„საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ვთამაშობთ
Aa
Aa

„საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ვთამაშობთ" - შენგელიას მატჩისშემდგომი კომენტარი

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან მოგებული მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა. თოკომ ფინეთში გამართული შეხვედრა შეაფასა და ახალგაზრდა მოთამაშეები შეაქო.

„ძალიან რთული მატჩი იყო. ვიცოდით, რომ შვეიცარიის ნაკრები რთული მეტოქე იქნებოდა. მათ ეს საქართველოში გამართულ შეხვედრაში დაამტკიცეს, რომელშიც თითქმის 20 ქულით ვიგებდით, მაგრამ მათ თამაშში დაბრუნება და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხეს.

გამომდინარე აქედან, ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ წინ 12 ან 15 ქულითაც რომ ვყოფილიყავით, მოდუნების უფლება არ გვექნებოდა და ჩემი აზრით, გუნდმა შესანიშნავი სამუშაო გასწია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, სიმშვიდე შევინარჩუნეთ და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. აღსანიშნავია, რომ სამწვრთნელო შტაბმაც ჩინებულად იმუშავა და როგორც შეტევაში, ისე დაცვაში სწორი ტაქტიკით მოგვამარაგა.

როგორ აღვნიშნე, ყველამ იცის, რომ ევრობასკეტის საგზური უკვე განაღდებული გვაქვს და სულერთია მოვიგებთ თუ წავაგებთ, თუმცა როგორც მწვრთნელმა თქვა ჩვენს თავთან და სხვა გუნდებთან მართლები უნდა ვიყოთ. ეს გამარჯვება ევრობასკეტზე მოსახვედრად არ ყოფილა. ეს გამარჯვება საქართველოსთვის და ჩვენი ხალხისთვის იყო.

ჩემ მიერ ნაჩვენებ თამაშს რაც შეეხება, არ მინდა, აქცენტი ჩემს გამოსვლაზე გავაკეთო. როგორც აღვნიშნე, თანაგუნდელები მეხმარებიან და მათთვის მეც იმავეს ვაკეთებ. კალათბურთი ხომ გუნდური თამაშია. შვეიცარიელები ჩემზე და გიოზე ორმაგ და სამმაგ დაცვას ხშირად აწესებდნენ და ჩვენ ჭკვიანური კალათბურთი ვაჩვენეთ. ბურთი სამწამიანად გამოგვქონდა, რის შემდეგაც ჩვენი თანაგუნდელები ქულებს იღებდნენ. ეს უმარტივესი რამაა, თუმცა აუცილებელია, რომ სხვა კალათბურთელებიც დავაფასოთ. ახალგაზრდებმა ისე ითამაშეს, თითქოს ამ დონეზე დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობენ. ისინი დაფასებას ნამდვილად იმსახურებენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. ყველამ ვიცით, რომ ევრობასკეტზე ასპარეზობა უკვე განაღდებული გვაქვს, რადგან ტურნირს ვმასპინძლობთ, მაგრამ საგზური ისედაც მოპოვებული გვექნებოდა, რადგან ოთხივე თამაში მოვიგეთ. გამომდინარე აქედან, მინდა ვთქვა, რომ ამ მატჩებს არ ვთამაშობთ იმიტომ, რომ ევრობასკეტზე გავიდეთ, ამ თამაშებს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ვთამაშობთ.

როგორც გუშინ აღვნიშნე, საქართველოს ძალიან რთული პერიოდი უდგას და ჩვენ, ქართველებმა საქართველოზე უნდა ვიზრუნოთ. ვიცი, ჩვენი ხალხისთვის პატარა პოზიტიური ნაპერწკალიც რამდენად მნიშვნელოვანია. ამიტომ, მადლობა უფალს, რომ ეს თამაში მათთვის მოვიგეთ.

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩემი ბიჭებით, ჩემი მწვრთნელებით, ჩვენი ექიმებით და ყველა იმ ადამიანით, ვინც აქ არის, ძალიან ვამაყობ. მინდა, ახალგაზრდებზე და ახალწვეულებზე ვთქვა, რომ ისე თამაშობდნენ, როგორც ნამდვილი პროფესიონალები. მათ მოკლე მოსამზადებელ პერიოდში ყველაფერი გააკეთეს, რათა ამ მატჩებისთვის მზად ყოფილიყვნენ და ეს ნამდვილად დასაფასებელია".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 91-84 დაამარცხა და 4-დან 4 მოგებით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები