Aa
Aa

მეოთხე გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

ფინეთში, „ესპოო მეტრო არენაზე“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრა გამართა და შვეიცარიას დაუპირისპირდა. ილიას ზუროსს ძირითად ხუთეულში ცვლილებები არ შეუტანია და მატჩის სტარტზე პარკეტზე შენგელია, ბოქოლიშვილი, კორსანტია, შერმადინი და მაკფადენი ვიხილეთ.

ქართველებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და 7-0 გაქცევა შემოგვთავაზეს. შვეიცარიელებმა თამაშში დაბრუნება და წინ გასვლა პირველივე მეოთხედში მოახერხეს, მაგრამ ზუროსის გუნდმა ლიდერობა მალევე დაიბრუნა და საწყისი მეოთხედი 27-24 მოიგო.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიელებმა აქცენტი სამწამიანზე გააკეთეს და შერმადინისა და შენგელიას წინააღმდეგ პრაქტიკულად ყოველთვის აქტიურ და აგრესიულ დაცვას თამაშობდნენ. ამის გამო პერიმეტრზე თავისუფალი ზონები ჩნდებოდა, რაც ზუროსის ბიჭებმა კარგად გამოიყენეს და პირველ მეოთხედში 5 სამქულიანი ჩააგდეს.

მეორე ათწუთეული პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შვეიცარიელები მეტოქეს გაქცევის საშუალებას არ აძლევდნენ და ჩვენები დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ - 46-39.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, დაცვაში მოუმატა და ათწუთეულის სტარტზევე მეტოქეს რამდენიმე ჯარიმა მიაღებინა. შვეიცარიას მოწინააღმდეგის შეტევების შეჩერება ძალიან უჭირდა და მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთ-ნახევრით ადრე, ქართველები წინ 15 ქულით გაიჭრნენ. გადამწყვეტ პერიოდს კი 11-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.

მეოთხე მეოთხედში იყო მონაკვეთი, როცა საქართველოს ნაკრები 15 ქულით იგებდა, მაგრამ საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე, მეტოქემ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა, რასაც ზუროსის ტაიმაუტი მოჰყვა. გადამწყვეტ მონაკვეთში ჩვენებს თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელმაც ტაიმაუტის შემდეგ ზედიზედ 5 ქულა აიღო. შვეიცარიელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ დარჩენილ დროში მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და 84-91 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებს 24 ქულით, 2 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით ტად მაკფადენმა ულიდერა. თორნიკე შენგელიამ აქტივში 17 ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. გიორგი შერმადინი 11 ქულას, 8 მოხსნას, 3 პასსა და 1 ჩაჭრას დასჯერდა. გივი ბაქრაძემ 12 ქულა დააგროვა. კორსანტიამ 9 ქულა მიითვალა. ფევაძემ გუნდს 8 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. ბექაურმა და ბოქოლიშვილმა კი 6 და 3 ქულა დააგროვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 4-დან 4 მოგება აქვს და E ჯგუფის პირველ ადგილს იკავებს. ჩვენები მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს გამართავენ და სერბეთს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები