უსახური ფეხბურთი და ლოგიკური შედეგი - საქართველომ ესტონეთს ვერ მოუგო
Aa
Aa

უსახური ფეხბურთი და ლოგიკური შედეგი - საქართველომ ესტონეთს ვერ მოუგო

დასრულდა "ერთა ლიგის" C დივიზიონის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის. "ჯვაროსნებმა" სამწუხაროდ მეტოქეს გოლი ვერ გაუტანეს და შეხვედრა 0:0 დამთავრდა. 

თამაში ქართველმა ფეხბურთელებმა თითქოს აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ეს ყველაფერი პირველი მუხტის შედეგი იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ, სვანაძის შეგირდებმა ბურთი დაიჭირეს და ვერაფერ საინტერესოს ვერ ქმნიდნენ.

პირველ ნახევარში, კარის მიმართულებით პირველად და უკანასკნელად ჯაბა კანკავამ დაარტყა მე-12 წუთზე. "ჯვაროსნების" შეტევების დროს ესტონელები დაცვის ორ ეშელონს ქმნიდნენ. ფლანგებიდან შეტევისას კი მეტოქის დაცვა 5 მცველიან ტაქტიკად კეთდებოდა. ნომინალურად კი ვულედს 4 დამცველი ჰყავდა გამოყვანილი.

მე-19 წუთისთვის საქართველოს 172 ზუსტი პასი ჰქონდა შესრულებული. ესტონეთს კი 28. ამ სტატისტიკას, რომ დავეყრდნოთ, ვივარაუდებთ, რომ ქართველები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს პასები ძირითადად უკან კეთდებოდა.

29-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვესთან ნიკოლოზ კაჭარავამ მიიღო ბურთი და მეკარისგან შორეულ კუთხეში სცადა დარტყმა, მაგრამ ბურთი მიზანს დიდი მანძილით ასცდა. ამის შემდეგ საინტერესო აბსოლუტურად არაფერი მომხდარა და პირველი ტაიმი უსახური ფეხბურთის ფონზე ფრედ 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ესტონეთს არანაირი ხიფათი არ შეუქმნია.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდანვე მინდორზე გია გრიგალავა ვიხილეთ ხოჭოლავას ნაცვლად. ყაზაიშვილმა საწყის წუთებში იაქტიურა, დაარტყა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. ამის შემდეგ ყველაფერი პირველი ტაიმის სცენარით წავიდა. 

მე-60 წუთზე ისევ ჩვენმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გაისროლა შორიდან, მაგრამ მისი დარტყმულიც ზუსტი არ აღმოჩნდა. 5 წუთის შემდეგ ისევ შორიდან დარტყმა, ისევ ვაკო ყაზაიშვილი და ისევ არაზუსტი..

პაპუნაშვილმა დავითაშვილი შეცვალა და სიახლის მოლოდინი გაჩნდა. გიორგიმ 73-ე წუთზე სცადა ჰინის კარის აღება, მაგრამ სტუმართა მეკარემ ქართველს აჯობა.

"ჯვაროსნებმა" ზეწოლა გაზარდეს და დარტყმებს მოუხშირეს. 76-ე წუთზე კვლავ ვაკომ გაისროლა შორიდან, მაგრამ ისევ ასცდა ბურთი კარს. მეტოქე კონტრ-შეტევებზე ცდილობდა თამაშს, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ ესტონეთს კლასი არ ყოფნიდა ნორმალური კომბინაციის გასაკეთებლად.

სვანაძემ კაჭარავას ნაცვლად ლობჯანიძე ჩართო თამაშში და შეტევის გაძლიერება სცადა. სამწუხაროდ ნიკას ბევრი არაფერი გამოუვიდა. მატჩის მიწურულს მიქელთაძეც გამოვიდა მოედანზე, მაგრამ ვერც მან მოახერხა რაიმე ღირებულის შექმნა. საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა უსახური ფეხბურთი ითამაშა. მატჩი ისე დასრულდა, რომ რეალური მომენტი ვერ შევქმენით. 

ნაკრებმა, რომელმაც ბოლო 15 თამაშიდან 12 წააგო და 3 ფრედ დაასრულა, საქართველომ ვერ მოუგო.. "ჯვაროსნებმა" ჯგუფი 7 ქულით მესამე ადგილზე დაასრულეს. პირველზე კი 11 ქულით სომხეთი გავიდა და B ლიგაში გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები