Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა - თსუ-მ მზადება დაიწყო

28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის მატჩი, საქართველოს 2019/2020 წლების სეზონის ჩემპიონის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდისა და უნგრეთის ჩემპიონის „ბერეტიუფალუს“ შორის.

ქართულ-უნგრულ დაპირისპირებაში გამარჯვებულს ერთმატჩიანი დაპირისპირება გამოავლენს, რაც ცხადია თსუ-ს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, ეს იმის მიუხედავად რომ პანდემის გამო მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლის და ჩვენს გუნდს ტრიბუნების მხარდაჭერა არ ექნება, თუმცა საშინაო არენის ფაქტორი მაინც დიდი პლუსია, რომლის გამოყენებასაც საქართველოს ჩემპიონი აპირებს.

დავით ბობოხიძე - თსუ-ს მთავარი მწვრთნელი

სწორედ კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეჯიბრებაში მონაწილე 46 გუნდიდან შეიქმნას 23 წყვილი, რომლებიც ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულ 23 გუნდს მომდევნო ეტაპზე შეუერთდება 9 ყველაზე მაღალი კოეფიცინეტის მქონე გუნდი, რომლებიც ასევე თითო შეხვედრას გამართავენ.

უეფამ რეიტინგის გათვალისწინებით, მინიმალური ურთიერთკავშირისთვის,  6 კალათაში წინასწარ განთესა კლუბები. ქვეყნებს, რომელთაც არ შეუძლიათ მიმდინარე მოვლების გამო უმასპინძლონ მეტოქეს, ორგანიზატორებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც წილისყრის დროს გათვალისწინებულ იქნა. 

საქართველოს ჩემპიონმა ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე სხვადასხვა გუნდიდან დაიმატა ფეხბურთელები და მოახლოებულ მატჩს საკმაოდ გაძლიერებული ხვდება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეტოქეც სერიოზულია - მათ განკარგულებაშია 4 ლეგიონერი, 2 ესპანელი და 2 ბრაზილიელი და გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის. უნგრელებმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზეს და გარდა ამისა უნგრეთის ნაკრების საბაზო გუნდად ითვლებიან. უნგრეთის ნაკრების ბოლო სანაკრებო მატჩის დროს „ბერეტიუფალუს“ 5 ფეხბურთელი იყო უნგრელთა მთავარ გუნდში. უნგრელებს გამოცდილი ესპანელი მწვრთნელი თავკაცობთ.

უეფამ პანდემიის გამო ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების სისტემაც შეცვალა და ჩვენს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ისევ ერთმატჩიანი დაპირისპირება მოუწევს. მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, ისევე როგორც მასპინძელი ქვეყნის ვინაობა, რადგან ასეთ დროს მნიშვნელოვანია გუნდების რეიტინგი. გამარჯვების შემთხვევაში, თსუ 1/32 ფინალში გავა, სადაც სხვა გუნდებს დაემატება 9 ყველაზე მაღალი კოეფიცინეტის მქონე გუნდი, რომელიც წყვილებს შეადგენს და 1/16 ფინალისტებს გამოავლენს, რომელიც იგივე პრინციპით ითამაშებს. ბოლო, დასკვნითი ეტაპი კი ერთ ქალაქში გაიმართება, სადაც ევროპის 8 უძლიერესი კლუბი ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები