უსამართლო სამყარო და გმირები, რომლებიც ბავშვებს იმედს აძლევენ
Aa Aa

უსამართლო სამყარო და გმირები, რომლებიც ბავშვებს იმედს აძლევენ

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს გმირი. ექიმის მიერ გადარჩენილი 1 სიცოცხლეც კი უკვე გმირობაა. ვიღაც შესაძლოა სხვისთვის განკუთვნილ ტყვიას გადაეფაროს და ასე იქცეს გმირად. ვიღაცის წარმოთქმულმა სიტყვამ, შესაძლოა ხალხს იმედი და რწმენა მისცეს, რამაც საბოლოოდ რეალობა შეცვალოს, რაც ასევე გმირობა გახლავთ. პატარა ბავშვი, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს, ერთ მშვენიერ დღეს ბურთს შეეხება და მის გონებაში იმწამსვე ყველაფერი შეიცვლება - მასში გმირი იბადება...

ფეხბურთი მხოლოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა არ არის. ეს გახლავთ ჯანმრთელად და სწორად ცხოვრების გზა და მაგალითი, რომელსაც ახალგაზრდები უნდა გაყვნენ. ფეხბურთი ასევე არის შეუძლებლის შესაძლებლად ქცევის საშუალება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გმირების არსებობაში გვარწმუნებს.

რეალურ ცხოვრებაში სუპერგმირები არ არსებობენ, თუმცა არსებობენ ნამდვილი გმირები, რომლებიც ბავშვებს ჯანსაღ მაგალითსა და იმედს აძლევენ.

ფეხბურთელები საგმირო საქმეებს მოედანს მიღმაც აკეთებენ და სწორედ ამიტომაც გვიყვარს ეს დიდებული თამაში ასე ძალიან.

ფეხბურთელები გვაძლევენ ისეთ მაგალითებს, რომელთა ხილვის შემდეგაც სპორტის ამ სახეობაში წარმატების მიღწევა და ხალხისთვის მცირე ბედნიერების მინიჭებაც კი კიდევ უფრო სასურველი და საამაყო ხდება.

ამჯერად თქვენ ყურადღებას 4 გმირზე შევაჩერებ, რომლებიც კომიქსებიდან არ არიან - ისინი ნამდვილები არიან.

დიდიე დროგბა

ლეგენდარული კოტ-დივუარელი ფეხბურთელი აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში, თუმცა მის საამაყო ისტორიაში ერთი ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.

2006 წელს კოტ-დივუარის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ დიდიემ ქვეყანაში დაპირისპირებულ ორ მხარეს მოუწოდა სამოქალაქო ომი შეეწყვიტათ. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღეში მონაწილეებმა იარაღი დაყარეს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს.

ასევე, დროგბა გაეროს განვითარების პროგრამის კეთილი ნების ელჩია და 2010 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის ისეთ სპორტსმენებთან ერთად მოხვდა, როგორებიც მუჰამედ ალი და მაიკლ ჯორდანი არიან.

„The Didier Drogba Foundation“ 2014 წელს ფიფასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აფრიკაში ებოლას წინააღმდეგ ბრძოლაში.

"პეპსისგან" მიღებული ჰონორარი (3 მილიონი დოლარი) დიდიემ მთლიანად საკუთარ მშობლიურ ქალაქ აბიჯანში საავადმყოფოს აშენებას მოახმარა. მიუხედავად ქვეყანაში დიდი პოპულარულობისა, დროგბა არ აპირებს ჟორჟ ვეას გზას გაჰყვეს და პოლიტიკისგან თავს საკმაოდ შორს იჭერს, თუმცა ყოველთვის მზად არის ღარიბ ხალხს დაეხმაროს.

დიდიე არის გმირი, რომელიც თავისი საფეხბურთო კარიერის მანძილზე ხალხის გულებს სიხარულითა და იმედით ავსებდა, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, მას თავისი თანამემამულეები არ დავიწყებია და ქველმოქმედებაში დღემდე აქტიურად არის ჩართული.

ლეო მესი

არგენტინელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელებში და ტელევიზიებში ზედმეტი პიარისგან თავს იკავებს და დიდი ყურადღების მიპყრობას არ ცდილობს. მას ოჯახთან ერთად მშვიდად ყოფნა ურჩევნია.

მიუხედავად ლეოს სურვილისა, მისი საქველმოქმედო ნაბიჯები შეუმჩნეველი მაინც არ რჩება და მსოფლიომ ამის შესახებ კარგად იცის.

მესის უამრავი ღირსეული ნაბიჯიდან გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

2013 წელს მესიმ, ერთ-ერთი საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის 600 ათასი ევრო გამოყო.

მშობლიურ ქალაქ როსარიოში კი 152 ათასი ევრო სპორტული ცენტრის აღდგენას მოახმარა და ახალგაზრდების სწორად და ჯანსაღად აღზრდას ხელი კიდევ ერთხელ შეუწყო.

2016 წლის ივნისში მესიმ სასამართლო დავა მოიგო, რის შემდეგაც მან მორალური ზარალის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 65 ათასი ევრო მიიღო. არგენტინელმა მთელი თანხა ფონდს „ექიმები უსაზღვროდ“-ს გადაურიცხა.

ლეო მესის საქველმოქმედო საქმიანობა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით არ შემოიფარგლება, ის აქტიურად არის ჩართული თავისი მშობლიური ქალაქის როსარიოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

ის ასევე ეხმარება თავის მშობლიურ კლუბს „როსარიო სენტრალს“, სადაც მან ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადადგა.

„მე ამ ყველაფერს მხარს მხოლოდ ბავშვთა განათლების გაძლიერებისთვის ვუჭერ. მჯერა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება, საკუთარი პოტენციალი წარმოაჩინოს და ოცნების ასრულება შეძლოს“. ამბობს მესი.

ლეოს კარგად ახსოვს მისი ბავშვობა, რომელიც მან სიღარიბეში და დაავადებასთან ბრძოლაში გაატარა. რომ არა „ბარსელონა“, ვინ იცის როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება...

დღეს, ის ცდილობს მის ქალაქში მცხოვრებ გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმაროს და უკეთესი ცხოვრების შექმნის შანსი მისცეს.

კრიშტიანუ რონალდუ

მესის მსგავსად, პორტუგალიელიც დიდი ქველმოქმედი და უბრალოდ მისაბაძი ადამიანია.

2008 წელს კრიშტიანუმ ბრიტანულ ტაბლოიდთან მოგებული სასამართლო დავის შემდეგ მიღებული ფულადი კომპენსაცია მთლიანად მისი მშობლიური ქალაქის (კუნძულ მადეირაზე მდებარე ქალაქი ფუნშალი) განვითარებას მოახმარა.

ამავე წელს, ფეხბურთელმა 165 ათასი ევრო პორტუგალიის ერთ-ერთ საავადმყოფოს გადაურიცხა, რომელშიც ადამიანები სიმსივნეს ებრძვიან.

ცნობილი ამბავია, რომ რონალდუმ თვისი ერთ-ერთი ოქროს ბურთი აუქციონზე გაყიდა და მიღებული თანხა საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მიღებული 600 ათას ევროიანი ბონუსი კი რონალდუმ მთლიანად ქველმოქმედებას მოახმარა.

პორტუგალიელმა ასევე დააფინანსა 10 წლის ბავშვის ტვინის ოპერაცია, რომლისთვისაც მან 83 ათასი ევრო გაიღო.

2011 წელს კრიშტიანუ რონალდუმ 40 გოლი გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ „რეალმა“ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, "ოქროს ბუცი" მოიგო. პორტუგალიელმა ახლად მოპოვებული ჯილდო საქველმოქმედო მიზნებისთვის გაყიდა. აუქციონზე ბუცი 1.2 მილიონ ფუნტად შეიძინეს, შეგროვებული თანხა კი კრიშტიანუმ ომით განადგურებულ ღაზას სექტორში სკოლების ასაშენებლად გადარიცხა.

2014 წელს ათი თვის ერიკ ორტეზ კრუზს კორტიკალური დისპლაზია ჰქონდა, დედამ კი კრიშტიანუს დახმარება და შვილისთვის მაისურის ჩუქება სთხოვა.

აღნიშნული დაავადება დღეში საშუალოდ 30 შეტევას იწვევს...

ისტორიის გაგების შემდეგ კრიშტიანუმ ოპერაციის ფული, 55000 ფუნტი გადაიხადა და სარეაბილიტაციო პერიოდის ღირებულების დაფარვის პირობაც დადო, თუმცა საბედნიეროდ ბავშვი ძალიან მალე გამოჯანმრთელდა.

„მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ როდესაც შენ ადამიანებს ეხმარები, ღმერთი ორმაგად მეტს გაძლევს. ეს ჩემ თავზე ნამდვილად გამოვცადე. როცა იმ ხალხს დავეხმარე, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებოდა, ღმერთი უფრო მეტად დამეხმარა“, - ამბობს რონალდუ.

სადიო მანე

პატარა სენეგალელი ბიჭი, რომელიც 15 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა, რათა თავისი ოცნებისთვის ებრძოლა, ოჯახისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი მიზანი მიღწევადი იყო.

მანემ თავისი ოცნება რეალობად აქცია. ის არამხოლოდ უმაღლესი დონის ფეხბურთელი, არამედ კარგი ადამიანიცაა. სადიო თავის ქვეყანას ყველაფრით ეხმარება. პანდემიასთან ბრძოლისთვის მან სენეგალს 45 ათასი ევრო გადაურიცხა და საკუთარ ქალაქში ბამბალიში სკოლა ააშენა.

ქალაქს ასევე ახალი და ერთადერთი საერთაშორისო დონის საავადმყოფო აქვს, რომელიც მანეს ფინანსებითა და ძალისხმევით აშენდა.

„მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია დროული სამედიცინო დახმარება. ჩვენ ვერ მოვასწარით მამაჩემის გადარჩენა იმიტომ, რომ ბამბალიში არ იყო საავადმყოფო.“

მანეს მამა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, როდესაც სადიო 7 წლის იყო. ის მოედანზე სხვა ბავშვებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, როცა ბიძაშვილმა მამის გარდაცვალება შეატყობინა.

მამამისს წამლები ვეღარ შველიდა. იმის გამო, რომ ბამბალიში საავადმყოფო არ იყო, ის უახლოეს ქალაქში მიყავდათ. მანეს მამამ გზას ვერ გაუძლო და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მანემ ყველაფერი სწორად და თანმიმდევრობით დაგეგმა - მან საკუთარ ქალაქში პირველ რიგში ააშენა სკოლა, რომ პატარა სენეგალელმა ბავშვებმა განათლება მიიღონ. სკოლის შემდეგ კი საავადმყოფოს ჯერი დადგა, რომლითაც მისი თანაქალაქელები იქნებიან ჯანმრთელად და სხვა ქალაქებში სამკურნალოდ აღარ ივლიან.

მანე წლიურად 5 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს, ის ფულს ფუფუნებაში არ ხარჯავს. ეხმარება თავის ქვეყანას და ქალაქს, თვითონ კი გატეხილი მობილური ტელეფონით დადის.

„რაში მჭირდება 10 ფერარი, 20 ბრილიანტის საათი ან 2 კერძო თვითმფრინავი? რას გააკეთებენ ეს ნივთები ჩემთვის ან მსოფლიოსთვის?  მე ვშიმშილობდი, მიწევდა მიწაზე მუშაობა. ჩემ ცხოვრებაში იყო ძალიან ბევრი რთული პერიოდი. ვვარჯიშობდი ფეხშიშველი, არ მქონდა განათლება და კიდევ ბევრი სხვა რამ. მაგრამ ახლა ფეხბურთით ფულს გამოვიმუშავებ და შემიძლია ადამიანებს დავეხმარო.

მე ავაშენე ჩემ ქალაქში სკოლა და სტადიონი. ხალხი, რომელიც გაჭირვებაში ცხოვრობს, მათ ფეხსაცმელებით, ტანსაცმლითა და საჭმლით ვეხმარებით. ვამჯობინე, რომ ჩემმა ხალხმა იმის ნაწილი მიიღოს, რაც მე ახლა მაქვს.“

აქ კომენტარი ზედმეტია...

დასკვნა - ყველას შეუძლია „წითელი მოსასხამი მოიხუროს და გაფრინდეს“


როგორც უკვე აღვნიშნეთ გმირები არსებობენ. შესაძლოა ისინი ვერ დაფრინავენ და სუპერშესაძლებლობები არ აქვთ, მაგრამ გააჩნია როგორ შევხედავთ ამ ყველაფერს... განა ეს სუპერშესაძლებლობები არ არის? ბავშვი დაიბადა სიღარიბეში, ყველანაირი პირობების გარეშე, შემდეგ მიზანი დაისახა, მოინდომა და ის გახდა, ვინც უნდოდა რომ გამხდარიყო.

მიზნის მიღწევის შემდეგ კი მათ მსგავსი სამაგალითო ნაბიჯები გადადგეს, რომლებმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ერთმა მათგანმა კი საერთოდ ომიც შეაჩერა!

რეალობა ასეთია - პირადად ჩემთვის მსგავსი ისტორიებისა და ფაქტების ნახვა სასწაულის ხილვის ტოლფასია. და რა განსხვავებაა მათსა და სუპერგმირებს შორის? ვფიქრობ არანაირი. პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდია...

კიდევ ბევრი გმირი არსებობს, უბრალოდ მათი მოძებნა და დანახვაა საჭირო.

ბოლოს კი ასე დავასრულებ:

„ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მე ასეთი დამოკიდებულებისა და შეხედულების გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. გარწმუნებთ, რომ ფეხბურთი ამაზე გაცილებით, გაცილებით მნიშვნელოვანია“. - ბილ შენკლი.

გაზიარება: