„სადებიუტო ბრძოლაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა
Aa
Aa

„სადებიუტო ბრძოლაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა" - UFC-ის საიტი რომან დოლიძეზე

6 დეკემბერს, UFC-ის მორიგი ღონისძიებაა ჩანიშნული, რომელშიც სამი ქართველი მებრძოლის მონაწილეობა იგეგმება. რომან დოლიძე ჯონ ალანს დაუპირისპირდება. ილია თოფურია დეიმონ ჯექსონს შეხვდება. მერაბ დვალიშვილის მეტოქე კი ჯერჯერობით უცნობია და უცხოური გამოცემები ვარაუდობენ, რომ 6 დეკემბერს მერაბის ოქტაგონზე ხილვის შანსი ძალიან დაბალია.

UFC Fight Night: Hermansson vs. Vettori-ის დაწყებამდე UFC-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ღონისძიების ეგიდით გასამართ ბრძოლებს შეეხო და ბუნებრივია, რომ ქართველ მებრძოლებზეც ისაუბრა.

რომან დოლიძე ჯონ ალანის წინააღმდეგ

„კვირას (თბილისის დროით), ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში ორი ბრძოლაა დაგეგმილი და პირველ დაპირისპირებაში ოქტაგონზე რომან დოლიძე და ჯონ ალანი გავლენ. მებრძოლები, რომლებიც UFC-ში მეორე შერკინებას ჩაატარებენ.

საქართველოში დაბადებულმა დოლიძემ UFC-ში გამართულ სადებიუტო ბრძოლაში, რომელსაც მებრძოლთა კუნძულმა უმასპინძლა, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მან პირველ რაუნდში ხადის იბრაგიმოვი დაანოკაუტა და კარიერული მოგება-წაგებების ბალანსი 7-0-ზე აიყვანა.

დოლიძემ კარიერაში ყველა ბრძოლა ნაადრევად დაასრულა და საქმე სწრაფად მოაგვარა. ეს კი სწორედ ისაა, რაც პერსპექტიული და ნიჭიერი მებრძოლისგანაა მოსალოდნელი, რომელიც UFC-ის რეიტინგში წინსვლისთვის მუშაობს.

ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონი ერთ-ერთია, რომელშიც რამდენიმე მაღალი დონის გამოსვლა რეიტინგში სწრაფად აღზევების საშუალებას იძლევა. მართალია, დოლიძე და ალანი UFC-ში მეორე ბრძოლას ატარებენ, მაგრამ მათ შორის გამარჯვებული 2021 წელს გაცილებით ცნობილი მებრძოლების წინააღმდეგ ჩხუბის უფლებას მიიღებს", - წერს UFC-ის საიტი.

ცნობისთვის, ბუკმეიკერები დოლიძეს ფავორიტად მოიაზრებენ და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი მებრძოლი წარმატებულ გზაზე სიარულს გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები