„ყურზე კბენა 5-10 წუთში ვაპატიე
Aa
Aa

„ყურზე კბენა 5-10 წუთში ვაპატიე" - ჰოლიფილდი მაიკთან შესაძლო ჩხუბსა და წარსულზე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, ევანდერ ჰოლიფილდმა ყოფილი მეტოქის, მაიკ ტაისონის შესახებ ისაუბრა. 58 წლის ჰოლიფილდი „რკინის მაიკთან“ შესაძლო ჩხუბს შეეხო და განაცხადა:

„ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება და ვფიქრობ, ჩვენი ბრძოლა გაიმართება, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს როგორი იქნება. მხოლოდ ის ვიცი, რომ მაყურებლები დაძაბულ შერკინებას იხილავენ და რინგზე მაქსიმუმს გავაკეთებ, რადგან ყოველთვის ასე ვიქცევი. ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მიყვარს, როცა მცემენ, ამიტომ, უკან არაფერზე დავიხევ. 58 წლის ვარ და აქტიურად ვვარჯიშობ, თუმცა ამ პერიოდში არავინ ყოფილა, ვინც მუშტს მომიქნევდა. ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია, როცა ვიღაც ცდილობს, ძლიერად დაგარტყას".

ჰოლიფილდმა 1997 წელს გამართული სკანდალური ბრძოლაც გაიხსენა და აღნიშნა: „მაიკს ყველაფერი 5-10 წუთში ვაპატიე. მე დიდი ოჯახიდან ვარ და ბევრი რამ გამომიცდია. კრივი კრივია და მე და ტაისონი მეგობრები ვართ“.

ევანდერმა საუბარი ტაისონისა და როი ჯონს ჯუნიორის ბრძოლის შეფასებით დაასრულა და განაცხადა: „არ გამკვირვებია მათ ჩხუბს მაღალი რეიტინგი რომ ჰქონდა. კრივის ქომაგებს ორივე მოკრივე ძალიან უყვართ და მიხარია წარმატებას რომ მიაღწიეს.

ტაისონმა აჩვენა, რომ ხელებში სისწრაფე კვლავინდებურად აქვს და მეტოქეს წნეხის ქვეშ სწორედ იგი ამყოფებდა. მან უკეთ იჩხუბა და მსაჯი რომ ვყოფილიყავი, გამარჯვებას ტაისონს მივცემდი“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლიფილდს 2011 წლის შემდეგ არ უჩხუბია. ბოლოს იგი დანიელ მოკრივეს, ბრიან ნილსენს დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ევანდერს კარიერაში 57 ბრძოლა აქვს გამართული და სასურველ შედეგს 44-ჯერ მიაღწია, 10-ჯერ კი რინგი დამარცხებულმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები