Juanito maravilla - სამეფო კლუბის უტეხი სულის სიმბოლო
Aa Aa

Juanito maravilla - სამეფო კლუბის უტეხი სულის სიმბოლო

ჩემპიონთა თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, „ბაიერნთან“ განცდილი მარცხის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ხუანიტო ცრემლმორეული იჯდა: „დაწყევლილი ვარ! მეგონა, რომ როგორც პიროვნება, ისე ფეხბურთელი, შევიცვალე, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი გამომივიდა“.

32 წლის ემოციური ანდალუსიელი, რომელიც ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის მაქსიმუმს აკეთებდა, „რეკორდმაისტერთან“ ლოთარ მათეუსის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევეს.

ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა, ჩემი კარიერის დასრულება გამოიწვიოს. ასეთ მომენტებში, გრძნობ, რომ შენ, შენ არ ხარ და გრძნობ, რომ შენში სხვა ადამიანი იღვიძებს, გაკონტროლებს და ვერც კი ხვდები, რას აკეთებ. მთელი სერიოზულობით ვაცხადებ, რომ იმ მომენტში წარმოდგენა არ მქონდა რას ვაკეთებდი“.

სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვიდეო ხუანიტოს ქმედების ბრუტალურობას იდეალურად ასახავდა და უეფამ მას ევროპულ ტურნირებში მონაწილეობა ხუთი წლით აუკრძალა. „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ლეო ბეენჰაკერს, რომელიც თავისი დისციპლინით იყო სახელგანთქმული, ხუანიტოს გამოხტომები, რომლებიც მსაჯისთვის მუშტის დარტყმას, მეტოქეებისთვის შეფურთხებასა და კლუბის თანხმობის გარეშე ხარების ბრძოლაში მონაწილეობას მოიცავდა, ყელში ამოუვიდა. „სამეფო კლუბმა“ ხუანიტო მალევე რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე „მალაგაში“ გაუშვა და მისი 10-წლიანი მადრიდული თავგადასავალი დაასრულა.

„ბლანკოსის“ გულშემატკივრები ხუანიტოს წასვლით გულდაწყვეტილნი იყვნენ, რადგან ხუანიტო გახლდათ ფეხბურთელი, რომელიც ტერმინ „მადრიდიზმოს“, ანუ რას ნიშნავს „რეალის“ თეთრი მაისურის ტარებას, იდეალურად ასახავდა. ანდალუსიელმა ერთხელ განაცხადა: „საფეხბურთო კარიერა რომ არა, Ultras Sur-ის (რეალის ულტრასი ქომაგების ჯგუფი, რომელიც 1980 წელს დაარსდა) წევრი ვიქნებოდი“.

იგი მადრიდული გუნდის ჯონ ტერი, ლუის სუარესი ან პეპე იყო - ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ „სამეფო კლუბის“ ქომაგებს უყვარდათ და მსოფლიოში ყველა სხვა ადამიანი მას დასანახად ვერ იტანდა. მიუხედავად იმისა, რომ ხუანიტო 1992 წელს, 37 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა, „რეალის“ ქომაგების გულებში ადგილი მან სამუდამოდ დაიმკვიდრა.

ხუან გომეს გონსალესი ფუენხიროლში გაიზარდა. ბავშვობიდანვე იგი ფეხბურთით იყო გატაცებული და მამამისთან ერთად, თითქმის ყოველდღე თამაშობდა. ხუანიტოს გზა „რეალამდე“ იმის ნათელი მაგალითია, რომ შეუძლებელი არაფერია და თავდაუზოგავ შრომასა და ბოლომდე ბრძოლას შედეგი აუცილებლად მოაქვს.

„ატლეტიკოს“ ახალგაზრდულ გუნდში გატარებული სამი წლის შემდეგ, ხუანიტომ მუხლის სერიოზული ტრამვა მიიღო და ნაკლებად ცნობილ „ბურგოსში“ აღმოჩნდა, სადაც საკუთარი თავი ბოლომდე წარმოაჩინა. 1975-76 წლების სეზონში ხუანიტომ საოცრად ითამაშა და გუნდის „ლა ლიგაში“ აღზევებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მომდევნო წელს კი „ბურგოსი“ ესპანეთის რანგით პირველ დივიზიონში დატოვა.

ხუანიტო საოცრად ფეთქებადი ფეხბურთელი იყო. იგი მოედანზე თითქმის შეუჩერებელი გახლდათ. ხუანიტო ოპერის მომღერალი იყო, ჩვენ კი მას აკომპანიმენტს ვუწევდით“, - იხსენებს ხუანიტოს ექს-თანაგუნდელი, პეპე ნავარო.

ესპანური ფეხბურთის გრანდებმა ხუანიტოს ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები მალევე დაიწყეს. „რეალმა“ მოსისხლე მტერს, „ბარსელონას“ აჯობა და ქვეყნის ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე გადაიბირა. მიუხედავად იმისა, რომ 1983-84 წლების სეზონში ხუანიტომ „პიჩიჩის“ სახელობის ჯილდო მოიგო, იგი ყველაზე ნიჭიერი, სწრაფი და გოლის გატანის საოცარი ალღოს მქონე ფეხბურთელი არასდროს ყოფილა, მაგრამ მას ჰქონდა ის, რაც სხვებისგან გამოარჩევდა. ხუანიტო გუნდის Correcaminos იყო - ფეხბურთელი, რომელიც არასდროს იღლებოდა და გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

„ხუანიტოს მოსვლა რეალისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა აღმოჩნდა. მისი მსგავსი ფეხბურთელები იშვიათად იბადებიან. მას კონკრეტულ მომენტებში გუნდის გამოღვიძება შეეძლო და მზად იყო, წარმატებისთვის ყველაფერი გაეკეთებინა. ხუანიტოს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდა და სასურველი შედეგის მისაღწევად 90 წუთის განმავლობაში იბრძოდა“, - იხსენებს ლეგენდარული სანტილიანა.

ესპანელს ფეხბურთის სიყვარული მოსვენებას მოედნის მიღმაც არ აძლევდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მისმა შვილმა, ჯენიფერმა მამამისის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „როცა რეალი წააგებდა, იგი რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში ხმას არ იღებდა! ამ პერიოდში ფეხბურთზე და ზოგადად სპორტზე საუბარი იკრძალებოდა. ის წაგებას ვერ იტანდა“.

ხუანიტომ გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა ზედიზედ სამჯერ იზეიმა და 1981 წელს ჩემპიონთა თასის ფინალშიც გავიდა, სადაც „ლივერპულთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩის შემდეგ ხუანიტომ იხუმრა: „ყველაფერი სანტილიანას ბრალია. მან მეუღლეს ფინალზე ყვითელი ფერის უიღბლო ტანსაცმლით გამოცხადების ნება მისცა და შედეგმაც არ დააყოვნა“. უცნაურია, მაგრამ რეალობა ის იყო, რომ ხუანიტოს სიტყვები მის დამოკიდებულებებს კარგად გამოხატავდა. იგი ცრუმორწმუნე გახლდათ და ერთხელ, კაზინოში ყოფნისას დასცინა თანაგუნდელს, რომელმაც რულეტკას თამაშისას ფსონი 13-ზე განათავსა, ხოლო როცა 13 ამოვიდა, ხუანიტომ კაზინო განრისხებულმა დატოვა.

„სამეფო კლუბმა“ 1985 და 1986 წლებში უეფას თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო და მიუხედავად სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვისა, ხუანიტო მაინც გუნდის ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩებოდა. ესპანელმა ვინგერმა ყველაფერთან ერთად მენტორის როლიც მოირგო და კლუბში ახლად მოსულ ფეხბურთელებს, რომელთაგან ერთ-ერთმა, მიჩელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი წაართვა, საჭირო რჩევა-დარიგებებს აძლევდა.

„რეალის“ გულშემატკივრები ხუანიტოს სწორედ მისი ხასიათისა და პიროვნული თვისებების გამო აფასებდნენ. უეფას თასის ზედიზედ ორჯერ მოპოვებას თან საოცარი ქამბექები ახლდა: „ანდერლეხტი“ - 6-1, „ინტერი“ - 3-0, „გლადბახი" - 4-0 და ისევ „ინტერი“ - 5-1. ხუანიტო ამ ქამბექების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო და მოგვიანებით მადრიდის „რეალის“ უტეხი სულის სიმბოლოდ იქცა.

მიჩელი იხსენებს: ყოველ წელს ერთი და იგივე ხდებოდა. სტუმრად ვაგებდით და შინ მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით ვამარცხებდით. მახსოვს, წაგებული შეხვედრების შემდეგ ხუანიტო გასახდელში შემოდიოდა და გვეუბნებოდა: სირცხვილია! როგორ შეიძლება ასეთი რამ დაუშვა! წარმოუდგენელია“! ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი პატარა და სუსტი აღნაგობის ფეხბურთელი გუნდის ასე მოტივირებას მოახერხებდა“.

განსაკუთრებით საინტერესო 1985 წლის დეკემბერში გამართული „რეალისა“ და „გლადბახის“ დაპირისპირება აღმოჩნდა. პირველი მატჩი მადრიდელებმა 5-1 წააგეს, თუმცა მეორე შეხვედრაში საოცრად იასპარეზეს და მეტოქე 4-0 დაამარცხეს. ხუანიტო ტრადიციულად „რეალის“ გამორჩეული მოთამაშე იყო. ამერიკულმა გაზეთმა ABC-მ ესპანელის შესახებ დაწერა: „შეუძლებელია უკეთ იასპარეზო - ხუანიტომ საოცარი შეხვედრა ჩაატარა!“ გამარჯვების შემდეგ „სამეფო კლუბის“ ვინგერმა ემოციები ვერ შეიკავა და როგორც ხორხე ვალდანო იხსენებს „ბლანკოსის“ ულტრასი ქომაგივით დახტოდა და წარმატებას ზეიმობდა:ხუანიტო უბედნიერესი იყო. აქეთ-იქით დარბოდა და გამარჯვებას ზეიმობდა. იგი ბერნაბეუს თილისმა გახლდათ, რომელიც მადრიდელებს სიგიჟემდე უყვარდათ“.

სიმბოლურია, რომ სწორედ მისი გამარჯვების დაუოკებელი წყურვილი აღმოჩნდა ის, რის გამოც ხუანიტო სკანდალში რამდენჯერმე გაეხვია. 1978-79 წლების სეზონში „რეალი“ ჩემპიონთა თასიდან „გრასჰოპერმა“ გამოაგდო. ხუანიტომ მატჩის მთავარ არბიტრს, ადოლფ პროკოფს, აშკარა თამაშგარედან გატანილი გოლის ჩათვლის გამო, მუშტი გაარტყა, რამაც მისი 2-წლიანი დისკვალიფიკაცია გამოიწვია. საბოლოოდ, გასაჩივრების შემდეგ აღნიშნული დრო გაანახევრეს.

1985-86 წლების სეზონში უეფას თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე ხუანიტომ „ქსამაქსის“ ფეხბურთელს და თავის ყოფილ თანაგუნდელს, ული შტილიკეს შეაფურთხა. ულიმ მოგვიანებით განაცხადა: „ვიცოდი, რომ რაღაც აუცილებლად მოხდებოდა. რეალში ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით, თუმცა კარგი ურთიერთობა არასდროს გვქონია“.

ხუანიტოსთვის რამის ახსნას აზრი არ ჰქონდა. მაინც არ მოგისმენდათ. ერთხელ სტუმრად თამაში გვქონდა და ავტობუსით მივდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ რეალის ხელმძღვანელები იქვე ისხდნენ, ხუანიტომ კორიდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ამოიღო და მისთვის თვალის დევნება დაიწყო. გაოგნებულნი დავრჩით, ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, თითქოს ხუანიტო კლუბის მმართველებს ეუბნებოდა: „ არ მაინტერესებს რას იზამთ, მე ამ ვიდეოს არ დავმალავ“, - ამბობს ანტონიო კამაჩო.

მათეუსის ინციდენტმა ხუანიტოს მადრიდულ კარიერას წერტილი დაუსვა. ბეენჰაკერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „მათეუსი სასიამოვნო პიროვნება ნამდვილად არაა, თუმცა როდესაც ასეთ დონეზე ასპარეზობ, პროფესიონალი უნდა იყო. ხუანიტოს საქციელი სამარცხვინოა“.

ესპანელმა კარიერა 1989 წელს, „მალაგაში“ დაასრულა. 3 წლის შემდეგ კი 37 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა...

ხუანიტოს სიკვდილს მთელი ესპანური საფეხბურთო სამყარო გამოეხმაურა. „ბარსელონას“ მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა განაცხადა: „ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც ეს ეპოქა განსაზღვრა“. „რეალის“ ექს-ფეხბურთელი, რაფაელ გორდილო კი ხუანიტოს სურათს დღემდე ყელსაბამით ატარებს.

„ბერნაბეუზე“ გამართული მატჩის ყოველ მეშვიდე წუთს Ultra Sur საყვარელ შვიდიანს სიმღერით იხსენებს - „Illa, illa, illa, Juanito maravilla”.

გაზიარება: