''ეს წარუშლელი მოგონებაა'' - მერებაშვილი მარადონასთან შეხვედრას იხსენებს
Aa
Aa

''ეს წარუშლელი მოგონებაა'' - მერებაშვილი მარადონასთან შეხვედრას იხსენებს

2008 წელს თბილისს დიეგო არმანდო მარადონა ეწვია, ''დინამო არენაზე'' ქართველ და არგენტინელ ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო. ერთ-ერთი მათგანი გიორგი მერებაშვილია, რომელიც იმ პერიოდში თბილისის ''დინამოში'' თამაშობდა.

ალბათ ბევრს ახსოვს ის კადრი, როცა დიეგო მარადონამ მსაჯს მერებაშვილის წვერზე მიანიშნა და მისი მოედნიდან გაყვანისკენ მიანიშნა. მერებაშვილი CrystalSport-თან აღნიშნულ ფაქტს და აღნიშნულ დღეს იხსენებს: ''მაშინ თბილისის ''დინამოში'' ვთამაშობდი, დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ არგენტინის ვეტერანი ფეხბურთელების წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა. ჩემთან ერთად სათამაშოდ გურამ კაშია, დავით ოდიკაძე და უჩა ლობჟანიძე მიიწვიეს. გაგვიკვირდა და თან გაგვიხარდა, რადგან ცოცხალ ლეგენდებთან ვითამაშებდით.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაკვირვებული ვიყავი, ძალიან გახარებულიც ვიყავი, რადგან ასეთ ადამიანებთან შეხვედრა მომიწევდა.

მახსოვს მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შევედი მინდორზე, ფლანგზე დავდექი და დიეგოც ჩემთან ახლოს დადგა. მსაჯი ვადაჭკორია იყო, დიეგო მასთან ერთად ჩემსკენ მოდის, ჩემზე ანიშნებს და რაღაცაზე ელაპარაკება. ჩემი ბავშვობის კუმირს ვხედავდი და იმდენად დაბნეული და იმდენად დიდი ემოციების ქვეშ ვიყავი, იმ მომენტში ინგლისური და ყველა ენა დამავიწყდა. ძალიან აღელვებული ვიყავი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩემზე მიანიშნებდა, რომ ძალიან ახალგაზრდა არისო. წვერიც არ მქონდა ამოსული, მაგრამ წვერი კიდევ დიდხანს არ ამომივიდა იმის მიუხედავად, რომ ასაკი მემატებოდა.

რა თქმა უნდა მეწყინა, რომ გავედი, მაგრამ მატჩის დასკვნითი 10 წუთი მოედანზე გავატარე. ეს თამაში წარუშლელ მოგონებად დარჩება.

მატჩის დასრულების შემდეგ ერთიანი ფოტო გადავიღეთ, სადაც ბევრ ცოცხალ ლეგენდასთან ერთად ვარ''.

მასალაში გამოყენებულია ბესიკ ფიფიასა და სფფ-ის პრესსამსახურის ფოტოები

ვიდეო: ტელეკომპანია იმედი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები