Aa Aa
25 ნოემბერი 2020  |  02:50

''უდიდესია, წამით მოდუნდები და შეაგდებს'' - დვალი რონალდუზე და ჩემპიონთა ლიგაზე

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ტურინის ''იუვენტუსმა'' საკუთარ კედლებში ''ფერენცვაროში'' დაამარცხა. უნგრეთის ჩემპიონის შემადგენლობაში მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ქართველი მცველი ლაშა დვალი 90 წუთი ათამაშა.

მე-19 წუთზე უზუნის გოლით ''ფერენცვაროში'' დაწინაურდა. 35-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ დვალი ჩამოიშორა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ალვარო მორატამ გამარჯვების გოლი შეაგდო და ქართველი მცველის გუნდი დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა.

Sofascore-მა ლაშა დვალს 6, 7 დაუწერა. ქართველმა ფეხბურთელმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, აქტიური და პროდუქტიული იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რონალდუს გოლის ეპიზოდში შეცდა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი CrystalSport-ს ესაუბრა.

ლაშა დვალი: ''ჩემი აზრით მაღალი დონის თამაში ვაჩვენეთ. უმაღლესი დონის გუნდს ვეთამაშეთ და ვინც მატჩი იხილა, ყველა მიხვდება, რომ ჩვენს წინააღმდეგ ასპარეზობა გაუჭირდათ. ვფიქრობ, ერთი ქულის წამოღება ლოგიკური და უფრო სამართლიანი იქნებოდა, რადგან ორივე გუნდმა თითქმის თანაბარი რაოდენობის მომენტები შექმნა''.

დვალი რონალდუს შესახებ: ''ერთი წამით თუ მოდუნდები აუცილებლად სახიფათო მომენტს შექმნის, მუდმივად კონცენტრირებული უნდა იყო... ასეც მოხდა, ერთი წამით კონცენტრაცია დავკარგეთ, გაისწორა, დაარტყა და გაიტანა. უდიდესი ფეხბურთელია.''.

დვალი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო სეზონს ატარებს. მისი თქმით გასულმა მატჩებმა დიდი გამოცდილება მისცა: ''ჩემპიონთა ლიგაზე თამაშმა გამოცდილება მომცა. ამ ტურნირზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, ისეთი რამეა, რომ შვილიშვილებს მოვუყვები.''

კითხვაზე სეზონის მიმდინარეობისას მიიღო თუ არა უფრო ძლიერი კლუბის მხრიდან წინადადება, მოთამაშის პასუხი ასეთია: ''კონკრეტულად არავინ დამკავშირებია, თუმცა სიმართლე გითხრათ ''ფერენცვაროშში'' თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გულახდილი რომ ვიყო, ისეთ გუნდში ვარ, რომ არც არსად მეჩქარება''.

შეგახსენებთ, ლაშა დვალი ''ფერენცვაროშთან'' ერთად უნგრეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა. მას გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა მიმდინარე სეზონში დაბრუნდა და რებროვის გუნდისთვის კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარა, მისი დებიუტი კიევის ''დინამოსთან'' შედგა, შემდეგ კი ''იუვენტუსის'' წინააღმდეგ ჩატარებულ ორივე შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი გაატარა, რაც ცხადია უდიდესი გამოცდილებაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში