Aa
Aa

"თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს" - ლევან მაისაშვილის კომენტარი

საქართველოს ნაკრებმა ჰლანეჰლიში უელსს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვებას მოწყურებული მეტოქე მხოლოდ ორ ლელოს დააჯერა.

შემოდგომის ერთა თასის მეორე ტურში, „პარკ ი სკარლეთსზე“ უელსმა 6-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, თუმცა ამისათვის ბრძოლა დაჭირდა. ბორჯღალოსნებმა შეტევაში უფრო თამამად ითამაშეს, ვიდრე ერთი კვირის წინ ინგლისთან და მანამდე შოტლანდიასთან, თუმცა ქულის აღებას ზედიზედ მეორე მატჩია ვერ ახერხებენ.

მატჩის დასრულების შემდეგ ლევან მაისაშვილმა კომენტარი გააკეთა: "საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს. შეგვეძლო შეტევაში უკეთ გვეთამაშა და ქულები აგვეღო, რასაც სამწუხაროდ ისევ ვერ ვახერხებთ. იმედგაცრუებული ვარ შერკინებაში ბევრი ჯარიმით“.

„დაცვის და შეტევის მოლი უკეთესი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დავკარგეთ ბურთი. მთლიანობაში უკეთესი შეტევები გვქონდა, მაგრამ ცუდ ამინდში ბურთი ცურავდა და გვქონდა ტექნიკური წუნი. შეიძლებოდა ჯარიმების გატანაც, მაგრამ ანგარიში 18:6 თუ იქნებოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მორაგბეები თავდაჯერებულები იყვნენ და ლელოზე თამაში არჩიეს, რასაც პრობლემად არ ვთვლი“.

მაისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება, თუმცა არის პრობლემებიც:

„ინგლისი უელსზე უკეთესი გუნდია, თუმცა ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც ახლა უკეთ ვითამაშეთ ვიდრე ერთი კვირის წინ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები, სადაც ბევრჯერ დავჯარიმდით და ბურთი დავკარგეთ. უკეთესობა გვაქვს თამაშის მართვაში, თუმცა ეს ჯერ კვლავ პრობლემად რჩება. ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან ბურთის და ტერიტორიის კონტროლი მნიშვნელოვანია, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ“.

„წინ გვაქვს ირლანდიასთან შეხვედრა, რომელიც ექვსი ერის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს. ორშაბათამდე გვეცოდინება რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ და მზადებაც ამის მიხედვით დაიგეგმება. ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება“.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" მესამე ტურში სტუმრად ირლანდიასთან იასპარეზებენ. მატჩი 29 ნოემბერს თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

წყარო - rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები