„აპრილში ვიჩხუბებთ
Aa
Aa

„აპრილში ვიჩხუბებთ" - ჰოლიფილდი 56 წლის ბრიტანელ მოკრივეს შეერკინება

ცნობილი ბრიტანული სპორტული რადიოს, Talksport-ის ექსკლუზიური ინფორმაციით ევანდერ ჰოლიფილდი რინგს 2021 წლის აპრილში დაუბრუნდება. როგორც ირკვევა, ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე გლენ მაკკრორის წინააღმდეგ იჩხუბებს. Talksports-ს ბრიტანელი მოკრივეც დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასსა და ჰოლიფილდს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა.

„გუშინ საღამოს ჰოლიფილდს მობილური ტელეფონით ველაპარაკე და მითხრა, რომ ჩემ წინააღმდეგ იჩხუბებს. მას ჩემი 30 წელიწადის განმავლობაში ეშინოდა და როგორც იქნა სიმამაცე მოემატა და ჩემთან ბრძოლას დათანხმდა. ჩვენი ვარაუდით ბრძოლა აპრილში გაიმართება და მას O2-ის არენა უმასპინძლებს.

როცა ევანდერი მძიმეწონით დივიზიონში გადავიდა, პირველ მძიმე წონაში საჩემპიონო ქამარი მე დავისაკუთრე და გუშინ საღამოს ვკითხე: „ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღე? ჩემი გეშინოდა“?

ჩვენი ბრძოლა 30 წელიწადია იგეგმება. მე პირველ მძიმე წონაში ტახტის მემკვიდრე ვიყავი და მასთან ჩხუბი იყო ის, რაც ყოველთვის მინდოდა, რადგან ჰოლიფილდი საუკეთესო გახლდათ, თუმცა ევანდერი გაიქცა.

სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფები. შარშან მსოფლიოში სიმაღლით მერვე მწვერვალი ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე დავიპყარი და თუ ეს შევძელი, ჰოლიფილდის წინააღმდეგ ჩხუბიც გამომივა“.

ცნობისთვის, გლენ მაკკრორი პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელია. იგი 56 წლისაა და ბოლოს 1993 წელს იჩხუბა. მათი ბრძოლა Bare Knuckle Boxing-ის ფარგლებში გაიმართება, თუმცა მოკრივეები რინგზე ხელთათმანებით გავლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები