EXCLUSIVE:
Aa
Aa

EXCLUSIVE: "მეტი შეკრება, მომზადება და დრო გვჭირდება" - რა თქვა ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა?

ნინი ჩხარტიშვილი "ლანჩხუთის" და საქართველოს ქალთა ნაკრების მარცხენა მცველი გახლავთ. სამწუხაროდ მანდილოსნების ნაკრები "ლანჩხუთისგან" განსხვავებით კარგ შედეგებს ვერ აჩვენებს და დღეს "ევრო 2022-ის" საკვალიფიკაციო მატჩი მალტასთან 0:4 წააგო.

Crystalsport ნინის დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

Crystalsport: პირველ რიგში თქვენზე მოგვიყევით. რამდენი წელია ფეხბურთს თამაშობთ. როდის გქონდათ ნაკრებში დებიუტი და რამდენი ხანია, რაც "ლანჩხუთის" შემადგენლობაში ირიცხებით?

"ფეხბურთს ღრმა ბავშვობიდან ვთამაშობ, მაგრამ პროფესინალურ დონეზე თამაში 9 წლიდან დავიწყე. რაც შეეხება ნაკრებს, ეროვნული მაისური 8 წელია მაცვია. ჩემი დებიუტი 2014 წელს ჩრდილოეთ ირლანდიასთან შედგა. მწვრთნელმა მინდორზე ბოლო 10 წუთით შემიშვა. მაშინ 15 წლის ვიყავი. 13 წლის ასაკიდან ნაკრებს სხვადასხვა შეკრებებზე დავყვებოდი და არაოფიციალურ თამაშებშიც ვიღებდი მონაწილეობას. კარიერა "ლანჩხუთში" დავიწყე და დღემდე აქ ვარ. კლუბი არასდროს შემიცვლია."

Crystalsport: როგორ ემზადებით "როსენგარდთან" მატჩისთვის? რაიმე განსაკუთრებულ ტაქტიკას თუ ამუშავებთ და რა მოლოდინი გაქვთ?

"ორმაგი პასუხისმგებლობა გვაქვს და ძალიან სერიოზულად ვემზადებით. მატჩი საქართველოში იქნება და საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაში უფრო დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. თავს არ დავზოგავთ. რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ.

"როსენგარდი" ჩვენზე ძლიერი გუნდია, ეს რეიტინგშიც კარგად ჩანს და პირობებიც ბევრად უკეთესი აქვთ. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით მაყურებელი იმედგაცრუებული არ დარჩეს. შეიძლება ვერ მოვიგოთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით. ამას კი მაყურებელი დაგვიფასებს. ტაქტიკა არ შეიცვლება. ვითამაშებთ ისე, როგორც სხვა გუნდებთან. დაცვაში ჩაჯდომას და 5 მცველით თამაშს არ ვაპირებთ. რაც მთავარია, შიში არ გვექნება და გუნდში საბრძოლოო განწყობაა. 

მოწინააღმდეგეს სათანადო დონეზე ვაფასებთ და წინასწარ არ ვფიქრობთ წავაგებთ თუ მოვიგებთ. ერთი რამის თქმა შემიძლია, წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ!"

Crystalsport: "ლანჩხუთისგან განსხვავებით, საქართველოს ქალთა ნაკრები წარმატებას ვერ აღწევს. დღეს თქვენ მალტასთან 0:4 წააგეთ. რისი ბრალია ეს შედეგი და ზოგადად რატომ ვერ ახერხებს ნაკრები თუნდაც ისეთი ქვეყნის დამარცხებას, როგორიც მალტაა?

"ნაკრებში სათანადო პირობები არ გვაქვს. რამდენიმე დღიანი შეკრება საკმარისი არ არის. რთულია რამდენიმე დღიანი შეკრების შემდეგ გახვიდე და მოიგო. ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა და ახლა ნაკრები უფრო ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. ამ შედეგებს უფრო იმას ვაბრალებ, რომ სათანადო მომზადება არ გვაქვს. წარმატებისთვის უფრო მეტი ყურადღება და მომზადებაა საჭირო.

ნაკრებში "ლანჩხუთის" რამდენიმე მოთამაშე ასპარეზობს. როგორც იცით, ბოლო პერიოდში რამდენიმე თამაში მოგვიწია და ამას პლუს მგზავრობა. ამ ყველაფერმა გავლენა იქონია, გადაღლილები ვიყავით. აღსანიშნავია ისიც, რომ შეთამაშება გვაკლია, რადგან სხვადასხვა კლუბებიდან ვართ და ერთად ხშირად თამაშის საშუალება არ გვეძლევა."

Crystalsport: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან შესაბამისი მხარდაჭერა გაქვთ? 

"რა თქმა უნდა, გვეხმარება და ის მცირე შეკრებები, რაც გვაქვს მათი დამსახურებაა. მე მაინც ვფიქრობ, რომ წარმატებისთვის უფრო მეტია საჭირო."

Crystalsport: პირადად თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით საქართველოს ნაკრებში?

"უფრო მეტ დროს მივცემდი, რადგან რამდენიმე დღიანი შეკრება საკმარისი არ არის. ისეთ პერიოდში, როდესაც სანაკრებო თამაშები არ არის, დავნიშნავდი მეტ ამხანაგურ მატჩებს, რათა ფეხბურთელები ერთმანეთთან შეთამაშდნენ. წელიწადში შეიძლება მხოლოდ ერთი ან ორი ოფიციალური თამაში გვქონდეს და ასე ძალიან რთულია."

Crystalsport: თქვენ ახლა 21 წლის ხართ, გქონიათ თუ არა სხვა კლუბებიდან შემოთავაზება?

"დიახ მქონია, როგორც ადგილობრივი, ისე თურქული კლუბებიდან, მაგრამ წასვლა არ მინდოდა. "ლანჩხუთში" ბედნიერი ვარ და ახლა ამაყიც ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჩვენ ისტორია დავწერეთ და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიის დაწერაში მონაწილეობა მივიღე."

Crystalsport: თურქეთის რომელი კლუბიდან გქონდათ შემოთავაზება?

სიმართლე გითხრათ არ მახოსვს, რადგან ძალიან უცნაური და ენის გასატეხი სახელები ქონდათ.

Crystalsport: ევროპულ ფეხბურთში რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?

ზოგადად მადრიდის "რეალს", მაგრამ მათ ამ სეზონამდე ქალთა გუნდი არ ჰყავდათ და "ლიონს" ვქომაგობდი. ახლა, როდესაც "სამეფო კლუბს" მანდილოსნების გუნდი ჰყავს, კვლავ მათ ვგულშემატკივრობ.

Crystalsport: და ბოლოს, რას ეტყოდით იმ გოგოებს, რომლებიც პირველ საფეხბურთო ნაბიჯებს ახლა დგამენ?

"რაც შეიძლება ბევრი ივარჯიშონ, თავი არ დაზოგონ. არ მოუსმინონ საზოგადოების იმ აზრს, რომ ქალი და ფეხბურთი ერთმანეთთან არაფერ შუაშია. მთავარია მოინდომონ და იშრომონ. ასე ყველაფერი გამოუვათ და დაუფასდებათ."

შეგახსენებთ, რომ შემდეგ და ამ საკვალიფიკაციო ციკლში ბოლო მატჩს საქართველო პირველ დეკემბერს ბოსნიის ნაკრებთან თბილისში გამართავს. რაც შეეხება "ლანჩხუთს", გურიის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახური „ოქჟეტპესი“ და რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები