„მისთვის შეუძლებელი არაფერი იქნება
Aa
Aa

„მისთვის შეუძლებელი არაფერი იქნება" - nj.com-ის სტატია მამუკელაშვილზე

ცნობილმა ვებგვერდმა, Nj.com-მა „სეტონ ჰოლის“ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს საინტერესო სტატია მიუძღვნა, რომელშიც „მამუსა“ და მის პოტენციალზე NBA-ის დიდების დარბაზის წევრი მწვრთნელი, რიკ პიტინო და NBA-ის წარმომადგენლები საუბრობენ.

***

„შარშან, კევინ უილარდმა ყველას გასაგონად თქვა, რომ მაილს პაუელი NCAA-ში საუკეთესო კალათბურთელი გახლდათ. წლეულს „სეტონ ჰოლის“ მთავარი მწვრთნელი იმავეს სანდრო მამუკელაშვილზე ამბობს.

შაბათს, „პენ სტეიტთან“ მატჩის წინ, მამუკელაშვილთან საუბრისას, უილარდმა თავისი შეგირდი გამოწვია: „სანდრო, ჩემი აზრით, შენ NCAA-ში საუკეთესო კალათბურთელი ხარ, მაგრამ შენთვის ამის შეხსენება არ უნდა მჭირდებოდეს. პარკეტზე უნდა გახვიდე და ქვეყანაში საუკეთესო კალათბურთელი უნდა იყო. მაილს პაუელისთვის არასდროს მიხდებოდა შემეხსენებინა, რომ იგი ნომერ პირველი გახლდათ. მაილსმა ეს თავადაც კარგად იცოდა. შენც ასე უნდა მოიქცე. უნდა გახვიდე და ყოველ საღამოს დაამტკიცო, რომ საუკეთესო ხარ, მთავარი კი ისაა, რომ ეს არასდროს დაივიწყო.

უილარდის გამოწვევას საქართველოში დაბადებულმა მამუკელაშვილმა, რომელიც თავის მენტორს ზაზა ფაჩულიას უწოდებს, კარიერაში სარეკორდო 30 ქულით უპასუხა. მან ოვერტაიმში გადამწყვეტი ასისტიც გაიფორმა, რომლის შემდეგაც რეინოლდსმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მიმდინარე სეზონში გამართულ 5 შეხვედრაში „მამუ“ საშუალოდ 21 ქულას, 7.6 მოხსნას და 2.8 ასისტს აგროვებს. პარკეტიდან იგი 47 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან 39 პროცენტით უტევს.

NBA-ში მომუშავე ადამიანები და სკაუტები, რომლებმაც იციან რა არის საჭირო ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოსახვედრად, მამუკელაშვილს თვალს აქტიურად ადევნებენ. ESPN ვარაუდობს, რომ სანდროს 2021 წლის დრაფტზე არ აირჩევენ, თუმცა თუ მან ასე განაგრძო, ერთი წლის შემდეგ დიდი შანსია NBA-ის სავარჯიშო კემპზე მოხვდეს.

„ჩემი აზრით, თუ საკუთარ სხეულზე იმუშავებს, ცხიმის პროცენტულ წილს 8-მდე ან 9-მდე დაიყვანს და უფრო სწრაფი გახდება, პროფესიონალურ დონეზე თამაში შეეძლება. NBA-ში მრავლად არიან მისი მსგავსი კალათბურთელები, რომლებსაც სროლა და პასების გაკეთება ეხერხებათ, მაგრამ თუ მამუ თავის სისწრაფესა და ათლეტურობაზე იმუშავებს, მისთვის შეუძლებელი არაფერი იქნება.”, - ამბობს „აიონას“ თავკაცი, რიკ პიტინო, რომელსაც „ნიქსში“ და „სელტიქსში“ უმუშავია.

დღესდღეობით NBA-ში მომუშავე ადამიანები და სკაუტები მატჩების ჩანაწერების ყურებაში დიდ დროს ხარჯავენ და რამდენიმე მათგანი თვლის, რომ შარშანდელ დრაფტზე გასვლაზე უარის თქმა სწორი არჩევანი იყო.

„მამუმ სეტონ ჰოლში დაბრუნებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან კომისიის რჩევა გაითვალისწინა და იცოდა, რომ უფრო სტაბილური მომხსნელი და მსროლელი უნდა გამხდარიყო, რაც მიმდინარე სეზონის 5 შეხვედრაში უკვე აჩვენა. იგი ნიჭიერი და უნივერსალური მაღალია. სანდრო კალათიდან შორს შესანიშნავად გამოიყურება, ბურთსაც კარგად აკონტროლებს და სამწამიანშიც ჩინებულად ასპარეზობს. ორი აზრი არაა, რომ იგი მაღალი დონის კალათბურთელია“, - ამბობს NBA-ის დასავლეთ კონფერენციის სკაუტინგის დირექტორი.

მამუკელაშვილი BIG EAST-ის კონფერენციის პირველ სიმბოლურ ხუთეულში ერთხმად დაასახელეს. თუ მან ასე განაგრძო და „სეტონ ჰოლმა“ ცხრილის ზედა ნაწილში დაიმკვიდრა ადგილი, შეუძლია იერემია რობინსონ-ეარლსა და მარკუს ზეგაროვსკის BIG EAST-ის წლის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოზე კონკურენცია გაუწიოს.

„ჩემი თავდაჯერება იქაა, სადაც უნდა იყოს. ვცდილობ, წლეულს უფრო უნივერსალური გახლდეთ. ჩვენს ფარზე ბურთის მოხსნის შემდეგ, მწვრთნელი მეუბნება, რომ შევუტიო და თავისუფალ პოზიციაში მყოფი თანაგუნდელი ვიპოვო. გამომდინარე აქედან, ვთვლი, რომ ბურთი უფრო ხშირად მექნება, კალათს უფრო მეტჯერ შევუტევ და ვეცდები გუნდის ლიდერი ვიყო“, - განაცხადა სეზონის წინ მამუკელაშვილმა".

შეგახსენებთ, რომ „სეტონ ჰოლმა" 5-დან 2 შეხვედრა მოიგო და მომდევნო მატჩს „ვაგნერის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები