Aa
Aa

"კითხვის დასმამდე დაფიქრდით!" - კონტე ჟურნალისტებსა და კაპელოს დაუპირისპირდა

მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ზედიზედ მესამედ ჩარჩა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „სან სიროს“ ბინადრები სამივე შემთხვევაში არც თუ ისე რთული ამოცანის წინაშე იდგნენ.

პირველ ჯერზე „ინტერმა“ ჯგუფში ჩარჩენილ და უმოტივაციო პსვ-ს საკუთარ კედლებში ვერ მოუგო და ჩარჩა. გასულ სეზონში კი მათ პირველ ადგილ განაღდებული და ასევე უმოტივაციო „ბარსელონა“ ესტუმრა, რომელიც მეორე შემადგენლობით თამაშობდა. კონტეს გუნდი 17 წლის ანსუ ფატის გოლის შემდეგ 1:2 დამარცხდა და ჩარჩა.

ამჯერადაც „სან სირო“, მილანს დონეცკის „შახტარი“ ეწვია და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კონტე გაცოფებული იყო და როგორც სჩვევია ხოლმე მისი ბრაზი ჟურნალისტებისკენ მიმართა.

კონტე Sky Sports-ის ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა:

-არ ფიქრობთ, რომ გუნდმა გადამწყვეტი მატჩი ცუდად ითამაშა? გადამწყვეტი შეხვედრა საკმარისი არ იყო მოტივაციისთვის?

„თქვენ შეგიძლიათ საკუთარი აზრი გქონდეთ, მე მას პატივს ვცემ, მაგრამ არ გეთანხმებით. ვფიქრობ, გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მატჩი მოეგო. წარმოუდგენელია, რომ „შახტართან“ ორივე შეხვედრაში 180 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით და გოლი ვერ გავიტანეთ. მათი მეკარე ორივე დაპირისპირებისას საუკეთესო მოთამაშე იყო.

ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს გასამარჯვებლად. ასე რომ არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. მარცხის შეფასება ცივ გონებზე უნდა მოხდეს და არა ასეთი მძიმე შეხვედრის შემდეგ.

ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თუ ვერ გაიტან, ვერ მოიგებ. ასევე არ გაგვიმართლა ვიდეო რეფერის შემთხვევაშიც. როგორც ჩანს, ამ ტურნირზე „ინტერს“ პატივს არ სცემენ. იმედგაცრუებასა და ბრაზს ვგრძნობთ, რადგან მომდევნო ეტაპზე თამაში შეგვეძლო“.

-ვფიქრობ, რომ საქმე არა განწყობაში, არამედ ნებისმიერ ფასად გამარჯვების მოპოვების სურვილშია. (ეს კითხვა უკვე ფაბიო კაპელოს ეკუთვნის)

„სათქმელი არაფერი მაქვს“.

-რატომ არ განახორციელეთ შეცვლები 68-ე წუთამდე?

„ალექსის სანჩესმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, თუ დამატებულ წუთებსაც ჩავთვლით. ვფიქრობ, რომ 3 ფორვარდის მოედანზე ყოფნის შემთხვევაში ბალანსი დაირღვეოდა. ლაუტარომ უბრალოდ შესაძლებლობები ამოწურა და შევცვალე. ნახევარდაცვაში ის მოთამაშეები გამოვიყვანე, ვისი ხილვაც მინდოდა“.

-თქვენ „შახტარს“ ევროპა ლიგაზე 5:0 მოუგეთ, ამჯერად კი ორივე შეხვედრა 0:0 დაასრულეთ. ასე რატომ მოხდა? (კითხვა ამჯერად პსჟ-ს სპორტული დირექტორის ლეონარდოს მეუღლემ ანა ბილომ დასვა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრესკონფერენციას)

„მათ 0:5-ის წაგების შემდეგ ტაქტიკა შეცვალეს და ამჯერად სხვა სქემით ითამაშეს. სანამ კითხვას დასვამთ იქამდე დაფიქრდით!“

-გქონდათ გეგმა B, როდესაც დაინახეთ, რომ თქვენი ტაქტიკა არ მუშაობდა? (კითხვა ამჯერად კაპელოს ეკუთვნის)

„დიახ, ჩვენ გვაქვს გეგმა B, მაგრამ ამის აქ განხილვას არ ვგეგმავ, რადგან ეს სრული კატასტროფა იქნება იმიტომ, რომ მას ასევე გაანეიტრალებენ“.

პრესკონფერენცია ამ პასუხით დასრულდა. აშკარაა, რომ ჩემპიონთა ლიგა კონტეს ტურნირი არ არის. მისი არცერთი გუნდი (იუვენტუსი, ჩელსი, ინტერი) მეოთხედფინალს არასდროს გასცდენია. ტურნირზე ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან კონტემ მხოლოდ 3-ის მოგება შეძლო. ჯამში იტალიელი სპეციალისტის სტატისიკა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასეთია: 12 მოგება, 11 ფრე და 11 მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები