''ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით'' - არველაძემ ფახთაქორი გააჩემპიონა
Aa
Aa

''ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით'' - არველაძემ ფახთაქორი გააჩემპიონა

უზბეკეთის სუპერ ლიგის 2020 წლის გამარჯვებული შოთა არველაძის ტაშკენტის ''ფახთაქორი'' გახდა. 23-ე ტურში ''ფახთაქორმა'' საკუთარ კედლებში ''კოკანდი'' 2:1 დაამარცხა. ხამდანოვისა და ჩერანის გოლებით მასპინძლებმა 3 ქულა მოიპოვეს და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდეს.

შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს: ''ზედიზედ მეორედ - ''ფახთაქორი'' სუპერ ლიგის ჩემპიონია! ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას, თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ!''

47 წლის ქართველი სპეციალისტი უზბეკურ კლუბს 2017 წლის ივნისიდან წვრთნის. 2019 წლის სეზონში ''ფახთაქორმა'' უზბეკეთის ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო. მიმდინარე წელს არველაძის გუნდს ტრიპლეტის შესრულების შესანიშნავი შანსი აქვს.

ასევე, მიმდინარე წელს ''ფახთაქორი'' 10-წლიანი პაუზის შემდეგ აზიის ჩემპიონთა ლიგსი მერვედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, ''ფახთაქორის'' მთავარი სელექციონერი არჩილ არველაძეა, ხოლო გოჩა ტყებუჩავა მთავარ მწვრთნელს ასისტენტობას უწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები