შვეიცარიული სისტემა ჩემპიონთა ლიგაზე - უეფა დიდ ცვლილებებს გეგმავს
Aa
Aa

შვეიცარიული სისტემა ჩემპიონთა ლიგაზე - უეფა დიდ ცვლილებებს გეგმავს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Times იუწყება, რომ უეფას მესვეურები ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზული ცვლილებების გატარებას აპირებენ, რათა კლუბების მოთხოვნები დააკმაყოფილონ და სუპერ ლიგის შექმნა თავიდან აირიდონ. როგორც ირკვევა უეფა უახლოეს პერიოდში განიხილავს გეგმას, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტრუქტურის შეცვლაზეა საუბარი. Times-ის მიხედვით, საქმე ასეთ ცვლილებებთან გვექნება:

32 ან 36 გუნდისგან ერთი დივიზიონი შეიქმნება და გუნდები ჯგუფებში აღარ გადანაწილდებიან, თუმცა ყველა ერთმანეთს არ შეხვდება. პლეიოფის დაწყებამდე გუნდები 10-10 მატჩს გამართავენ და ყველა დაპირისპირებას სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ ჩაატარებენ - 5-ს საკუთარ კედლებში, 5-ს სტუმრად. მათი მოწინააღმდეგების ვინაობა კი კენჭისყრის საშუალებით გაირკვევა.

ზემოთ ხსენებულ 10 შეხვედრაში დაგროვებული ქულებით სატურნირო ცხრილში 16 საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, რომლებიც პლეიოფში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. პირველ ადგილზე გასული გუნდი მე-16 ადგილზე მყოფს დაუპირისპირდება. მეორეადგილოსანი მე-15 პოზიციაზე გასულ გუნდს შეხვდება და ა.შ. ის გუნდები კი, რომლებიც მე-17-დან 24-ე ადგილებს დაიკავებენ, ასპარეზობას ევროპა ლიგაზე განაგრძობენ.

Times იტყობინება, რომ უახლოეს პერიოდში ყველა დეტალი გახდება ცნობილი და დასძენს, რომ უეფაში „შვეიცარიულ სისტემას“ ბევრი მომხრე ჰყავს. თუ ეს პროექტი გავიდა, ცვლილებები 2024 წლიდან დაინერგება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები