მადრიდის რეალში განხეთქილებაა? - ზიდანის წასვლა ფეხბურთელებს სურთ
Aa
Aa

მადრიდის რეალში განხეთქილებაა? - ზიდანის წასვლა ფეხბურთელებს სურთ

გავლენიანი ესპანური გამოცემა, El Mundo იტყობინება, რომ „რეალის“ თავკაცის, ზინედინ ზიდანის მადრიდული მომავალი ბურუსითაა მოცული. „შახტართან“ წაგებული მატჩის შემდეგ, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელები ცვლილებების გატარებაზე დაფიქრდნენ და სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.

დღეს კი სპორტული გამოცემა COPE გვამცნობს, რომ ფრანგი სპეციალისტის წასვლა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელსაც სურს.  ზიდანი ყოველთვის გამოირჩეოდა გუნდში საუკეთესო ატმოსფეროს შექმნის ნიჭით და ახლა ბევრი რამ შეიცვალა. ჯერჯერობით უცნობია იმ მოთამაშეების ვინაობა, რომლებსაც 48 წლის მწვრთნელის წასვლა უნდათ.

ამ ინფორმაციას MARCA-ც ადასტურებს, თუმცა საპირისპირო აზრზეა AS. ვიგებთ, რომ ცუდი შედეგების მიუხედავად ზინედინს გუნდიდან გაშვება არ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ  ესპანეთში MARCA მადრიდის "რეალთან" ყველაზე დაახლოებული გაზეთია.

AS-ის მოსაზრებას თავად ფრანგი სპეციალისტიც ამყარებს. ზიდანმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაგომას არ აპირებს. "„მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას არ ვაპირებ. რთული პერიოდი გვიდგას და შედეგების მხრივ განსაკუთრებით გვიჭირს. ეს რეალობაა, მაგრამ აუცილებელია, წინსვლა განვაგრძოთ."

შეგახსენებთ, რომ „ბლანკოსი“ „შახტართან“ 2-0 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩენის საფრთხის წინაშე დადგა. „რეალს“ 7 ქულა აქვს და ბოლო ტურში „გლადბახს“ დაუპირისპირდება. „სამეფო კლუბს“ შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სასურველი შედეგის დაფიქსირება მართებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები