღა".

ჯო ჰარტი - "ტოტენჰემი"

ინგლისელი კიპერი 14 წლამდე ნახევარმცველი გახლდათ. ჰარტი სკოლის გუნდში თავისი შესაძლებლობებით ყველას აკვირვებდა, თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ 14 წლის ჯომ პოზიცია შეიცვალა და მეკარეობა გადაწყვიტა.

15 წლის ასაკში ინგლისელი "შრიუსბარი თაუნში" ჩაირიცხა და მას შემდეგ პოზიცია აღარ შეუცვლია. 2006 წელს კი ჰარტი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, სადაც მრავალი წელი იასპარეზა.

დე ხეა - "მანჩესტერ იუნაიტედი"

წლების განმავლობაში ესპანელი მეკარე "ატლეტიკო კასარუბუელოსში" მინდვრის მოთამაშე გახლდათ. ეს კლუბი კი მადრიდის "ატლეტიკოს" საკუთრებაა. იმ პერიოდში დე ხეას მამა "ხეტაფეს" კარის დარაჯი იყო. დავიდმა სწორედ მამის მაგალითი აიღო და კიპერობა გადაწყვიტა.

14 წლის დე ხეა სკოლის ფუტსალის გუნდის მთავარი ბომბარდირიც კი იყო. დავიდის მწვრთნელმა "დეილი მეილთან" ისაუბრა: "ჩვენს სკოლას შესანიშნავი ფუტსალის გუნდი ჰყავდა, დე ხეა კი ჩვენი საუკეთესო ბომბარდირი იყო. ის უკან არასდროს ჩამოდიოდა და მხოლოდ გოლის გატანაზე ფიქრობდა."

ტიბო კურტუა - მადრიდის "რეალი"

"ბლანკოსის" მეკარემ ბელგიურ კლუბ "ბილზენში" კარიერა მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო. 8 წლის ასაკში ტიბო სკაუტებმა "გენკის" აკადემიაში მიიწვეს სათამაშოდ. კურტუა "გენკშიც" მარცხენა მცველი გახლდათ. 12 წლისამ გადაწყვიტა, რომ მეკარეობა ეცადა, რადგან ბელგიელი ბავშვობის ასაკიდან მაღალი ფეხბურთელი იყო. კარში დადგომა კურტუასთვის კომფორტული აღმოჩნდა, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში ხან მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ხან კი მეკარის. საბოლოოდ მან კიპერობა არჩია და ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო.

ხოსე პინტო - "ბარსელონა"

კატალონიური გრანდის ყოფილი მეკარე ბავშვობის ასაკში საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა. რამდენიმე წლის შემდეგ პინტო "ბეტისის" აკადემიაში ჩაირიცხა და მეკარეობა გადაწყვიტა, თუმცა იმჟამად ასაკობრივ გუნდში ანტონიო პრატსს კონკურენცია ვერ გაუწია და სათამაშოდ "სელტაში" გადავიდა, სადაც საკუთარი შესაძლებლობები უკეთესად წარმოაჩინა. მოგვიანებით კი ხოსემ "ბარსელონას" მიაშურა და წლების განმავლობაში ვიქტორ ვალდესის შემცვლელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები