გზა, რომელიც წრეზე გვატარებს და ფსკერზე გვტოვებს
Aa Aa

გზა, რომელიც წრეზე გვატარებს და ფსკერზე გვტოვებს

არსებობენ ქვეყნები, რომელთა სახეც ამა თუ იმ საქმიანობაში იდეალურად გამოიხატება. შესაძლოა ეს სპორტი იყოს, ან კულტურა, არქიტექტურა ან სხვა რამ. ჩვენთან საქართველოში არსებულ ნეგატიურ გარემოს, არსებულ პრობლემებსა და რეალობას ფეხბურთი იდეალურად გამოხატავს.

დღეს მინდა საუბარი ცოტა სხვა მიმართულებით გავშალო, რა თქმა უნდა მთავარი სასაუბრო თემა ფეხბურთია, თუმცა პარალელებს ჩვენ ისტორიასთან, ყოველდღიურობასთან და პოლიტიკასთან გავავლებ, რომ სათქმელი უფრო ზუსტად ჩამოვაყალიბო და თქვენამდე მოვიტანო.

ერი, რომელიც მესიას ელტვის

მოდით სიმართლე ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალი მატჩის წინა დღით წავაგეთ, როცა კვარაცხელიას დაინფიცირების ამბავი გავრცელდა.

ცივ გონებაზე საუბარი, მსჯელობა და სწორი დასკვნების გამოტანა გაცილებით ადვილია, ვიდრე ცხელ გულზე და დაძაბულ ნერვებზე.

საქართველო, მთლიანად ქვეყანა მზად არ აღმოჩნდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გვეთამაშა. როგორც აღმოჩნდა მთელი 2 წელი 1 ადამიანის იმედად ვიყავით, რომელსაც მხრებზე ვყავდით შესმული და სანუკვარი მიზნისკენ მიგვათრევდა.

მართალია ეს 1 კაცი ჯერ ჩაკვეტაძე იყო, შემდეგ კი კვარაცხელია, თუმცა არსებით სურათს არ ცვლის. ერთა ლიგის ჯგუფური „ჩაკვემ“ მოგვაგებინა, ფინალში კი „კვარამ“ გაგვიყვანა.

ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია (ბოლო 30 წელი) გვეუბნება, რომ ვართ ერი, რომელიც მესიას ელტვის, რომელსაც უნდა, რომ ყველა პრობლემა ვინმე ერთმა გადაუწყვიტოს და მთელი პასუხისმგებლობაც იმ „ერთმა“ აიკიდოს.

ვფიქრობ, ჩვენში შუა საუკუნეობრივი მონარქია კვლავ ღრმადაა გამჯდარი, უბრალოდ ამას ხმამაღლა არავინ ამბობს და ბევრი ვერც ხვდება, თუმცა საქმით ამას ვამტკიცებთ.

ყველამ ვიცოდით, რომ ფინალურ მატჩს ვერ დავესწრებოდით, მაგრამ მხოლოდ წაგების შემდეგ ავტეხეთ განგაში. იქამდე კვარაცხელიას იმედი გვქონდა და დარწმუნებული ვიყავით, რომ შეხვედრას მოვიგებდით.

ჩვენ ქვეყანაში ყველა, რომ თავის საქმეს აკეთებდეს, დღეს იქ არ ვიქნებოდით სადაც ახლა ვიმყოფებით. ასეთები არ ვიყავით, ასეთებად რუსეთმა გვაქცია. ქართველი კაცი ყოველთვის მშრომელი იყო, მიწათმოქმედი. ზარმაცობა ჩვენში არ იყო. სხვის იმედზე ყოფნას არ ვიყავით ნაჩვევი. ყველა თავის გასაკეთებელს აკეთებდა. ქვეყანაც ამიტომ გვქონდა და მისით ჩვენი წინაპრები ამაყობდნენ.

დღეს ქვეყანა გვაქვს? არამგონია. დღეს უბრალოდ ვარსებობთ და წარსულს ვებღაუჭებით. საბჭოთა კავშირში მოხვედრამ და ზოგადად რუსული ჩექმის ქვეშ ყოფნის თითქმის 200-მა წელმა ქართველი ერი გააზარმაცა და ჩვენ გენში, ხასიათში ბევრი ნაგავი შემოიტანა.

ზედმეტად მივეჩვიეთ, რომ ჩვენ პრობლემებს 1 კაცი, ვინმე „მესია“ გადაწყვეტს და ცხოვრებას მოგვიწყობს. რატომ ვილტვით ამისკენ? რატომ ჰყავდა და ჰყავს სააკაშვილს დღემდე ამდენი მომხრე? შემდეგში რატომ ეგონა (ალბათ დღესაც) ხალხს, რომ ერთი ივანიშვილი მათ ყველა პრობლემას მოუგვარებდა? მხოლოდ ხმის მიცემით და შემდეგ სახლში ჯდომით ქვეყანა არ შენდება. ერთ ადამიანზე ასე გაფანატება და დამოკიდებულება ყოველთვის ჭაობში ჩახრჩობის წინაპირობაა.

როგორც ერმა რა გავაკეთეთ ჩვენი კეთილდღეობისთვის? აქციების სწორად გამართვაც არ შეგვიძლია. რომელი აქცია მოეწყო ნამდვილი, რეალური, საჭირო პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით? ხელოვნურად გაბერილი ფასები, დაბალი ხელფასები, დაუფასებელი შრომა, დაუფასებელი ადამიანი, ბანკი და მისი არარეალურად მაღალი პროცენტები, რეალობას აცდენილი პენსია, მედიკამენტებზე არსებული უნამუსოდ მაღალი ფასები, შრომის კოდექსი, რომელიც დასაქმებულს არ იცავს - ეს რეალური პრობლემებია, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურობაზე გავლენას პირდაპირ ახდენენ.

ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა - მაკედონიელმა ჟურნალისტმა მითხრა, ფინალი ჩვენთან, რომ ჩატარებულიყო და სტადიონზე მაყურებელთა შესვლა აეკრძალათ, ქვეყანაში რევოლუცია მოხდებოდაო.

ჩვენთან რა მოხდა? ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია მოეწყო - რატომ არ შეგვიშვით სტადიონზეო. „დროული“ იყო ხომ?

ფეხბურთისა და პოლიტიკის კიდევ ერთი მსგავსება - მედია

რამდენად ხშირად ეწყობა პოლიტიკური გადაცემები ამ რეალური პრობლემების შესახებ? პასუხია არასდროს.

რამდენად ხშირად ეწყობა საფეხბურთო გადაცემები ფეხბურთში არსებული რეალური პრობლემების შესახებ? რამდენად ვხედავთ კომპეტენტური პირების მისამართით დასმულ აუცილებელ და მწვავე კითხვებს? თითქმის არასდროს.

რაც ფეხბურთით დავინტერესდი, ბავშვობიდანვე მიყვარდა გადაცემების ყურება და საკითხებში ღრმად ჩაძიება.

ყოველთვის ასე იყო - ნამდვილი, საჭირო, დროული და კრიტიკული კითხვები არ ისმებოდა, რადგან ყველა "ვიღაცის ვიღაცა იყო", ყველა რაღაცას, ან ვიღაცას ერიდებოდა და სიტუაციას არ ამწვავებდა.

ასეთმა არაჯანსაღმა გარემომ, რომელშიც კრიტიკა მწირია, დაგვიანებულია და ხშირ შემთხვევაში არასწორი მისამართით არის, მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს - ქაოსური, ნეგატიური, გაბოროტებული გარემო.

დასკვნა - წრეს დასასრული არ აქვს

არ არის ნორმალური, როდესაც მთელ ერს 1 კაცის იმედი აქვს. არ არის ნორმალური, როცა შენი ისტორიული შანსი 1 თინეიჯერის იმედად არის და მასზეა დამოკიდებული. არ არის ნორმალური, როდესაც სახელმწიფო უეფასგან ბოძებულ შანსს არ იყენებს და ისტორიული მატჩის წინ, ტრიბუნებზე 10-15 ათასი ქომაგის შეშვებაზე უარს ამბობს (რაც ევროპულმა მაგალითებმა გვანახეს, რომ სრულიად შესაძლებელი იყო), არც ის არის ნორმალური, რომ ჩვენ ხალხი და პრესა ამას შესაბამისად (დროულად) არ ვაპროტესტებთ, არ არის ნორმალური, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელს 19 წლის ბიჭის გარდა ალტერნატიული სათამაშო სქემა არ აქვს და მოულოდნელი პრობლემისთვის მზად ოდნავადაც არ არის.

პირდაპირ ვიტყვი - მოვისმინე ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა პასუხები ბილეთების არგაყიდვასთან დაკავშირებით და მათი ნათქვამი ერთნაირად დავარცხნილი, ბანალური და ლამაზად შეფუთული იყო. სხვისი არ ვიცი და მე ეს „არ მიჭამია“.

დამრჩა შეგრძნება (დარწმუნებული ვარ თქვენც), რომ ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამ საკითხს მონდომება დააკლო, მთავრობას შესაბამისად ვერ მიაწვა, მაგრამ სინდისი არც მე მიშვებს სხვისი კრიტიკისკენ და ცუდი შედეგის კონკრეტულად ვინმესთვის გადაბრალებისკენ, რადგან ამ მხრივ შესაბამისი ნაბიჯები არც პრესის წარმომადგენლებს გადაგვიდგამს და არც გულშემატკივრებს...

დიახ, ფეხბურთში არსებული გარემო, სიტუაცია და რეალობა ძალიან ჰგავს ჩვენ ქვეყანაში არსებულ რეალობას.

ასე არ უნდა გაგრძელდეს, რადგან წრეს დასასრული არ აქვს, იმიტომ, რომ ის წრეა და ყოველთვის წრეზე გატარებს.

გაზიარება: