Aa
Aa

"90-იან წლებში, ამ დღეს ბიძაჩემი საქართველოში ომში დაიღუპა, ეს დღე ჩემი ოჯახისთვის სევდიანია"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ კარიერაში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. UFC Vegas 16-ის ფარგლებში თოფურია დეიმონ ჯექსონს დაუპირისპირდა და მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.

თოფურიამ პირველი რაუნდის დასრულებამდე 2 წუთითა და 22 წამით ადრე, შესანიშნავი კომბინაცია განახორციელა, ბრწყინვალე ნოკაუტი გაიფორმა და UFC-ში მეორე მოგება მიითვალა.

ბრძოლის შემდეგ თოფურიამ პრესასთან ვრცლად ისაუბრა:

„დღევანდელი დღე ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებულია. 90-იან წლებში, ამ დღეს ბიძაჩემი საქართველოში ომში დაიღუპა. ეს დღე ჩემი ოჯახისთვის სევდიანია, მაგრამ შესაძლოა დღეს მათი გაღიმება შევძელი. ყველა მიყვარხართ.

რაც შეეხება ბრძოლას, ამჯერად მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. ეს კი შესაფერისი სავარჯიშო კემპის დამსახურება გახლდათ. ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღე. ჩემი შვილის პირველ დაბადების დღეს ვერ დავესწარი და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ახლა კი პირველ რიგში ოჯახთან დავბრუნდები შობას მათთან ერთად გავატარებ.

კანელოს სტილში კორპუსში განხორციელებულ დარტყმებზე ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და საბოლოოდ მიზანს მივაღწიე, მეტოქე ნოკაუტში ჩავაგდე. ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ და თუ ერთ კვირას მომცემთ, რათა რამე შევჭამო და ვივარჯიშო, შემიძლია ოქტაგონზე დავბრუნდე.

ჯერ ახალგაზრდა ვარ და სასწავლი ბევრი მაქვს. ვფიქრობ, მომავალი ჩემპიონი ვარ. ბედნიერი ვარ იმით, რომ გვერდით მყავს ოჯახი, მეგობრები და ადამიანები, რომლებიც ოცნების ასრულებაში მეხმარებიან. არავინ მაინტერესებს, ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, ვისაც ქამარი აქვს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები