Aa
Aa

ისტორიული გადაწყვეტილება - სტეფანი ფრაპარი ჩემპიონთა ლიგის მატჩს იმსაჯებს

ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მე-5 ტურის შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს „იუვენტუსი“ და კიევის „დინამო“ დაუპირისპირდებიან, საფეხბურთო ისტორია დაიწერება. მატჩის მთავარი არბიტრის ფუნქციებს სტეფანი ფრაპარი შეითავსებს და იგი პირველი ქალი რეფერი გახდება, რომელიც კაცთა ჩემპიონთა ლიგის მატჩს განსჯის.

ფრაპარს ლიგა 1-ის შეხვედრებზე სისტემატურად ნიშნავენ და მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 5 მატჩი განსაჯა. იგი მთავარი არბიტრი ევროპა ლიგის 2 შეხვედრაში და უეფას ერთა ლიგის D ჯგუფში, მალტასა და ლატვიას შორის გამართულ დაპირისპირებებშიც იყო. ჩემპიონთა ლიგა კი მისთვის ახალი გამოწვევაა.

2019 წელს, ფრაპარი უეფას სუპერ თასის მატჩს გაუძღვა და „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ შერკინება განსაჯა. მაშინ იგი პირველი ქალი არბიტრი გახდა, რომელსაც კაცთა ფეხბურთში ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი ანდეს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 9 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ეტაპზე გასვლა გარანტირებული აქვს. „ბიანკონერი“ ლიდერ „ბარსელონას“ 3 ქულით ჩამორჩება და ამ ჯგუფში მთავარი ინტრიგა სწორედ პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გუნდების ვინაობას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები