EXCLUSIVE :
Aa
Aa

EXCLUSIVE : "ვიბრძოლეთ და თავი არ დავზოგეთ" - რა თქვა ლანჩხუთის მცველმა მატჩის შემდეგ?

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი „ლანჩხუთსა“ და შვედურ „როზენგარდს“ შორის თბილისში შედგა და სამწუხაროდ სტუმრების გამარჯვებით 7:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ Crystalsport გუნდის მცველს ნინი ჩხარტიშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

Crystalsport: პირველ რიგში Crystalsport მადლობას გიხდით ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ. თქვენ ნამდვილი გმირები ხართ! როგორ შეაფასებთ მატჩს, რამ გამოიწვია ასეთი წაგება?

- "დადებითად ამ მატჩს ვერ შევაფასებ, ასეთი ანგარიშით წავაგეთ, მაგრამ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ვიბრძოლეთ და თავი არავინ არ დავზოგეთ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა და ბოლომდე გვერდში გვედგა. "როზენგარდი" ჩვენზე ბევრად მაღლა დგას, პირობებით და გამოცდილებით პირველ რიგში.

ჩვენი გუნდიდან ნაკრებში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობს და დანარჩენებს ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან თამაშის გამოცდილება არ აქვთ. "როზენგარდის" ფეხბურთელები ადრე "ჩელსიში", "ლიონში" და "ვოლფსბურგში" თამაშობდნენ და ხო ხვდებით რამხელა გამოცდილება აქვთ? მათთან ფეხბურთი უფრო განვითარებულია და თვითონ ფეხბურთელებიც ბევრად განვითარებულები და ძლიერები არიან. არ მიჭირს იმის აღიარება, რომ ჩვენზე ბევრად ძლიერები იყვნენ. სწორედ ამ ყველაფერმა იქონია გავლენა დღევანდელ მარცხზე."

Crystalsport: ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ კარის მიმართულებით ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყით. ხომ არ იყო მატჩის წინ ზედმეტი ნერვიულობა ან წნეხი?

- "ნერვიულობის ფაქტორი იყო და ეს ლოგიკურიც არის. ჩვენთან ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელია და ასეთი დონის მატჩის იდეალურად ჩატარება რთულია. ვიმეორებ, ისინი ბევრად ძლიერები იყვნენ და შეტევის საშუალება არ მოგვცეს." 

Crystalsport: ფიზიკურ მომზადებაში ძალიან დიდი სხვაობა გამოჩნდა. მთლიანად გუნდი ფიზიკური კონდიციებისთვის შესაბამის რა ვარჯიშებს ასრულებთ და თუ გაქვთ ცალკე ფიტნეს დარბაზი?

- "ლანჩხუთში არანაირი პირობა და ინვენტარი არ გვაქვს იმისთვის, რომ დამატებითი ფიზიკური ვარჯიშები შევასრულოთ. ვვარჯიშობთ ჩვენი პირობებიდან გამომდინარე რაც გვაქვს. ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისის ბაზაზე ვვარჯიშობდით, მაგრამ ასეთი დონის მატჩისთვის კარგად მომზადებას 1 კვირაზე და 10 დღეზე მეტი ჭირდება.

ყურადღება ყველამ იმ მოგებული თამაშების შემდეგ მოგვაქცია. აქამდე, რომ მოექციათ ყურადღება და დაგვხმარებოდნენ, დღევანდელი მატჩი ასეთი შედეგით არ დასრულდებოდა."

Crystalsport: მატჩის წინ, მწვრთნელმა რა მითითება მოგცათ? რა იყო მისი უპირველესი დავალება ტაქტიკური თვალსაზრისით?

- "მწვრთნელის მითითება ის იყო, რომ გავსულიყავით მოედანზე, გვებრძოლა, ღირსეულად გვეთამაშა და თავი არ დაგვეზოგა. განსაკუთრებული ტაქტიკური დავალება არ გვქონია. მწვრთნელმა გვითხრა, რომ მოკლე გუნდი ვყოფილიყავით და მაქსიმალურად კომპაქტურად გვეთამაშა."

Crystalsport: დაცვის ხაზი ძალიან დაწეული იყო. მეტოქეზე პრესინგი საერთოდ არ ხორციელდებოდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელი იყო უფრო წინ აწეულებს გეთამაშათ და "როზენგარდის" შეტევებს ცენტრთან შეხვედროდით?

"ვცადეთ რამდენჯერმე, მაგრამ ისინი იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ ძალიან მარტივად გამოვიდნენ პრესინგიდან. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ უკან დავმდგარიყავით და კონტრ-შეტევებზე გვეთამაშა."

Crystalsport: რა გითხრათ მწვრთნელმა შესვენების დროს? რისი გამოსწორებისკენ მიგითითათ?

- "ბრძოლისთვის მადლობა გადაგვიხადა. ვნერვიულობდით და დამშვიდებისკენ მოგვიწოდა. გვითხრა, რომ შეგვეძლო უფრო თამამად გვეთამაშა და შეცდომები მაქსიმალურად გამოგვესწორებინა."

Crystalsport: გვითხარით, განვითარებისთვის და უკეთესი შედეგებისთვის რა ჭირდება გუნდს?

პირველ რიგში ისეთი პირობები გვჭირდება, როგორიც ევროპულ და ჩვენზე მაღალი დონის გუნდებს აქვთ. ელემენტარული რომ ავიღოთ, ისეთი ინვენტარი, რომელიც ფიზიკური ვარჯიშებისთვის დაგვეხმარება. არ გვაქვს ფიტნესის დარბაზი, სადაც დამატებით ვარჯიშებს შევასრულებთ. მარტო "ფიშკით" და ბურთით რთულია რამე გააკეთო და თამაში მოიგო.

ერთხელაც არ გაგვივლია ფიტნესი. მარტო სირბილი ხომ არ არის არა? დავრბივართ ბევრს და იმისთვის, რომ მეტი ენერგია გვქონდეს შესაბამისი ინვენტარი გვჭირდება. საქართველოში კაცების ფეხბურთში როგორი პირობები და ინვენტარიც არის, ასეთი, რომ ჩვენ გვქონდეს ბევრად მაღალ დონეზე ვიქნებოდით.

წაგების შემდეგ ბევრი უარყოფითი კომენტარი მოვისმინე და ვნახე. ყველამ კარგად უნდა გაანალიზოს, რომ იმ პირობებში, როგორშიც ჩვენ ვარჯიში გვიწევს ის შედეგიც გასაკვირია, რაც აქამდე მივიღეთ. საწყენია, როცა ათეულში მყოფ გუნდთან წაგების გამო გაკრიტიკებენ." - განაცხადა ნინიმ

მატჩის დასრულების შემდეგ "ლანჩხუთის" მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები ემოციურად გაამხნევა და ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ "ლანჩხუთისა" და "როზენგარდის" განმეორებითი მატჩი 16 დეკემბერს თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები