Aa
Aa

„პლეიოფში გასვლის შანსი შევინარჩუნეთ" - კონტე გლადბახთან მატჩის შემდეგ

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ „გლადბახთან“ აღებული სამი ქულის შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თავისი შეფასება გაუზიარა. იტალიელი სპეციალისტი შედეგით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა:

„გლადბახი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ბუნდესლიგაში ჩინებულად ასპარეზობს. ჩვენ მათ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ჯგუფის ლიდერს დავუპირისპირდით და პლეიოფში გასვლის შანსი შევინარჩუნეთ. მთავარი სწორედ ესაა. ბიჭების მადლიერი ვარ, რადგან ისინი მოედანზე ასეთი მატჩისთვის შესაფერისი განწყობით გავიდნენ. როცა მათ ერთმანეთის დახმარების სურვილი აქვთ და შეკრული გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებთ, მეტოქეებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ასეთი მატჩები ადასტურებს, რომ ინტერში გუნდური სულისკვეთება სუფევს და თითოეული ჩვენგანი ცდილობს, გულშემატკივრებს სიხარული მიანიჭოს.

პირველი ტაიმის მიწურულს გაშვებულ გოლს ჩვენი განადგურება შეეძლო, თუმცა შესვენებაზე შექმნილი ვითარება გავაანალიზეთ და საწყის ნახევარში დაშვებულ შეცდომებზე ვიმსჯელეთ. იმ მომენტში ბიჭებს ჩემი მხარდაჭერა სჭირდებოდათ და მათ ვუთხარი, რომ თამაში ჩვეულ სტილში უნდა გაგვეგრძელებინა და დაგვებრუნებინა ის დონე, რომელიც მატჩის პირველ წუთებში ვაჩვენეთ. მიხარია, მართალი რომ აღმოვჩნდი და ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ რომ დასრულდა“.

„ინტერმა“ ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და 5 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. „ნერაძურის“ პლეიოფში გასვლის შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის „შახტარის“ დამარცხება მართებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები