თბილისის ეტაპი დასრულდა - მასტერ ლიგის ჩემპიონი უცვლელია
Aa
Aa

თბილისის ეტაპი დასრულდა - მასტერ ლიგის ჩემპიონი უცვლელია

თბილისის მასტერ და ჩელენჯ ლიგები დასრულდა. მასტერის ფინალში ერთმანეთს გასული სეზონის გამარჯვებული „SSPS“-ი და „იბერონი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გათამაშების მოქმედმა ჩემპიონმა „სსპს“-მა ანგარიშით 4:3 მოიგო.

მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „სეუ“ და „ბუდაპეშტი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი  ბუდაპეშტის გამარჯვებით 2:3 დასრულდა.

ჩელენჯ ლიგის სუპერფინალში კი ერთმანეთს ასევე მწვანე და ლურჯი ჯგუფის პირველადგილოსნები „არმია“ და „ინტერსპორტი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა (4:4), პენალტების სერიაში კი უკეთესი „ინტერსპორტი“ აღმოჩნდა და ჩელენჯ ლიგის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ,რომ ჩელენჯ ლიგაში მონაწილეობა crystalbet-ის გუნდმაც მიიღო და სატურნირო ცხრილში 19 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, თბილისის მასტერ ლიგის მონაწილე 20 გუნდი მწვანე და ლურჯ ქვეჯგუფებში გადანაწილდა. გუნდებმა კალენდარული პრინციპით 9 ტური ითამაშეს. პირველ 4 ადგილზე გასული გუნდები ორივე ქვეჯგუფიდან ოლიმპიური პრინციპით შეხვდენენ ერთმანეთს და საჩემპიონო ფლეიოფი ითამაშეს, სადაც გამარჯვებული 2 მატჩის შედეგად ვლინდებოდა. ფინალისა და მესამე ადგილის მატჩის გამარჯვებული კი ერთი დაპირისპირებით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ მასტერ ლიგა წელს ყველაზე მასშტაბული იყო, იგი საქართველოს 64 მუნიპალიტეტში ჩატარდა და რეგიონალური გამარჯვებულები გამოვლინდნენ, 32-მა საფეხბურთო გუნდმა მასტერ ლიგის თასზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვა. ფინალური ეტაპის პირველი რაუნდი ჩატარდება 2 კონფერენციის პრინციპით: დასავლეთი და აღმოსავლეთი.

ფინალური ეტაპის პირველ რაუნდში დასავლეთის და აღმოსავლეთის 16-16 საუკეთესო გუნდი ერთმანეთს კონფერენციის მიხედვით დაუპირისპირდება. ჩემპიონატის დასკვნით ეტაპს კი 8 გუნდის შემადგენლობით სასტუმრო კაჭრეთის „ამბასადორი“ უმასპინძლებს.

რაც შეეხება ჩელენჯ ლიგას, იგი წელს პირველად ჩატარდა. ეს არის რანგით მეორე ლიგა და მასში 24 გუნდი, 2 ქვეჯგუფად მონაწილეობდა. გუნდებმა კალენდარული პრინციპით 11 ტური ითამაშეს. რაც შეეხება ჯგუფებში მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ გუნდებს, ისინი მასტერ ლიგაში გადასასვლელად ფლეიოფში დაუპირისპირდებიან Master League-ის ლურჯ და მწვანე ქვეჯგუფებში მე-8 და მე-9 ადგილზე გასულ გუნდებს. ჩელენჯ ლიგის ჯგუფებში მე-12, მე-11, მე-10 და მე-9 ადგილზე გასული გუნდები კი მომდევნო სეზონიდან ასპარეზობას PROGRES LEAGUE-ში დაიწყებენ.

პროექტი ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით გაიმართა, მიზნად კი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები