Aa
Aa

„მოკვლით მემუქრებიან, მაგრამ არაფერს ვნანობ" - გოგონა რომელმაც მარადონას პატივი არ მიაგო საკუთარ ჟესტზე

ესპანელმა ფეხბურთელმა, პაულა დაპენამ, რომელმაც მარადონასადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილისას ლეგენდარული არგენტინელისთვის პატივის მიგებაზე უარი თქვა, განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს არ ნანობს. დაპენას სიტყვებს AS ავრცელებს და 24 წლის გოგონა ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილების გამო სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი შინაარსის წერილების ადრესატი გახდა.

„რამდენიმე დღის წინ, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე იყო. მარადონასადმი, რომლის შესახებაც ცნობილი გახლდათ, რომ მოძალადე იყო, პატივის მიგება და ძალადობის მსხვერპლი ქალბატონების უყურადღებოდ დატოვება ფარისევლობად მიმაჩნია.

მახსოვს, მანქანაში ვიყავი, როცა გავიგე, რომ მატჩის დაწყებამდე წუთიერი დუმილი იქნებოდა. იმ მომენტშივე ვთქვი, რომ მასში მონაწილეობას არ მივიღებდი, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, რას გავაკეთებდი. გადაწყვეტილება მოედანზე გასვლის შემდეგ მივიღე და შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია.

ჩემი პროტესტის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ანგარიშების დახურვა მომიწია, რადგან, როგორც მე, ისე ჩემმა თანაგუნდელებმა შეურაცხმყოფელი შინაარსის უამრავი შეტყობინება მივიღეთ. მათ შორის სიკვდილის მუქარის შემცველი წერილებიც იყო და ერთ-ერთში ასეთი რამ ეწერა: „შენს მისამართს გავიგებ, შენს სახლში შემოვალ და ფეხებს მოგამტვრევ“.

მარადონა შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, რომელიც ბევრი რამით გამოირჩეოდა, მაგრამ პიროვნული გადმოსახედიდან მასზე იგივეს ვერ ვიტყვით. მისი მსგავსი ადამიანისთვის პატივის მიგება ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამას უბრალოდ ვერ გავაკეთებდი“.

ცნობისთვის, 2014 წელს, გავრცელდა ვიდეო, რომლის შემდეგაც მარადონა მეგობარ გოგონაზე, როკიო ოლივაზე ძალადობაში დაადანაშაულეს. მაშინ ლეგენდარულმა არგენტინელმა ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ ქალისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა ცხოვრებაში არასდროს მიუყენებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები