რა გააკეთა და რა დააშავა ვაისმა | ვინ გვჭირდება ახლა და რა უნდა გაკეთდეს პროგრესისთვის
Aa Aa

რა გააკეთა და რა დააშავა ვაისმა | ვინ გვჭირდება ახლა და რა უნდა გაკეთდეს პროგრესისთვის

ქართულმა ფეხბურთმა და ქართველმა გულშემატკივრებმა ძალიან მძიმე დღეები გამოიარეს.

პანდემია, პოლიტიკა, ეკონომიკა - ქვეყანაში ყველგან და ყველაფრიდან ნეგატივის ჩანჩქერი მოედინება და ხალხისთვის 12 ნოემბრის მატჩი იმედის ნაპერწკალი იყო, ხავსი იყო, რომელსაც ვეჭიდებოდით და რომელშიც პოზიტივს, იმედს ვხედავდით და ღმერთია მოწმე ეს გამარჯვება მთელ ერს გვჭირდებოდა, მაგრამ დავმარცხდით... ამ ნეგატიურ გარემოს კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება დაემატა.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაც ხომ ასეთია - ბევრი ტანჯვა, ბევრი იმედგაცრუება, მაგრამ უფრო მეტი ბრძოლა და ხანგრძლივი ლოდინის შედეგად მიღებული შედეგი, რომელიც ალბათ მაინც უსამართლოა და მეტს ვიმსახურებთ, თუმცა ყოველთვის იმას ვერ იღებ რასაც იმსახურებ.

რა გზა გვრჩება? წამოდგომა და ბრძოლა. უკეთ დაფიქრება, ერთმანეთის მოსმენა, კრიტიკის მიღება, საბოლოოდ კი უკეთეს გადაწყვეტილებამდე მისვლა.

დღეს ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ არსებულ რეალობაზე მინდა გესაუბროთ. რა დაგვიტოვა სლოვაკმა? რა დახვდა მას და რას ვახვედრებთ მის მომავალ შემცვლელს, რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია... როგორ უნდა იმუშაოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებთან მიმართებით?

ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ და საბოლოოდ ობიექტურ დასკვნამდე მივიდეთ, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალს უფრო გამჭვირვალეს და მკაფიოს გახდის.

ვაისი ცუდად წავიდა - პროფესიონალის არაპროფესიონალური ნაბიჯი

პირველ რიგში ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ - არ შეიძლება ვლდიმირ ვაისზე მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ვისაუბროთ. ნაკრებიდან თემურ ქეცბაიას წასვლის შემდეგ, გუნდის შიდასამზარეულო ძალიან არეული, დაშლილი და კონფლიქტური იყო. კახაბერ ცხადაძეს ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუხდა და იმ მოკლე ვადაში, რაც მან იმუშავა, ბიჭებს მისი ხელი ნამდვილად დაეტყოთ, თუმცა მთავარი სამუშაო მაინც ვაისმა გასწია.

სლოვაკმა სპეციალისტმა გუნდი ერთ მუშტად შეკრა. გასახდელში მეგობრული გარემო იყო და ამას ყველა აღნიშნავდა. ნაკრებმა ბურთის მეტად კონტროლი დაიწყო და „ჯვაროსნები“ შედარებით თანამედროვე ფეხბურთის თამაშს ცდილობდნენ.

ჩვენ ნაკრებს ფუნდამენტი ნამდვილად აქვს და ახალ მწვრთნელს ნულიდან დაწყება არ მოუწევს.

ვაისს მინუსებიც ჰქონდა, თუმცა ზღვარს არასდროს გადასულა, მაგრამ მისმა ბოლო პრესკონფერენციამ იმედები გამიცრუა...

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ ვაისი გამოვიდა და თავისი წილი შეცდომები აღიარა (ყველა არა, მაგრამ მაინც). პირდაპირ, გულწრფელად ისაუბრა და თქვა, რომ პოსტს ტოვებდა. ზედმეტობები აღარ დაუწყია და ცივილურად მოიქცა. ყველაფერი მეტად აღარ გაამწვავა. დიახ, მის მიმართ კითხვები გვქონდა და ბოლო დროს აშკარად ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა მისი ნაბიჯი პროფესიონალური იყო.

ცნობილი გახდა, რომ სომხეთთან და ესტონეთთან მატჩების შემდეგ ვაისი წავიდოდა. სომხეთთან მარცხის შემდეგ კი ჩვენმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ბევრისთვის და პირადად ჩემთვისაც მოულოდნელი განცხადება გააკეთა და რამდენიმე ფეხბურთელი საჯაროდ გააკრიტიკა.

„არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს წარმატება არ სურდათ, მაგრამ მათმა ნაწილმა ჩემი ნდობა ვერ გაამართლა. რამდენიმე ფეხბურთელი მენტალობის გამო პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს და ამიტომ ვერ პროგრესირებენ. არ ვგულისხმობ ყველას, ვგულისხმობ რამდენიმე ფეხბურთელს.

დავით ხოჭოლავამ მადრიდის ''რეალთან'' ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ დღეს არც კარგად და არც ცუდად უთამაშია. მასში არ ჩანდა ემოცია, მასში არ ჩანდა გამარჯვების წყურვილი, ჟინი, ემოცია. ვუთხარი: ''ხოჭო, იყავი უფრო ემოციური''. ჩემი თქმის მიუხედავად რა შეიცვალა? მოედანზე გავიდა და მასში ემოცია არ იყო. ის შესანიშნავია ''რეალთან'', მაგრამ მას არ აქვს ემოცია, მასში ვერ ვხედავდი გამარჯვების წყურვილს. ხოჭოლავა შესანიშნავია პოზიციურად, კარგი პასით გამოირჩევა, თუმცა მოედანზე უემოციო იყო.

ხოჭოლავა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ისე ასპარეზობდნენ, თითქოს ამხანაგურ მატჩში თამაშობდნენ“.

ვაისმა კარგად დასრულება მაინც ვერ შეძლო. მხოლოდ შედეგი არ იგულისხმება. ბოლო პრესკონფერენციიდან მისი განცხადება არაპროფესიონალური ნაბიჯი იყო. ფეხბურთელების საჯარო კრიტიკა - აქამდე სად იყო? ახლა სომხებთან მარცხის შემდეგ გაიგო რაც ხდებოდა ნაკრებში? პრობლემებზე დროულად უნდა ისაუბრო და დროულად მოაგვარო ისინი, რაც შედეგსაც მოგიტანს. როცა მიდიხარ, კარის გამოხურვის წინ არ უნდა თქვა ასეთი ამბავი.

ვაისმა ბოლო მატჩებში უთამაშებელ ფეხბურთელებზე საუბარს მოუხშირა, რასაც ადრე არ აკეთებდა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ თვეებში ჩვენი მწვრთნელი უთამაშებელ გვილიას და ყაზაიშვილის იყენებდა. ამ დროს კი ხარაიშვილი და ზივზივაძე დააიგნორა, რომლებიც თავიანთ კლუბებში წარმატებულად გამოდიან და ნაკრებში თამაშის უდიდესი სურვილიც აქვთ. ვაისმა ეს მხოლოდ პირადი შეხედულებების გამო გააკეთა...

მთავარი პრობლემა - ტაქტიკური მონახაზი: ვაისის მინუსი, რომელიც ახალმა თავკაცმა უნდა გაითვალისწინოს

ვაისს ყოველთვის ერთი გეგმა ჰქონდა და მეტოქეებისთვის ადვილი გასაშიფრი იყო. მატჩის მსვლელობისას გუნდის გადაწყობა უჭირდა და შეცვლებს გამუდმებით აგვიანებდა.

მისი ფორმაციის საქართველოს ნაკრების საუკეთესო მატჩი 2016 წელს უელსში 1-1 იყო. მაშინ ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, მჭედლიძე ყველა მათგანი ფორმაში იმყოფებოდა. 1 კაცზე დამოკიდებული გუნდი არ ვიყავით.

იმ დროს არ გვყავდა არც ჩაკვეტაძე და არც კვარაცხელია. გუნდში როლები თანაბრად იყო გადანაწილებული.

ვაისმა კარგად დაიწყო, სწორი ხედვა ჰქონდა, მაგრამ ლიდერების ფორმიდან ამოვარდნის შემდეგ, ნელ-ნელა 1 კაცზე დამოკიდებულ გუნდად გვაქცია. ეს მთლად მარტო მისი ბრალი არ იყო. მას ვერ დავაბრალებთ იმას, რომ ოქრიაშვილმა ტრავმების გამო ძველებული ეფექტი დაკარგა, ყაზაიშვილს საერთოდ ენთუზიაზმი გაუქრა, ანანიძე მუდამ ტრავმირებულია, მჭედლიძემ საერთოდ თამაში შეწყვიტა - ასეთ რამეს მწვრთნელს ვერასდროს დააბრალებ. თუმცა, ვაისს უნდა დაენახა, რომ გუნდი ზედმეტად 1 კაცზე იყო ჩამოკიდებული და რთულ მომენტებში სათადარიგო გეგმა უნდა ჰქონოდა. 5 წელი დიდი დროა. ის ვალდებული იყო ამ პრობლემისთვის მიეხედა.

ახალ მწვრთნელს მისი წინამორბედის დაშვებული შეცდომების გათვალისწინება მოუწევს.

ვაისს ერთა ლიგის ფორმატი მოუწია და ძირითადად სუსტ გუნდებს ხვდებოდა, მათ უმეტესად უგებდა, თუმცა ჯამში მისი სტატისტიკის დადებითად შეფასება სწორი არ არის.

მიუხედავად ყველაფრისა, სლოვაკს ვერ დავუკარგავთ იმას, რომ გუნდს მისი დონის მეტოქეებთან თამაში და გამარჯვება ასწავლა. ადრე ამის სერიოზული პრობლემა გვქონდა და ჩვენზე გაცილებით ცუდ მდგომარეობაში მყოფ ნაკრებებს ვერ ვუგებდით, ხშირად კი საერთოდ ვმარცხდებოდით.

ახალ მწვრთნელს ამ ყველაფრის გათვალისწინება მოუწევს. მისი ფორმაციის ნაკრები ერთფეროვან ფეხბურთს არ უნდა თამაშობდეს. ყოველთვის უნდა იყოს სათადარიგო გეგმა, მოულოდნელობის ეფექტი, კრეატივი, მეტი გამბედაობა, კარგი გაგებით თავხედობა, დროული შეცვლები და რაც მთავარია თვითკრიტიკულობა.

ახალი სისხლი - ვიღაცები უნდა წავიდნენ, ვიღაცები კი მოვიდნენ

ვისაც მართლა არ აქვს ენთუზიაზმი და ხასიათს ვერ ავლენს, უმჯობესია ასეთმა მოთამაშეებმა ნაკრები დატოვონ. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. არ გვჭირდება ნაკრებში ის, ვინც პასუხისმგებლობას სრულად ვერ იაზრებს და გულგრილ დამოკიდებულებას ავლენს.

საქართველოს ნაკრებში ახალი სახეების გამოჩენას უნდა ველოდოთ. ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ხარაიშვილი, ნიკა ნინუა, ჟორჟ მიქაუტაძე (იმედია საქართველოს ნაკრებს აირჩევს), ლუკა ლოჩოშვილი - ეს ბიჭები ნაკრებს ახალი სისხლის როლში სჭირდება. პლუს ამას, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, შენგელია, კიტეიშვილი - ტრავმირებული ოთხეულიც დაგვიბრუნდება. რესურსი საკმაოდ გვაქვს. მთავარია ტრავმებმა არ ჩაგვცეს ზურგში დანა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და რაც მნიშვნელოვანია, ახალმა მწვრთნელმა ვაისის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და პირადი ხუშტურების გამო საჭირო კადრები ნაკრებს მიღმა არ დატოვოს.

ახალი მწვრთნელის მოლოდინში - ჯერჯერობით 1 კი და 1 არა გვაქვს

ვაისის წასვლის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციამ, პრესამ და გულშემატკივრებმაც ახალ მწვრთნელზე ფიქრი დაიწყო. ზოგს უცხოელი უნდა, უმრვალესობას ქართველი.

როგორც ლევან კობიაშვილმა თქვა, ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია და ფედერაცია ამ საკითხზე მუშაობს.

თავდაპირველად კი ყველაზე პოპულარული ვარიანტი გამოირიცხა - შოთა არველაძემ ნაკრების ჩაბარებაზე უარი თქვა:

„საქართველოს ნაკრების გაწვრთნა? არა, ეს ძალიან მტკივნეული თემა არის. არ მინდა ჩემი ახლობლები ვანერვიულო. ჩვენთან საქართველოში პრემიერ-მინისტრობა უფრო ადვილია, ვიდრე ნაკრების გაწვრთნა. მირჩევნია პრემიერ-მინისტრი ვიყო“.

შემდეგ იყო კახა ცხადაძის განცხადება, როცა მან ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების სურვილი დაადასტურა:

„დღეს ბევრად უფრო მზად ვარ ეროვნულ ნაკრებში სამუშაოდ ვიდრე ეს იყო 5 წლის წინ. ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში მუშაობა დიდი პატივი იქნება“.

სიმართლე გითხრათ, შოთა არველაძის კანდიდატურას მე ისედაც არ ვემხრობი. მან არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომა, რაც ქეცბაიამ თავის დროზე დაუშვა, როცა აქ ჩამოვიდა და მისი სამწვრთნელო კარიერა ამის შემდეგ უკან წავიდა. უმჯობესია არველაძემ კიდევ რამდენიმე წლიანი გამოცდილება მიიღოს, კვალიფიკაცია აიმაღლოს და შემდეგ ვნახოთ. ქეცბაიაც მსგავსად უნდა მოქცეულიყო.

რაც შეეხება სხვა ქართველებს, გია ჭიაბრშვილიც კრეატიული და საინტერესო სპეციალისტია, თუმცა გამოცდილება აკლია, ისევე როგორც ნემსაძეს. არამგონია ფეხბურთის ფედერაცია ამხელა რისკზე წავიდეს.

თუ, უცხოელი მწვრთნელის დანიშვნას არ გადაწყვეტენ, ქართული ვარიანტის შემთხვევაში კახა ცხადაძის კანდიდატურა ამ მომენტისთვის ნომერ პირველია. შეიძლება ვცდები, თუმცა ასე მგონია.

ის ნაკრებს კარგად იცნობს, 5 წლის წინ მუშაობა და მისი პოტენციალის გამოვლენა არ დასცალდა. პლუს ამას, ცხადაძეს ყოველთვის აქვს რამდენიმე სათამაშო სქემა და სათადარიგო გეგმა, რაც ჩვენ ნაკრებს ნამდვილად სჭირდება.

კარგად მახსოვს მისი ფორმაციის ნაკრების 2 ყველაზე საინტერესო მატჩი - შოტლანდიასთან (შინ 1-0) და გერმანიასთან (სტუმრად 1-2). ამ შეხვედრებში ჩვენი გუნდი იყო გამბედავი, კრეატიული და მებრძოლი.

ისე როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი - მწვრთნელები, ასაკობრივები და ფსიქოლოგი...

ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე კარგი დაფიქრებაა საჭირო და ფეხბურთის ფედერაციას ამ საკითზე სერიოზული მუშაობა მოუწევს, თუმცა მხოლოდ ეს როდია.

საჭიროა ერთი დიდი გეგმა, რომელიც ჩვენ ყველა ასაკობრივ ნაკრებს და ეროვნულ გუნდს გააერთიანებს - ისე როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი.

ყველა ასაკობრივი გუნდი ერთ სტილში უნდა თამაშობდეს, რომ შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა საჭირო შევსება მიიღოს, იქედან გადმოსულმა ახალგაზრდამ კი მთავარ გუნდში ადაპტაცია მარტივად მოახერხოს.

ნაკრებს კარგ ტაქტიკოს მწვრთნელთან ერთად ძლიერი ფსიქოლოგიც სჭირდება. თუ, ჩვენი მომავალი მწვრთნელი დიდ ფსიქოლოგად ვერ გამოდგება, მაშინ ფედერაციამ ის ცალკე უნდა დაიქირავოს. ამ მხრივ ჩვენ გუნდს მუშაობა ნამდვილად სჭირდება.

შანსი უნდა მიეცეთ ეროვნულ ლიგაში გაბრწყინებულ მოთამაშეებს. მაგალითად „ლოკომოტივში“ რამდენიმე საინტერესო კადრია, რომლებმაც ევროშესარჩევისას თავი გამოიჩინეს. სომხეთთან და ესტონეთთან მსგავსი დონის მატჩებში მათი გამოყენება ნამდვილად შეიძლებოდა.

მაკედონიასთან მარცხმა დიდი გამოცდილება მოგვცა, ეს არ ყოფილა მხოლოდ ნეგატივის საღამო, ეს დიდი გაკვეთილის საღამოც იყო. ჩვენი მომავალი ფუნდამენტი სწორედ ამ მატჩით, ამ მარცხით უნდა ჩაიყაროს და მომავალი ამაზე ავაშენოთ.

ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს, შემდეგ სწორი გზაც გამოჩნდება

ჩვენ, ჟურნალისტებმა ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ. მეც დავაკელი რაღაც და ჩემმა კოლეგებმაც, ფეხბურთის ფედერაციამაც და სახელმწიფომაც. როგორც წინა სტატიაში აღვნიშნე, 12 ნოემბერს მთელმა ერმა წავაგეთ. მხოლოდ ვაისს არ წაუგია, მხოლოდ ბიჭებს არ წაუგიათ.

პრესა უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ ობიექტურად და მიუკერძოებლად კრიტიკული. ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია. ის ფედერაციამაც უნდა მიიღოს და თუ საჭიროა ჩვენ, პრესის წარმომადგენლებიც მივიღებთ. ვინც კრიტიკის მოსმენაზე უარს ამბობს და მისთვის ეს მიუღებელია - ვინც არ უნდა იყოს იგი, ნებისმიერი მათგანი განწირულია. განწირულია წარუმატებლობისთვის და ფსკერამდე დაშვებისთვის. პრობლემის მოგვარებას მხოლოდ მაშინ შეძლებ, როცა ჯერ მის არსებობას აღიარებ.

მოდი გავახილოთ ყველამ თვალები, ჩვენი ნაკლი დავინახოთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ, ერთმანეთისგან რჩევები მივიღოთ, კრიტიკა მივიღოთ, ერთ საქმეს ვემსახუროთ და არა თბილ სავარძლებს. ამის შემდეგ, საერთო, სანუკვარ დიდ შედეგამდე მისვლის გზასაც დავინახავთ.

გაზიარება: