„ეს გამარჯვება საქართველოსთვისაა
Aa
Aa

„ეს გამარჯვება საქართველოსთვისაა" - ზუროსი შვეიცარიასთან მოგებით კმაყოფილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა შვეიცარიასთან მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა. ბერძენი სპეციალისტი შენგელიას საკითხსაც შეეხო და განაცხადა:

„პირველი რიგში, მინდა, ჩემს კალათბურთელებს გამარჯვება მივულოცო. განსაკუთრებით თოკოს, რომელსაც რეალის წინააღმდეგ რთული მატჩი ჰქონდა და ფინეთში ჩამოფრინდა, რათა ყველასთვის ეჩვენებინა რამდენად უყვარს საქართველოს ნაკრები. ჩვენს კალათბურთელებს, შერმადინს, მაკფადენს და სხვებს, ნაკრებში ყოფნა ძალიან სიამოვნებთ და ისინი ამას ყოველ ჯერზე აჩვენებენ.

გუნდში არსებული ატმოსფეროთი უბედნიერესი ვარ. ეს გამარჯვება საქართველოსთვისაა. 4-დან 4 მატჩი მოვიგეთ და ევრობასკეტზე თამაში განაღდებული გვაქვს, რადგან მასპინძლის სტატუსით ვიქნებით, მაგრამ ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და ესეც მნიშვნელოვანია.

ჩვენ ახალგაზრდა კალათბურთელებს ვიყენებთ, რათა მათ ხასიათი ჩამოვუყალიბოთ და იმედი გვაქვს, მომავალშიც ისეთი ძლიერი გუნდი გვეყოლება, როგორიც ახლა გვყავს.

ურთულესია, სამწამიანში კარგად ითამაშო, როცა პერიმეტრიდან სროლები არ მიგდის. დღეს, ჩვენმა მეტოქემ აქცენტი სამწამიანზე გააკეთა და ვიცოდით, რომ ბურთი პერიმეტრზე უნდა ამოგვეტანა და თავისუფალი სამქულიანები გვესროლა. მიზანს რამდენჯერმე მივაღწიეთ და რამდენიმე შეცდომაც დავუშვით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ჭკვიანურად ვითამაშეთ და გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტზე თამაში განაღდებული გვაქვს, შვეიცარიასთან ვეცადეთ, მაქსიმუმი გვეჩვენებინა. მეტოქეებისა და ჩვენი თავის წინაშე მართლები ვართ. ევრობასკეტი შორსაა და მანამდე აუცილებელია კალათბურთელები ჯანმრთელად იყვნენ და ახალგაზრდა თაობას განვითარების საშუალება მივცეთ. ევრობასკეტამდე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გველის. ჩვენ პირველ რიგში სწორედ ამ შეხვედრებისთვის უნდა მოვემზადოთ და შემდეგ აქცენტი ევრობასკეტზე გავაკეთოთ".

შეგახსენებთ, რომ ზუროსის გუნდმა მეტოქეს 91-84 სძლია და 4-დან 4 მოგებით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას თებერვალში გამართავს და სერბეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები