Aa
Aa

მამუკელაშვილის სუპერ მატჩი და 25 ქულა - სეტონ ჰოლი მეორედ დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა. „მეკობრეებმა“ სტუმრად „როდ აილენდის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლიეს და 13 ქულით, 76-63 წააგეს.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. „მამუმ“ 38 წუთი ითამაშა, ორმაგი დუბლი გაიფორმა და 25 ქულას, 10 მოხსნას, 2 ასისტს და 1 ჩაჭრას დასჯერდა.

მამუკელაშვილმა პარკეტიდან 17-დან 8 ბურთი ჩააგდო, 8-დან 4 სამქულიანი მიითვალა და 9-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. სანდროს გარდა, „სეტონ ჰოლის“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული მხოლოდ ჯარედ როდენმა გადალახა და აქტივში ზუსტად 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი ჩაიწერა.

მატჩის შემდეგ, „მეკობრეების“ თავკაცმა, კევინ უილარდმა მამუკელაშვილის შესახებ მოკლედ ისაუბრა და განაცხადა: „არ მგონია, რომ სანდრომ კარგად იასპარეზა, თუმცა ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მისგან გაცილებით მეტს ველი, რადგან იგი ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელია. ჩემი აზრით, მან უფრო მშვიდად უნდა ითამაშოს. ხანდახან იგი ძალიან ჩქარობს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ახლა მას შეტევაში გაცილებით მეტის შექმნა ევალება. შარშან ყველაფერი სხვანაირად იყო და ამის გამოსწორებას გარკვეული დრო დასჭირდება“.

„სეტონ ჰოლის“ ანგარიშზე 2 წაგება და 1 მოგებაა. „მეკობრეები“ მომდევნო შეხვედრას თბილისის დროით 5 დეკემბერს გამართავენ და საკუთარ კედლებში „ორეგონს“ დაუხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები