„გაგანადგურებ“ - ჯოშუა და პულევი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გააშველა
Aa
Aa

„გაგანადგურებ“ - ჯოშუა და პულევი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გააშველა

თბილისის დროით 13 დეკემბერს, ენტონი ჯოშუა საჩემპიონო ქამრებს კუბრატ პულევის წინააღმდეგ დაიცავს. მანამდე კი აწონვის ცერემონია გაიმართა და ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ მოკრივეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ვითარების გამწვავება პულევის სიტყვებს მოჰყვა, რის შემდეგაც საქმეში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ჩაერია და მებრძოლები გააშველა. ენტონი ჯოშუას პრომოუტერის, ედი ჰირნის მიხედვით, მოკრივეებს შორის მომხდარი დაპირისპირება დადგმული არ ყოფილა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები პულევის გუნდის წევრებს აქტიურად აკავებდნენ.

კონფრონტაციის შემდეგ ჯოშუამ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „არ ვიცი ეს ყველაფერი რამ გამოიწვია. ჩვენ უბრალოდ ასეთები ვართ. მან ბევრი რამ თქვა და აუცილებელია მისი სიტყვები მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს. უამრავი მოკრივე მინახავს, რომლებიც ბრძოლის დაწყებამდე ათას სისულელეს ამბობდნენ და იმუქრებოდნენ, მაგრამ რინგზე გასვლის შემდეგ განადგურდნენ. თუ კრივის შესახებ არაფერი იცი, ამან შენზე შესაძლოა, გავლენა იქონიოს, მაგრამ ბუნებრივია, ჩემ შემთხვევაში ეს ასე არაა. შემეძლო, იქვე მეცემა, მაგრამ ხვალინდელ დღეს დაველოდები“.

პულევმა „ეიჯეის“ ამ სიტყვებით მიმართა: „ხვალ გაგანადგურებ“. მოგვიანებით კი პრესასთან საუბრისას ასეთი კომენტარი გააკეთა: „ვუთხარი, რომ პატივს ვცემ და მასთან ბრძოლისთვის მზად ვარ. ის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ მასზე უკეთესი მოკრივე ვარ. სწორედ ეს ვუთხარი და დავამატე, რომ ამას ხვალინდელ ბრძოლაში დავამტკიცებ, რაც ძალიან არ მოეწონა. სიმართლე გითხრათ, მისი რეაქცია არ გამკვირვებია.“.

შეგახსენებთ, რომ ენტონი ჯოშუას კარიერაში 24 ბრძოლა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 23 მოგება და 1 მარცხია. პულევს რაც შეეხება, ბულგარელ მოკრივეს 28 გამარჯვება და 1 წაგება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები