სულშერი:
Aa
Aa

სულშერი: "იუნაიტედს პრემიერ ლიგის მოგება ისევ შეუძლია"

"მანჩესტერ იუანიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა "დეილი მეილთან" ისაუბრა და განაცხადა, რომ მის კლუბს პრემიერ ლიგის მოგება ისევ შეუძლია. სულშერმა პოლ პოგბას საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

"სეზონის დაწყების შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ პრემიერ ლიგის მოგება შეგვეძლო. პრობლემები შეიქმნა, მაგრამ ახლაც მჯერა, რომ ჩემს გუნდს გათამაშებაში და სატურნირო ცხრილში ცვლილებების შეტანა და პრემიერ ლიგის მოგება შეუძლია.

გაუმჯობესება გვჭირდება. წინა სეზონთან შედარებით ბევრად უკეთესები უნდა ვიყოთ, მაგრამ არამგონია, რომელიმე სხვა გუნდი ისე "გაგვექცეს", რომ მისი დაწევა სატურნირო ცხრილში ვერ შევძლოთ.

ყველა თამაშში გამარჯვება მსურს. თუ ჩვენ ყველა მატჩს მოვიგებთ, ასეთ შემთხვევაში ტიტულსაც დავეუფლებით. პრესაში ჩემს ფეხბურთელებს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ეს ჩემზე გავლენას არ ახდენს.

პოგბა ამ გუნდის ნაწილია. ის წარმატების მოტანაზეა ფოკუსირებული. პოლს ხშირად თამაში სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩემთვის დე ხეა საუკეთესო მეკარეა. მან კრიტიკას გაუძლო. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენ ნამდვილად ვენდობით." - განაცხადა სულშერმა

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ცხრილში 10 ტურის შემდეგ, 19 ქულით მე-7 პოზიციაზე არიან და ლიდერ "ტოტენჰემს" 5 ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ "დეზებს" 1 თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. 

მომდევნო მატჩს "მანჩესტერ იუანიტედი" 12 დეკემბერს შინ "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები